არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: რაც დათესეს, იმას იმკიან - იმუქრებოდნენ რიგგარეშე არჩევნებით და საკუთარ პარტიაში აქვთ არჩევნები, ითხოვდნენ მთავრობის გადაყენებას და საკუთარი პოლიტიკური ლიდერის გადაყენებით არიან დაკავებულები

არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“: რაც დათესეს, იმას იმკიან - იმუქრებოდნენ რიგგარეშე არჩევნებით და საკუთარ პარტიაში აქვთ არჩევნები, ითხოვდნენ მთავრობის გადაყენებას და საკუთარი პოლიტიკური ლიდერის გადაყენებით არიან დაკავებულები

მათ აქვთ ერთი კრედო - საკუთარი გაფუჭებული ურჩევნიათ სხვის გაკეთებულს. ეს დამოკიდებულება ჩანს ყველაფერში. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტისაზოგადოებრივი პოლიტიკური რადიკალური ჯგუფი, აქამდე ე.წ. მთავარი ოპოზიცია, თუმცა დღეს დაშლის პირას მისული პარტია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პარტიაში არსებული დაჯგუფებები ცდილობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით ივაჭრონ და ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, იუსტიციის მინისტრის დღევანდელი ბრიფინგით გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის მაღალი სტანდარტი დაცული და არის მზადყოფნა, რომ სააკაშვილმა, ისევე როგორც სხვა პატიმრებმა, მიიღონ ადეკვატური სამედიცინო მომსახურება.

„ისინი ტკეპნიან საკუთარ მძიმე პოლიტიკურ ბიოგრაფიას და ცდილობენ, რომ ხალხს ხელახლა მიჰყიდონ და ხალხი დაარწმუნონ, თუმცა საკუთარ ამომრჩევლებსაც აღარ სჯერათ მათი. ზუსტად ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება გახლავთ ის, რომ „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა დაჯგუფებები ცდილობენ ივაჭრონ მათივე თანაგუნდელის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჩაუვარდათ ყველაფერი ნაცარში - არეულობა უნდოდათ, ცდილობდნენ ქვეყანა ჩაერთოთ ისეთ პროცესში, რაც დამღუპველი იქნებოდა, ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეელახათ ევროპაში და დღემდე აგრძელებენ ამ ყველაფერს. სინამდვილეში, რაც დათესეს, იმას იმკიან. იმუქრებოდნენ რიგგარეშე არჩევნებით და აგერ საკუთარ პარტიაში აქვთ რიგგარეშე არჩევნები, ითხოვდნენ პოლიტიკური ლიდერების გადაყენებას და დღეს საკუთარი პოლიტიკური ლიდერის გადაყენებით არიან დაკავებული; ისინი აანონსებდნენ ცხელ შემოდგომას, თუმცა როგორც ხედავთ, საკმაოდ ნორმალური კლიმატია.

შიგნით მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მემკვიდრეობის - შავი ფულის, ტელევიზიებზე გავლენის გადანაწილების პროცესი, კეზერაშვილის გაყოფის პროცესი, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ იქნება უფრო კომიკური და აგრესიული. სხვათა შორის, ჩემი ვარაუდია, რომ ნიკა მელია უახლოს დღეებში ისაუბრებს უფრო მეტს, გამოვა და თავად მოჰყვება, როგორ აძალებდნენ ეს ლიდერები, რომლებიც ახლა მოხსნას უპირებენ, წასულიყო კანონის წინააღმდეგ, როგორმე შესულიყო ციხეში და ამით გამოეწვიათ დესტაბილიზაცია. სინამდვილეში, სააკაშვილის საკითხიც არის ამ გაკოტრებული დღის წესრიგიდან გამოსვლის მცდელობა. მათ არ ჰყავთ მომავლის ლიდერი, არ აქვთ მომავლის გეგმა, ამიტომ ისევ სააკაშვილის ჯანმრთელობით ცდილობენ დაძაბონ სიტუაცია და დაძაბონ ჩვენი საზოგადოება.

მინისტრის ბრიფინგზე გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არის მაღალი სტანდარტი დაცული და სახელმწიფოს მხრიდან, როგორც სხვა პატიმრებზე, ასევე სააკაშვილის შემთხვევაში არის მზადყოფნა, რომ მან მიიღოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება“, - აცხადებს თალაკვაძე.