ნიკა მელია:  მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე ერთიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია - სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების ნაწილი კვლავაც განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას

ნიკა მელია: მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე ერთიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია - სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების ნაწილი კვლავაც განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე ერთიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. რატომღაც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების ნაწილი კვლავაც განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას, რაც არ ემსახურება არც საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციას და შესაბამისად - არც შედეგს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ზე წერს.

ნიკა მელია გავრცელებულ განცხადებაში, აცხადებს, რომ სრულად იზიარებს მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის პოზიციას პროცესის დეპოლიტიზაციის თაობაზე და იმედოვნებს, რომ მოსამართლე ჰუმანურ გადაწყვეტილებას მიიღებს, სხვა შემთხვევაში კი "გადამწყვეტ ბრძოლას" აანონსებს.

მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში "ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება".

"სრულიად ვიზიარებ და ვიზიარებდი მიხეილ სააკაშვილისა და მისი უფლებადამცველების პოზიციას სასამართლო გადაწყვეტილებამდე პროცესის დეპოლიტიზაციის თაობაზე.

ამ ეტაპზე, როგორც ჩვენი, ისე უფლებადამცველებისა და ოჯახის წევრების მთავარი საზრუნავი იყო და არის სასამართლოში შუამდგომლობის დროულად შეტანა, საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება და ჩართვა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის პროცესში.

ვიტოვებ იმედს,რომ მოსამართლე გამოიტანს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ მითქვამს, როგორც ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება სწორედ სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, რადგან უკანონობას და უსამართლობას არ/ვერ შევეგუებით და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება.

მანამდე კი, ერთიანი ნაციოლური მოძრაობის სახელით ვაცხადებ, რომ ვიქნებით ყველგან, სადაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვენ.

მსურს კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას ერთობის უდიდესი მნიშვნელობა - ძალა ერთობაშია", - წერს მელია.