გასული კვირის ყველაზე აქტუალური თემა ნინი ბადურაშვილის ოჯახური სკანდალი იყო. თითქმის ყველა მედიასაშუალება ამაზე წერდა, ინტერნეტსაიტებზე ამ თემამ ნახვის კუთხით ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ქართველებს ხომ სხვისი ცხოვრების წვრილმანები განსაკუთრებით გვაინტერესებს, მით უმეტეს სკანდალები, ქართული შოუბიზნესი კი სკანდალების ნაკლებობას არ უჩივის. ამიტომაც შოუბიზნესის სკანდალების ათეული ქართულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით შევადგინეთ. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველ ადგილზე ნინი ბადურაშვილის ოჯახური სკანდალია.
ნინი ბადურაშვილის ქორწინება სკანდალით დასრულდა. მომღერალმა ირაკლი კუტალაძეზე ოქტომბერში იქორწინა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. წყვილის დაშორების შესახებ თბილისში დიდი ხანია ჭორაობენ, თუმცა მომღერლის ოჯახის წევრები ამას კატეგორიულად უარყოფდნენ. ერთ მშვენიერ დღეს კი ჟურნალ "თბილისელებში" დაიბეჭდა ირაკლი კუტალაძის სკანდალური ინტერვიუ. კუტალაძის თქმით, ნინის მიზანი კანონიერი გათხოვება და კანონიერ ქორწინებაში ბავშვის გაჩენა იყო და არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ მეუღლეს შეურიგდეს. მომღერალი ამ დრომდე პრესასთან დუმილს ამჯობინებს. "ფეისბუქის" გვერდზე კი თანადგომისთვის სამადლობელ სიტყვებს არ იშურებს. ერთ კვირაში ნინი ქალიშვილს ელოდება და სავარაუდოდ, მომდევნო კვირაშიც ბადურაშვილი-კუტალაძის ცხოვრება ისევ საზოგადოების განსჯის საგანი იქნება.
ლალი მოროშკინა და თაკო ფხაკაძე. ლალი მოროშკინასა და "პრაიმ ტაიმის" რედაქტორსა და დამფუძნებელ თაკო ფხაკაძეს შორის ინციდენტი 2011 წელს "ნანუკას შოუს" საახალწლო გადაცემის ჩაწერისას მოხდა. ლალი მოროშკინა და ნუკი კოშკელიშვილი "პრაიმ ტაიმის" გამოკითხვის შედეგად ყველაზე უგემოვნო ქალის ნომინაციაში მოხვდნენ. მოროშკინა ამბობდა, რომ ნომინაციის გამოცხადების შემდეგ დაინახა, თუ როგორ ქირქილებდა მასზე თაკო ფხაკაძე, ეს ვერ აიტანა და ამიტომაც თაკოს მისი "მუშტი მოხვდა ყბაში". "მე მივეცი შანსი ნანუკას, საახალწლო გადაცემა მართლაც საახალწლო გამოსულიყო, მაგრამ მან ეს ვერ გამოიყენა და ყველაზე უგემოვნოდ დამასახელა, მაჩუქა რაღაც საშინელი თოჯინა, ამის გამო მიიღო გადაცემის ჩაშლა. თაკოს კი ხშირად ვეუბნებოდი, რომ ნუ წერდა თავის ყვითელ ფურცლებზე ჩემ შესახებ, მაგრამ ვერ გაიგო, თან ამ გადაცემის ჩაწერაზე ისეთი უგემოვნო, ყვითელი კაბით მოვიდა, მისგან ჩემზე ქირქილი აუტანელი იყო. როცა მივდიოდი ჯილდოს ასაღებად, თაკო ფხაკაძემ დამცინავად ჩაიცინა. ნანუკას ვთხოვე, რომ სიტყვის უფლება მოეცა. ვთქვი, რომ ალბათ, თაკო ფხაკაძე ვერ შედგა როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, როგორც პიროვნება და შურს ყველა ქალის, რომელიც თავისით იკვალავს გზას და არა გიგი უგულავას დახმარებით-მეთქი. მომიტივეთ, სხვა გზა არ მქონდა. როცა დავბრუნდი ჩემს ადგილზე და ყურში ჩამესმა თაკოს ქირქილი, ამას ვეღარ გავუძელი და ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მე მას ხელით შევეხე", _ აცხადებდა მოროშკინა. მანდილოსნების მუშტი-კრივში ცივი იარაღი _ ჩანგალიც ფიგურირებდა. ფხაკაძის თქმით, ის სიკვდილისგან ჩანგლის სიბლაგვემ იხსნა. ფაქტი ერთია, მოროშკინას მოქნეულმა ჩანგალმა საზოგადოება დიდხანს ალაპარაკა. ლალიმ კი მომხდარის გამო 15-დღიანი პატიმრობა მოიხადა.
ია ფარულავა და ფადი ასლი. ია ფარულავასა და ბიზნესმენ ფადი ასლის ხუთწლიანი თანაცხოვრება კრახით დამთავრდა, არადა, ბომონდი ძნელად თუ წარმოიდგენდა ამ ურთიერთობის დასასრულს, რადგან წყვილი ძალიან ბედნიერი ჩანდა. მათი ოჯახური თანაცხოვრების დასრულების შესახებ ფადი ასლიმ პირველად ჟურნალ
"გზასთან" ინტერვიუში ისაუბრა. ფადი ასლი და მისი ახალი მეუღლე ანა ონიანი "ნანუკას შოუსაც" სტუმრობდნენ. ამბობდნენ, მსახიობმა ფადისთან დაშორება უმტკივნეულოდ გადაიტანაო.
თაკო გაჩეჩილაძე და ია ფარულავა. თაკოსა და ია ფარულავას შორის შელაპარაკება პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებზე" მოხდა. ია ფარულავა თაკო გაჩეჩილაძის გამოსვლას ყოველთვის დაბალი ქულით აფასებდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფარულავამ გაჩეჩილაძის გამოსვლას "დაუნი რობოტის" გამოსვლა უწოდა. დაპირისპირებამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და დიდხანს განიხილებოდა მედიაში.
შორენა ბეგაშვილი და დავით ბაგრატიონი. შორენა ბეგაშვილისა და დავით ბაგრატიონის ურთიერთობის შესახებ მთელი საქართველო ლაპარაკობდა. პრესაში იწერებოდა - ახალშექმნილი სამეფო ოჯახის დაშლა შორენა ბეგაშვილის სახელს უკავშირდებოდაო. საბოლოოდ, დავითი ცოლს, ანა ბაგრატიონს შეურიგდა და საერთო შვილსაც ერთად ზრდიან.
მარინა ბერიძე და ეკა კვალიაშვილი. მარინა ბერიძესა და ეკა კვალიაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ პრესაშიც დაიწერა. ამბობდენ, ეკა კვალიაშვილმა მარინა ბერიძეს საფერფლე ესროლა, რადგან რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენო.
მარკუს მეტრეველის ოჯახური სკანდალი. მარკუს მეტრეველის ოჯახური ამბები დიდხანს ირჩეოდა პრესის ფურცლებზე. ცოლ-ქმარი პირადი ცხოვრების შესახებ საქვეყნოდ საუბარს არ ერიდებოდა. ჟურნალ "რეიტინგში" მარკუსის ყოფილი მეუღლე ოჯახის დანგრევას მომღერლის ორიენტაციას უკავშირებდა. მარკუს მეტრეველის ყოფილი ცოლის თქმით - "მარკუს მეტრეველი გეია".
თიკო სადუნიშვილი და თიელი. თიკო სადუნიშვილი შოუბიზნესის კიდევ ერთი სკანდალური პერსონაა. მის გარშემო ყოველთვის რაღაც ახალი ხდება. ყველას კარგად ახსოვს საახალწლო ღამე, როდესაც მან ლევან ჩიჩუას, იგივე თიელს სცენაზე ტუჩებში აკოცა. ჟურნალ "რეიტინგში" თიელი ირწმუნებოდა, რომ ეს დადგმული, ხელოვნური კოცნა იყო. "როდესაც ფილმში მსახიობები ერთმანეთს კოცნიან, მერე განიხილავენ, მოეწონათ თუ არა ერთმანეთის კოცნა. როცა არტისტი ხარ, უნდა გააკეთო ეს და მერე განხილვა არ უნდა დაიწყო. თიკოს ეს გაუტყდა, ეტყობა". თიელს ამ კოცნამ შეყვარებული დააკარგვინა. "ნანუკას შოუში" თიელი შეყვარებულის წინაშე მუხლებზე დაეცა და პატიება ისე სთხოვა. სადუნიშვილი კი პარალელურად იმას არკვევდა, ჰყავდა თუ არა ლევან ჩიჩუას შეყვარებული, რომელთანაც, ამ ამბის შემდეგ ურთიერთობა გაუფუჭდა. სკანდალმა პრესიდან ტელეეკრანზე გადაინაცვლა და კარგა ხანს არჩევდნენ მომხდარს.
ჯგუფი "ელდრაინი". ჯგუფი "ელდრაინი" შემოქმედებით ასპარეზზე გამოჩენისთანავე სკანდალებში გაეხვია. "ელდრაინის" გარშემო სკანდალი 2011 წელს აგორდა. კონკურსში გამარჯვების შემდეგ ევროვიზიაზე საქართველო ჯგუფ "ელდრაინს" უნდა წარედგინა. ჯგუფი კონკურსისთვის მზადებას განაგრძობდა, მაგრამ სოლისტმა თაკო ვადაჭკორიამ კონტრაქტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ ჯგუფში სოლისტი შეიცვალა. ევროვიზიაზე თაკოს ნაცვლად სოფო ტოროშელიძე გაემგზავრა. "ელდრაინმა" ევროვიზიაზე მეცხრე ადგილი აიღო. ამჟამად ჯგუფი სულ სხვა შემადგენლობით აგრძელებს მოღვაწეობას.