მიმდინარე საზაფხულო საფეხბურთო სატრანსფერო ფანჯრის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ურუგვაის ეროვნული გუნდისა და „ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებდა.
სამხრეთ ამერიკელის ყიდვა ლონდონის „ჩელსის“, ამავე ქალაქის „არსენალსა“ და მადრიდის „რეალს“ სურდათ.
წინა თვეს ფეხბურთელმა ბრაზილიაში ჩატარებულ კონფედერაციათა თასზე ჩინებულად იასპარეზა და საკუთარი საბაზრო ფასი ერთი ორად გაზარდა.
გუშინ საღამოს გამოცემას „Goal.com” „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი ესაუბრა. მერსისაიდული გუნდის დამრიგებლის ინფორმაციით, ლუის სუარესი არ იყიდება. უფრო მეტიც, უახლოეს მომავალში კლუბი მას ახალ გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას შესთავაზებს.
სამხრეთ ამერიკელს „ლივერპულთან“ გაფორმებული კონტრაქტი სამი წლის შემდეგ უსრულდება. ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ფეხბურთელი ამჟამინდელ გუნდს საკუთარ ბედს კიდევ ორი წლით დაუკავშირებს.