„რკინისებური ლოგიკა“

„რკინისებური ლოგიკა“

ერთ ზაფხულს თბილისურ სიცხეს გაქცეული ბატონი სერგო ზაქარიაძე ფასანაურს აფარებდა თავს. იგი სტუმრობდა იმხანად ახალგაზრდა მსახიობის, ფასანაურელი იაკობ ტრიპოლსკის ოჯახს. ეს ეპიზოდიც ბატონი იაკობის მოყოლილია:

„დილაა, კარზე აკაკუნებენ. ბატონი სერგო შეეგება სტუმარს. მის წინ დგას მთიელის ტანსაცმელში გამოწყობილი მოხევე, გასაყიდი ქილა ერბოთი ხელში.

- რამდენი გინდა მაგაში? - ეკითხება ბატონი სერგო.

- სამ მანათ მინდა! - უპასუხა.

ბატონ სერგოს ძალზე ეიაფა, ამოიღო სამმანეთიანი და აჩვენებს.

- აი, ეს გინდა მაგაში?

- ჰო, ეგა, - უპასუხა მოხევემ.

ბატონმა სერგომ გამოართვა ქილა, მისცა ფული და სთხოვა, რომ რამდენიმე დღეში ერბო კიდევ მოეტანა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ გამოჩნდა ის მოხევე ქილა ერბოთი. მისალმებისა და მოკითხვის შემდეგ ბატონმა სერგომ ამოიღო ჯიბიდან სამმანეთიანი და მიაწოდა:

- სამ მანათ არა, ხუთ მანათ მინდა! - ამბობს მოხევე.

- კი მაგრამ, ის ქილა რომ სამ მანეთად მომყიდე, ახლა რატომ გააძვირე?

- მაშინ სამ მანათ მჭირდებოდა, ახლა ხუთ მანათ მჭირია!

ვერაფერი დაუპირისპირა ბატონმა სერგომ მოხევის ლოგიკას, ამოიღო ხუთმანეთიანი და გაუწოდა”.