ხატია დეკანოიძე ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე: ახლა, როცა სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნა და შუამდგომლობა უნდა შევიდეს, რაღაცნაირი აქტიურობა დამაზიანებელი არ იყოს, რადგან სააკაშვილის გაცხადებული პოზიცია ვიცით

ხატია დეკანოიძე ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე: ახლა, როცა სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნა და შუამდგომლობა უნდა შევიდეს, რაღაცნაირი აქტიურობა დამაზიანებელი არ იყოს, რადგან სააკაშვილის გაცხადებული პოზიცია ვიცით

ჩემი პოზიციაა, რომ ახლა, როცა სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნა და შუამდგომლობა უნდა შევიდეს, რაღაცნაირი აქტიურობა დამაზიანებელი არ იყოს, რადგან მიხეილ სააკაშვილის გაცხადებული პოზიცია ვიცით, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საკითხი დადგება, მივა.

"მე ჩემი პოზიცია ამაზე ვუთხარი ყველას, ვისაც ჩემს ძალიან ახლო მეგობრად ვთვლი. ახლა, როცა სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნა და შუამდგომლობა უნდა შევიდეს, მიმაჩნია, რომ რაღაცნაირი აქტიურობა დამაზიანებელი არ ყოფილიყო, რადგან მისი პოზიცია ვიცით გაცხადებული. ახლა მთელი ფოკუსი უნდა იყოს იმაზე, როდის შევიდეს სასამართლოში შუამდგომლობა, თორემ, სადაც იქნება სააკაშვილის უფლებებზე საუბარი, მეც მივალ და ყველა მივა, ჩვენ ყველას გვევალება, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება დავასრულოთ,"- განაცხადა დეკანოიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესებს ყურადღება სხვაგან გადააქვს, მაშინ, როცა მთავარი ყურადღება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე უნდა იყოს. ამასთან დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესები პარტიას არ აძლიერებს.

"მიხეილ სააკაშვილი გუშინ მოვინახულე, პარტიულ პროცესებზე არ გვისაუბრია, ის ისეთ მდგომარეობაში არ არის, რომ პოლიტიკაზე ვესაუბრო. ჩემი შთაბეჭდილება ძალიან მძიმე იყო და მიზანშეწონილად არ ჩავთვალე, რომ პარტიაში პროცესებზე კომენტარი გამეკეთებინა.

მაშინ, როცა ახლა მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა, ყურადღების გადატანა და პარტიაში არც თუ ისე სასიამოვნო პროცესების განვითარება არის ამ თემიდან მოცილების ერთ-ერთი წინაპირობა ბუნებრივად. ამიტომ, ჩემი მეგობრების მსგავსად ოპტიმისტურად განწყობილი არ ვიქნები (არ მიყვარს მხარეებად დაყოფა, მაგრამ ორივე მხარეს ვგულისხმობ, სადაც ჩემი მეგობრები არიან), რომ ეს პროცესი პარტიას აძლიერებს, რადგან რაც ხდება ახლა, პარტიას არ აძლიერებს. თუ ეს პროცესი წარიმართება დემოკრატიულად, მათ შორის იმ სტანდარტებით, რომელიც ყველა ჩვენგანს სურს, რატომაც არა, ამან შეიძლება პარტიის გაძლიერებას შეუწყოს ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი სახის დაქსაქსვა პარტიისთვის დამაზიანებელი იქნება,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იგეგმება.