შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიაში გადაგზავნილია

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიაში გადაგზავნილია

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაგზავნილია. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ პასუხი კომისიიდან უფრო ადრე იქნება, ვიდრე უკრაინის შემთხვევაში.

„ჩემმა კაბინეტმა უკვე გადააგზავნა პროექტის ინგლისურენოვანი ვერსია ვენეციის კომისიაში და ეუთო/ოდირში, თხოვნით, რომ ერთობლივი დასკვნა მოგვაწოდონ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
ჩვენ ვამბობდით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უკრაინის კანონთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო გამოცემული და ჩვენ ამ დასკვნას გავითვალისწინებდით და ველოდით ამ დასკვნას. თუმცა ვხედავთ, რომ გარკვეული გაჭიანურებაა ამ დასკვნის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის, რომ ახლა ამ უკრაინულ კანონზე იმსჯელონ საქართველოს პარლამენტის მიმართვის საფუძველზე. არანაირი ცვლილება არ არის, იგივე კანონი გავგზავნეთ, რაც ისედაც არის ვენეციის კომისიაში. უკრაინის შემთხვევაში წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა ვენეციის კომისიას და ჯერჯერობით არ არის დასკვნა. ახლა იგივე ტექსტზე საქართველოსთან მიმართებით, იმედია, რომ მალე იქნება პასუხი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.