აშშ-ში ლაბორატორიული ხორცის გაყიდვა იწყება. ამერიკის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ ლაბორატორიული ხორცის გაყიდვა დაამტკიცა. როგორც ირკვევა, კალიფორნიაში დაფუძნებული UPSIDE Foods-ი მუშაობს უჯრედული კულტივირებით ლაბორატორიაში გამოყვანილი ქათმის ხორცის წარმოებაზე. UPSAID Foods-ის გარდა არის სხვა კომპანიებიც, რომლებმაც გამოიყენეს იგივე მიდგომა, რათა დააკმაყოფილონ ბაზარზე არსებული მოთხოვნა ცხოველის ხორცზე მათი დაკვლის გარეშე.
„ხორცი ცხოველების გარეშე“ როდის გამოჩნდება საქართველოში, არავინ იცის. ბოლომდე არც ის არის გამოკვლეული, მოახდენს თუ არა ხელოვნური ხორცის მიღება ნეგატიურ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ საქონლის უჯრედიდან ხელოვნური ხორცის გამოყვანის ტექნოლოგია უკვე დიდი ხანია ცნობილია. ხელოვნური ხორცი ფასტ-ფუდის მენიუში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. დღესდღეობით მცენარეული ხორცის ბაზარი წელიწადში 8,4%-ით იზრდება. წინასწარი პროგნოზით, 10 წლის შემდეგ მსოფლიოში მოხმარებული ხორცის 10% ხელოვნური იქნება.
ხელოვნური ხორცის მოხმარება ერთდროულად რამდენიმე პრობლემას გადაწყვეტს - დედამიწაზე არსებულ შიმშილსა და ატმოსფეროს დაბინძურებას შეამცირებს. სასათბურე გაზების 14,5% გამოყოფა სწორედ მეცხოველეობაზე მოდის, ეს კი მეტია, ვიდრე მსოფლიოში არსებული მთელი ტრანსპორტის წვლილი.
ეკოლოგიური თვალსაზრისით, ხორცის წარმოება გლობალურ დათბობაზე უარყოფითად აისახება, რადგან პირუტყვი გარემოში ბევრ გაზსა და ნახშირორჟანგს გამოყოფს. ამასთან, თითოეული კილოგრამი ხორცის მისაღებად დიდი რაოდენობით წყლის რესურსია საჭირო.
არა მხოლოდ ამერიკაა დაინტერესებული ხელოვნური ხორცის წარმოებით, კომპანია Future Meat Technologies-მა ისრაელში მსოფლიოში პირველად ხელოვნური ხორცის საწარმოებლად ფაბრიკა გახსნა, სადაც დღეში საშუალოდ 500 კილოგრამ ღორის, ქათმის და ცხვრის კულტივირებულ ხორცს აწარმოებენ. კომპანია ხელოვნურ ხორცს სპეციალურ ბიორეაქტორებში შექმნილი უჯრედებისგან ამზადებს, რისთვისაც იმ ნივთიერებებს იყენებენ, რომლებსაც ცხოველების საკვებად იყენებენ. ხელოვნური ხორცი გაჯერებულია ცხიმებითა და იმ კვებითი ღირებულებით, რაც ნამდვილ ხორცს გააჩნია.
პარალელურად, იაპონიის ხელისუფლებაც აპირებს გააძლიეროს ყურადღება ამ ტიპის ხორცის წარმოებაზე.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია მიიჩნევს, რომ თავისუფლად შეიძლება ყველანაირი საკვების გამოგონება, მათ შორის, ხელოვნური ხორცისაც, მაგრამ ამ ტიპის ხორცის დამუშავების ტექნოლოგია ძალიან ძვირი ჯდება. საქართველოში ამას არ აკეთებენ, ურჩევნიათ წიწილები გამოჩეკონ და გამოზარდონ.
თუ რატომ გადაწყვიტეს მსოფლიოში ხელოვნური ხორცის წარმოება, ამასთან დაკავშირებით ამირან შენგელია აცხადებს, რომ დიდი რაოდენობით ცხოველთა ჯოგი იწვევს ოზონის ხვრელის გაფართოებას. ამის თავიდან ასაცილებლად გამოიგონეს ლაბორატორიულად მიღებული ხორცი. ეს არის მომავლის ტექნოლოგია. ბიზონები კი გაანადგურეს, მაგრამ მაინც ბევრია დარჩენილი. აფრიკაში ზებრები, კამეჩები ძალიან დიდი რაოდენობითაა.
„ლაბორატორიაში მიღებულ „ხორცს“ არავითარი სარგებლიანობა არ ექნება. ასე ჩინეთში ხელოვნური მწვანილიც შექმნეს, ეს არამარგებელი პროდუქციაა. შეხედავ, ჰგავს სალათას, ქინძს, ოხრახუშს, მაგრამ არ არის მარგებელი. ნამცხვარს რომ აცხობენ, ხან ვარსკვლავს დაამსგავსებენ, ხან ოთხკუთხედს, ასე ქმნიან ხელოვნურ საკვებსაც ქიმიურად ორგანული ნაერთისგან. ეს მომავლის ტექნოლოგიაა და, ალბათ, გვაჩვევენ მის მიღებას, თუმცა 20-30 წელიწადი მაინც ვერ გამოჩნდება საქართველოში. ორგანულ ნაერთს ქათმის წარმოებაშიც იყენებენ. თუ არის ქათმის ხორცი ერთი კილო, შეიძლება გახდეს 10 კილო“, - აცხადებს ამირან შენგელია for.ge-სთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ უცნაურ საკვებს მთელ მსოფლიოში მიირთმევენ. კალიების გადაფრენისას აფრიკის მოსახლეობა დასდევს კალიებს, იჭერენ, დიდ ტაფაზე აცხელებენ, რომ კალიას მოეწვას ფრთები, რადგან კალია თავისი შემადგენლობით, ფრთებისა და ფეხების გარეშე, ლობიოს მსგავსია. იქაური მოსახლეობა მიირთმევს ამ კალიებს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჩინელების გამოთქმის არ იყოს, რასაც ფეხები აქვს, სკამისა და მაგიდის გარდა, ყველაფერი იჭმევა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეთერ სარჯველაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, ლაბორატორიულ ხორცს ჰუმანური მიზეზით იგონებენ, რომ ცხოველები არ დახოცონ, მაგრამ ეს არანორმალური საქციელია.
„ათასნაირი ლაბორატორიული პროდუქცია არსებობს, მასობრივად რომ გაიყიდოს და ხალხმა მოიხმაროს, ასეთი რამ ჯერ არ ხდება. ლაბორატორიული ხორცი ვერ ჩაანაცვლებს ნამდვილ ხორცს. თვითონ ხორცის შემადგენელი ნივთიერებები სხვადასხვა პროდუქციიდან შეიძლება მიიღონ და გააკეთონ რაღაც კომბინაცია, მათ შორის, მცენარეული პროდუქციიდან“, -აღნიშნა ეთერ სარჯველაძემ.