„ჩვენ დიდი ხანია ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ძალადობა ჩვეულ ნორმად იქცა, ოჯახი საზოგადოების ძირითადი ნაწილია და, შესაბამისად, ძალადობა სარკისებურად ოჯახში გადადის“

„ჩვენ დიდი ხანია ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ძალადობა ჩვეულ ნორმად იქცა, ოჯახი საზოგადოების ძირითადი ნაწილია და, შესაბამისად, ძალადობა სარკისებურად ოჯახში გადადის“

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობამ იმატა და ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკა, რომელსაც პროკურატურა აქვეყნებს. 2022 წლის 8 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 88% შეადგინა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 4591 პირის მიმართ.

ფემიციდი საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად დასჯადია. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გენდერის ნიშნით ჩადენილი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრა და მკაცრი სასჯელი დაწესდა. გენდერის ნიშნით, ასევე ოჯახური ნიშნით ჩადენილი ქალის განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. 2014-2022 წლებში ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა, ოჯახური ნიშნით - 92 ქალის მკვლელობა, ხოლო სხვა მოტივით - 94 ქალის მკვლელობა. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა, მათ შორის ოჯახური ნიშნით - 79 ქალის მკვლელობის მცდელობა, ხოლო სხვა მოტივით - 50 ქალის მკვლელობის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების შედეგად, 2014 წლიდან 2020 წლამდე ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი შემცირებული იყო, 2020 წელს ისევ დაფიქსირდა ზრდა, ხოლო 2021 წელს დაფიქსირებულია კვლავ კლება. 2020 წელს „კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, ლოქდაუნის პირობებში, მთელ მსოფლიოში გაიზარდა ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევები.

25 ნომებრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოც შეუერთდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადებაც გაავრცელა.

„საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება“...

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვამდე ერთი დღით ადრე, თერჯოლაში ტრაგედია დატრიალდა - ქმარმა ცოლი მაღაზიაში დაწვა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. თუმცა, დაახლოებით ერთი თვით ადრე ფემიციდის კიდევ ერთი ტრაგედია კახეთში დატრიალდა, როდესაც მოძალადე კაცი მოსამართლემ ციხიდან გამოუშვა, მეორე დღეს, მან ცოლი შვილების თანდასწრებით მოკლა.

ქალთა ძალადობის მიმართ მკაცრი კანონი კი არსებობს, თუმცა უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აღიარებს, რომ ფემიციდთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე კანონი კიდევ გასამკაცრებელია.

„თერჯოლაში შემზარავი ფაქტი მოხდა, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა. ამ ფაქტმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა ფემიციდი თუ რა დიდ გამოწვევად რჩება. მსგავსი პრობლემებისგან განვითარებული ქვეყნებიც კი დაცული არაა. როგორც ვხედავთ, მხოლოდ შემაკავებელი ორდერი საკმარისი არაა იმისთვის, რომ ასეთი შემზარავი ფაქტებისგან თავი დავიცვათ. მეორე მხრივ, ასევე აღსანიშნავია ის, რომ რამდენადაც არ უნდა გაძლიერდეს საკანონმდებლო ზეწოლა და აღსრულების ეფექტურობა, სამწუხაროდ, საზოგადოებაში თეორიულად შესაძლებელია ასეთი შემთხვევები მაინც მოხდეს. ამიტომ, ყველანი ძალიან ფხიზლანდ უნდა ვიყოთ. პირველ რიგში საგანმანათლებლო კუთხით სამუშაოებია ჩასატარებელი, რათა მსგავსი ფაქტებისგან მაქსიმალურად შევეცადოთ საზოგადება დავიცვათ. ზოგდად, ცნობადობის ამაღლება უნდა იყოს ყველაგან, ყველა სეგმენტში. პარალელულად, პარლამენტში ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, განსაკუთრებით სტამბულის რატიფიკაციის შემდეგ - ქალთა უფლებების დაცვა აყვანილია უმაღლეს ხარისხში. თუმცა, პრევენციულად დაცვა მაინც ვერ ხერხდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო სივრცე კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს და სადაც შესაძლებელია როგორც პრევენციული, ასევე აღსრულებითი მექანიზმები ქალთა უფლებების დასაცავად უნდა გაძლიერდეს“- განუცხადა უმრავლესობის წევრმა for.ge-ს.

კითხვაზე სასამართლო მიდგომა უნდა გაკაცრდეს თუ არა მოძალადე მამაკაცების მიმართ, დავით მათიკაშვილი ასე გვპასუხობს: „როდესაც ვსაუბრობდი ცნობადობის ამაღლებაზე, სწორედ მართლმსაჯულებისა და დამოუკიდებელი ორგანოების მიმართ უნდა იქნეს კიდევ უფრო მეტად გადადგმული ნაბიჯები. მათი ხედვა ფემიციდის დანაშაულის მიმართ უნდა იყოს მოყვანილი იმ შესაბამისობაში, რომელიც საზოგადოებისთვის აუცილებელია. მოსამართლე, რომელიც დაეყრდნო ერთ მტკიცებულებას და არ დაეყრდნო მეორეს, ამის გამო სამწუხარო შედეგი მივიღეთ. სასამართლო დამოუკიდებელი ხელისუფლების შტოა და ის მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას. ცხადია, მხოლოდ ისეთ საკანონმდებლო სივრცეს ვერ დავუტოვებთ მოსამართლეს, რომ მარტო ერთი სახის გადაწყვეტილება მიიღოს. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და მას ინდივიდუალური მიდგომა სჭრდება. რა თქმა უნდა, არ უარვყოფ, რომ საკანონმდებლო დონეზეც გადასახედია, გარდა ამისა საჭიროა მოსამართლეებთან მუშაობა ცნობადობის ასამაღლებლად, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან ავირიდოთ. როდესაც დანაშაულის შემთხვევისას აღკვეთის ღონისძიება ხდება, იყოს ისეთი აღკვეთის ღონიძიება გამოყენებული, რომელიც მსხვერპლს შემდგომი ძალადობისგან დაიცავს“.

იურისტი ლევან ალაფიშვილი მარტო ქალთა მიმართ ძალადობაზე არ საუბრობს, მისი თქმით საქართველოში სიძულვილის ენა დამკვიდრდა. კონკრეტულად კი იურისტი ხაზს უსვამს, როგორც ცხოველების მიმართ, ბავშვების მიმართ ძალადობაზე და, ასევე პოლიტიკოსების მხრიდან სიძულვილის ენაზე ამახვილებს ყურადღებას.

„პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ თელავში მომხდარ ამბავზე, როდესაც მოსამართლემ გირაოთი მოძალადე გაუშვა. იმ მოსამართლეს სხვა არჩევანი არ ჰქონდა. სამწუხაროდ, თავად დაზარალებულის წერილობითი თანხმობა იყო. ასე რომ, მოსამართლე კი არ არის პრობლემა, რომელმაც პატიმრობიდან გაათავისუფლა, არამედ პრობლემა არის გარემო და კანონმდებლობა, რომელიც ჯეროვანი არ არის და რომელიც ასეთ შეცდომებს უშვებს. მოსამართლეს გულითაც რომ უნდოდეს, ასეთ შემთხვევაში შეზღუდულია. როდესაც მოსამართლეს კანონში ჩანაწერი აქვს, რომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა როგორც უკიდურესი ღონისძიება მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს და დაზარალებულის თანხმობა, რომ არ გამოიყენოს, ამ შემთხვევაში ისრების მოსამართლისკენ მიმართვა არაა სწორი. თუმცა, პრობლემა საზოგადოებაშიც არის. ჩვენ დიდი ხანია ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ძალადობა ჩვეულ ნორმად იქცა. ვძალადობთ ყველგან, სადაც შეგვიძლია. ისედაც მძიმე სოციალურ დაძაბულ პოლიტიკურ პირობებში, ძალადობის გამოვლენა სხვადასხვაგვარია. საზოგადოების ძირითადი ნაწილი ოჯახია, შესაბამისად სარკისებურად ძალადობა ოჯახში გადადის. ასე რომ, ამაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ, მარტო ამ 16 დღის განმავლობაში არა. დღე უნდა იწყებოდეს „არა ძალადობით“ - აღნიშნა ალაფიშვლმა.

იურისტი for.ge-თან ასევე განმარტავს, რა დროს დგება მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი და რამდენად დაცულია მსხვერპლი იმ მოძალადისგან, რომელსაც შემაკავებელი ორდერი გააჩნია.

„შემაკავებელი ორდერი მუშაობს ასე - პირი, რომლის მიმართაც გამოყენებელია შემზღუდავი ღონისძიება და ის არღვევს ამ ღონისძებას, მეორე პირი მიმართავს სამართალდამცველებს, პოლიციამ კი ოპერატიულად უნდა იმოქმედოს. სავარაუდოდ, თერჯოლაში მომხარი შემთხვევის დროს შეიძლება მსხვერპლმა ვერ მოასწრო პოლიციაში დარეკვა. თერჯოლის ამბის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო უკვე საუბარი ე.წ. სამაჯურის გამოყენებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუკი მსვერპლი აქამდე ვერ ასწრებს პოლიციაში დარეკვას, სამაჯურის გამოყენების დროს პოლიცია თავად გააკონტროლებს მოძალადეს, სადაც არ უნდა იყოს ის და სამართალდამცველი ოპერატიულად აღკვეთავს დანაშაულს“.