სამარცხვინო გამოდგა 4 ივლისის ევროსარბიელზე ქართული კლუბების თამაში. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენმა ორმა წარმომადგენლებმა საშინაო შეხვედრებში თავი ვერაფრით გამოიჩინეს.
საჩხერის “ჩიხურამ” თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვეიცარიის მეორე ლიგაში (ჩელენჯლიგაში) მოასპარეზე ”ვადუცს” უმასპინძლა და შეხვედრა 0_0 დაასრულა. 33 ათასიანი ჯუჯა-სახელმწიფოს, ლიხტენშტეინის გუნდის ყველაზე დიდი მიღწევა არაერთგზის მცდელობიდან ოთხჯერ შემდეგ ეტაპზე გასვლაა.
სტადიონზე მისული მცირერიცხოვანი მაყურებელი (1000-მდე მაყურებელი) იმაზე მიუთითებდა, რომ ქართველმა გულშემატკივრებმა ჩვენი კლუბების მიმართ ინტერესი და მათი იმედი საბოლოოდ დაკარგეს.
საჩხერელებმა იმდენად უფერულად ითამაშეს, მათი წაგება არავის გაუკვირდებოდა. სოსო ფრუიძის დარიგებულებმა კარისკენ ორჯერ დაარტყეს და ისე უსუსურად ცდილობდნენ შეტევას, თითქოს, რომელიმე საშუალო ევროპულ გუნდს ხვდებოდნენ.
განსაკუთრებით აღშფოთებელი მაინც ქუთაისელი გულშემატკივარი დარჩა. "ტორპედოსა" და სლოვაკეთის "ჟილინას" შორის გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა 0-3.
უფრო მნიშვნელოვანი ქუთაისური “მესამე ტაიმი” გახდა: ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა სლოვაკებთან წაგებით აღშფოთება უკიდურესი ფორმებით გამოხატეს, მატჩის შემდეგ "ტორპედოს" ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ, სკანდირებდნენ – “წადით! წადით!” და სკამების მტვრევა დაიწყეს. აგრესიის შეჩერება პოლიციამ სცადა და შეხლა-შემოხლა რამდენიმე ახალგაზრდის, მათ შორის, "ტორპედოს" ფანკლუბის წევრების დაკავებით დასრულდა. ისინი ქუთაისის პოლიციის განყოფილებიდან გვიან ღამით გაათავისუფლეს.
ქუთაისის "ტორპედოს" მეპატრონე კომპანია "ვისოლია". მან გუნდზე მზრუნველობა 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც "ტორპედო" პირველი ლიგიდან უმაღლესში დაწინაურდა. როგორ კომპანიის პიარ-სამსახური ამტკიცებს, გუნდის განვითარებისათვის ყოველწლიურად ოთხი მილიონი ლარი იხარჯება.
თავიდან, ქუთაისელები კომპანიის საქმიანობით კმაყოფილები იყვნენ. გუნდი გაძლიერდა და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ეროვნული თასის ფინალში გავიდა, ქვეყნის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ზედიზედ ორჯერ ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ყველაფერი წლეულს აირია. ამტკიცებენ, რომ თავის დროზე, “ვისოლი” საფეხბურთო გუნდს არც აიყვანდა, საქართველოს ხელისუფლებას რომ არ დაევალებინა. მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, “ვისოლს” პოლიტიკური წნეხი მოეხსნა და მისმა მეპატრონეებმა ფეხბურთიდან წასვლა ნაბიჯ-ნაბიჯ სცადეს. გაუშვეს მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე და რამდენიმე წამყვანი მოთამაშე: დათა რიგვავა, ბიძინა ცინცაძე, გიორგი ონიანი, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი გურული, გრიგოლ დოლიძე, გიორგი დათუნაიშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი ბერიაშვილი და ვალერი ბოლქვაძე.
მათ ნაცვლად, “ტორპედოში” გაურკვეველი კვალიფიკაციის ესპანელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი დანიშნეს. “ესპანიოლის” საფეხბურთო ცენტრის ყოფილი მწვრთნელი თბილისის “ლოკომოტივში” მუშაობდა და გუნდიდან 17-19 წლის ოცამდე მოთამაშე წამოიყვანა. მათი უმრავლესობა ასაკობრივი ნაკრებების წევრები არიან, მაგრამ დიდების ფეხბურთში გამოუცდელები არიან.
აღსანიშნავია, რომ კომპანია “ვისოლისა” და კლუბ “ლოკომოტივის” პრეზიდენტი, ლექსო თოფურია თანამშრომლობდნენ და ამის შედეგად განხორციელებული ტრანსფერებით ჩამოყალიბებულ ახალ გუნდს “ჯუნგლებმა” ქუთაისის "ლოკომოტივი" შეარქვეს. ამაში სიმართლის მარცვალი არის: “ვისოლის” დამფუძნელი “სილქ როად გრუპ” “ლოკომოტივის” დამფუძნებელიც გახლავთ.
ქუთათურთა ფან-კლუბმა "ჯუნგლებმა" "ტორპედოს" მფლობელის მუშაობაზე უკმაყოფილება ჯერ კიდევ ამ ცვლილებებზე გამოხატა.
"ვისოლმა" ქუთაისში კარგად დაიწყო მუშაობა და კლუბს ძველი ტრადიცია დაუბრუნა, თუმცა ახლა უკვე სწორედ ამ ტრადიციისა და ღირსების შელახვას ცდილობს. გუნდიდან გაუშვეს საქართველოში ყველაზე წარჩინებული მწვრთნელი გია გეგუჩაძე; დაიწყეს გუნდის გაახალგაზრდავება, ევროტურნირების წინ დაასუსტეს შემადგენლობა, მიიყვანეს 17-19 წლის ფეხბურთელები; ასევე გუნდიდან უშვებენ თითქმის ყველა ქუთაისელ ფეხბურთელს. არის საუბარი, რომ გუნდი ბაზას თბილისში, კერძოდ საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე დაიდებს.
ეს ყველაფერი "ტორპედოსა" და ქალაქის შეურაცხყოფაა. ქუთაისი საქართველოს ნაკრებს მუდამ უზრდიდა ნიჭიერ ფეხბურთელებს და ძნელი წარმოსადგენია, რომ "ტორპედოში" ადგილი ვერ გამოიძებნოს ადგილობრივი ფეხბურთელებისთვის. საუბრობენ, რომ 3 წლის განმავლობაში მუშაობს აკადემია, თუმცა, ამ დროის მანძილზე გუნდში მხოლოდ 2 ადგილობრივი გამოჩნდა.
ჩვენი მთავარი მოთხოვნაა: ქუთაისის "ტორპედო" გახდეს ქალაქისთვის შესაფერისი ამბიციებისა და მიზნების მქონე გუნდი. საამისოდ "ვისოლს" ძალიან ცოტა დრო აქვს. თუ კლუბის მფლობელი კომპანია ამ პირობის შესრულებას ვერ შეძლებს, უმჯობესი იქნება გაყიდოს კლუბი მასზე, ვინც "ტორპედოს" მაღალი მიზნების შესრულებაში დაეხმარება”.
... “ჟილინასთან” წაგებამ ქუთაისელთა მოთმინების ფიალა აავსო და მათმა რეაქციამაც არ დაახანა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ გულშემატკივრებს ვერც "ვისოლი ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტმა და ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა, ლევან ფხაკაძემ წაუყრუა:
- 4 ივლისს, ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე, სლოვაკურ "ჟილინასთან" წარუმატებელ თამაშს გულშემატკივართა ემოციური გულისწყრომა მოჰყვა, რასაც კლუბის მენეჯმენტი გაგებით ხვდება. ის ცვლილებები, რომელიც ბოლო პერიოდში ქუთაისის "ტორპედო " განიცადა, დადებით შედეგებს მოიტანს, მაგრამ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
კლუბის მენეჯმენტს სწამს, რომ მოთმინებითა და შრომით კლუბი მიაღწევს წარმატებას, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ასე ელოდება. ჩვენ გვინდა ვთხოვოთ და მოვუწოდოთ გულშემატკივრებს, ტრადიციულად, ჩვეული შემართებით გააგრძელონ კლუბის მხარდაჭერა და გავამხნევოთ ჩვენი ფეხბურთელები.
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებულია ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებით. კლუბის მენეჯმენტი განაგრძობს ზრუნვას სელექციის გზით გუნდის გაძლიერებისათვის და დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში ვიხილავთ იმ თამაშს, რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" ეკადრება.
- ჩვენ ვიღებთ მხოლოდ დაპირებებს, რომლებიც არ სრულდება, არ აშენებულა საფეხბურთო აკადემია, არ ითვალისწინებდნენ გულშემატკივრის აზრს და არც მნიშვნელოვანი ტრანსფერები განხორციელებულა. არადა, ევროღასებამდე შეგვპირდნენ, რომ ძლიერ უცხოელ ლეგიონერებს ჩამოიყვანდნენ და ეს პირობაც არ შეასრულეს. შედეგი კი ყველამ ნახა – სლოვაკეთის “ჟილინამ” პირწმინდად დაგვამარცხა, – ამბობს ერთ-ერთი ქუთაისელი გულშემატკივარი.
"ტორპედოს" ფანკლუბის წევრები მათ აღარ უსმენენ. მომხდართან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს და მკვახე განცხადება გააკეთეს, ისინი ითხოვენ, რომ გუნდის მეპატრონემ, კომპანია “ვისოლმა” კლუბი დაუყოვნებლივ დატოვოს.
- “ვისოლმა" ქუთაისის “ტორპედო” 3 წლის წინ შეისყიდა. მაშინ კომპანია კლუბში ისეთი ამბიციებით მოვიდა, როგორიც ქალაქს და გუნდს შეეფერება. თუმცა სულ მალე კურსს გადაუხვიეს. დროდადრო, "ვისოლის" მიმართ ხალხის უკმაყოფილება იზრდებოდა, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, კომპანია კლუბს სათანადოდ ვერ მართავდა. არ აშენებულა მათი დაპირებული აკადემია, არ განხორციელებულა დიდი კალიბრის ტრანსფერები, არ ხდებოდა გულშემატკივრების აზრის გათვალისწინება.
წლევანდელი ზაფხული კულმინაცია იყო. გუნდიდან გაუშვეს გამოცდილი მოთამაშეები და საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი გია გეგუჩაძე. სავარაუდოდ, შემადგენლობა თანხების დაზოგვის მიზნით გაახალგაზრდავეს და ესპანელი მწვრთნელი მოიყვანეს. რამაც შედეგი გუშინ საღამოს გამოიღო: არც ისე მაღალი კლასის გუნდთან, სლოვაკეთის “ჟილინასთან” საკუთარ სტადიონზე 0–3 დავმარცხდით.
უკანასკნელ პერიოდში კომპანია “ვისოლისა” და “ლოკომოტივის” პრეზიდენტ ლექსო თოფურიას თანამშრომლობამ შედეგად ქუთაისის "ლოკომოტივი" მოგვცა. ეს ყველაფერი ადგილობრივი ფეხბურთელების უკანა პლანზე გადაწევის ხარჯზე მოხდა.
თამაშზე გულშემატკივრები ღიად გამოვხატავდით უკმაყოფილებას "ვისოლის" მიმართ, რის შემდეგაც დაიწყო ზეწოლა პოლიციის მხრიდან. კომპლიქტი შეხლა–შემოხლაშიც გადაიზარდა და რამდენიმე გულშემატკივარი გვიან ღამემდე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, მათ შორის არასრულწლოვნებიც.
კლუბის პრეზიდენტი აცხადებს რომ ქუთაისში ამ 3 წლის განმავლობაში 30 მილიონი დაიხარჯა, რაც კლუბს ნამდვილად არ ეტყობა. განვითარებული მოვლენებით ქუთაისელი გულშემატკივრები თავს შეურაცყოფილად ვგრძნობთ და ვითხოვთ: კომპანია “ვისოლმა” და ლექსო თოფურიამ ქუთაისის “ტორპედო” მშვიდობიანად დატოვონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუთაისელი გულშემატკივრების მხრიდან ყველაფერს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ტორპედო ქუთაისელებისაა და არა რომელიმე კონკრეტული კომპანიის“, - ვკითხულობთ "ჯუნგლების" განცხადებაში.
ხელმეორედ ჩაკითხვა არ სჭირდება, ეს არის პირდაპირი მუქარა. ამგვარად, “ვისოლი” არჩევანის წინაშე დგას – ან გუნდი უნდა გააძლიეროს, გამოცდილი მოთამაშეები მოიყვანოს და ფულის დახარჯვით გულშემატკივართა გულები მოიგოს, ან “ტორპედო” უნდა დატოვოს.
ქუთაისი სხვა ქალაქია, იქ ჩასულს ადგილობრივზე მეტი მოეთხოვება, ზერელედ გუნდთან მოპყრობის უფლებასაც არავის მისცემენ.