თუ სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, ეს ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია მკვეთრად მოიმატებს, - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი.
როგორც მან „ქრონიკასთან“ საუბრისას თქვა, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, ის გარე ძალების გადაწყვეტილებას დაჰყვეს და ნიკა გვარამია შეიწყალოს.
„როცა ქალბატონმა სალომემ BBC-ს პირველად მისცა ინტერვიუ, პირველად გამოჩნდა სიმპტომები, რომ ის აპირებდა, გადაეხვია თავისი სიტყვისთვის - რომ არასდროს არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. გასაგებია, რომ, ამ შემთხვევაში ის თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, ის ემორჩილება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც გარედან სთავაზობენ. მეორე სიმპტომი ახლა გამოჩნდა, როდესაც ქართულმა ენჯეოებმა შარლ მიშელს მიმართეს, რათა მან პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შესაწყალებლად მიმართოს. ეს, რაღაცნაირად, სალომესთვის სახის შენარჩუნების მცდელობაა - თუკი შარლ მიშელი (ე.ი. ევროპა) სთხოვს, უბრალოდ, მათ ანგარიშს გაუწევს და [ნიკა გვარამიას] შეიწყალებს. ამის სიმპტომები უკვე გამოჩნდა და ეს ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა.
იმედი მაქვს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გონიერება ეყოფა და ამას არ გააკეთებს, მაგრამ თუ ის ამას გააკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად მოიმატებს პოლარიზაცია. შარლ მიშელზე განსაკუთრებული გავლენა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს - ევროკავშირის დერეფნებში მას ხშირად უწოდებენ ამერიკის ტროას ცხენს, რომელიც ევროკავშირში ამერიკის ინტერესებს ასრულებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. ზურაბიშვილის განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ ამ შეთხვევაში სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება.