რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით დაკითხული მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტმა სულ უფრო აქტიური გახადა მოწმეთა დაკითხვის წესის შეცვლაზე მსჯელობა. ნაციონალებისა და შევარდნაძის დროს დაკითხვაზე მიყვანილ პირთა ფანჯრებიდან „გადმოფრენა“ თუ კიბეებიდან „გადმოვარდნა“ ჩვეულებრივი ამბავი იყო და სასურველი ჩვენების მიღებას ამ მეთოდით ცდილობდნენ.
დღესაც ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ამოქმედება, რომელიც მოწმეთა დაკითხვას მხოლოდ სასამართლო პროცესზე, საჯაროდ ითვალისწინებს.
საამისოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესულიც იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მოწმის დაკითხვის ახალი წესი 2013 წლის დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.
მოგვიანებით, საქართველოს ახალმა პარლამენტმა აღნიშნული ნორმის ამოქმედების ვადა 2013 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადასწია. ამით პროცედურა არ შეჩერებულა და ახლახანს ეს ვადა კიდევ გადაიწია. კერძოდ, საქართველოს მთავრობა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შევიდა და 2014 წლის 1-ელ დეკემბრამდე დაჩქარებული წესით მოითხოვა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების გადავადება.
ამდენად, დღეს მოქმედი ნორმით, მოწმის დაკითხვის უფლება გამომძიებელს ისევ სასამართლო პროცესამდე აქვს. იმ შემთხვევაში, თუკი მოწმემ გამოძებისთვის მიცემულ ჩვენებას სასამართლოში გადათქვამს, იგი დაისჯება.
პოლიციის დაწესებულებაში მოწმის დაბარებას გაუმართლებლად მიიჩნევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც. მისი აზრით, მოწმეები სასამართლოში უნდა დაიკითხონ და დაკითხვის ძველ წესზე უარი უნდა ვთქვათ.
თუ რატომ ჭიანურდება მოწმეთა დაკითხვის სასამართლოსთვის გადაცემის პროცედურა, ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანს, შალვა თადუმაძეს თავისი მოსაზრება აქვს. კერძოდ, გამომძიებლები მზად არ არიან, რომ სექტემბრიდან საჯაროდ, სასამართლოს მეშვეობით დაკითხონ მოწმეები. ამიტომ უნდა გადამზადდეს საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ყველა გამომძიებელი.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ უკვე დიდი ხანია, უფლებადამცველები ითხოვენ მოწმეთა დაკითხვას სასამართლო პროცესზე, თუმცა, როდესაც მათ ეგონათ, რომ შედეგს მიაღწიეს, აღმოჩნდა, რომ კიდევ წელიწადნახევრით გადაიტანეს ცვლილებების შეტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ამის მიუხედავად, გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ, თუ ჩვენ ამერიკული სტანდარტები და ამერიკული სისხლის სამართლის კანონმდებლობის წესები გვაქვს, ამერიკული სტანდარტი სწორედ ამას გულისხმობს, რომ ამოგლეჯილად არ უნდა მივიღოთ ამ სტანდარტების მხოლოდ ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი ისევ ძველი სახით არ უნდა დავტოვოთ. ამიტომ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოხდეს მოწმის სასამართლოში დაკითხვის წესის დანერგვა.
ის არგუმენტი, რომ თურმე ჩვენს გამომძიებლებს საჯაროდ დაკითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავება სჭირდებათ, გელა ნიკოლაიშვილისთვის გასაგებია, თუმცა, მისი აზრით, ეს გამომძიებლები უკვე უნდა შეაჩვიონ ახალ სტანდარტებს, ან უნდა შეცვალონ იმ ადამიანებით, რომლებიც ამისთვის მზად იქნებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგაც შეუძლიათ გვითხრან, გამომძიებლები საჯაროდ დასაკითხად მზად არ არიანო და თავის გამართლების რეჟიმი ხელისუფლებისთვის მარტივი გამოსავალი იქნება.
„რა თქმა უნდა, მათთვის იოლია, რომ ცალკე, გამოკეტილ ოთახში, ადვოკატის გარეშე აწარმოონ დაკითხვა, მუქარა ან ზეწოლა. როდესაც ასეთი წესი არ იქნება, ბუნებრივია, მოწმეებზე ზეწოლის მოთხოვნილებაც არ იქნება. გამომძიებლების მხრიდან ზეწოლის ძირითადი მექანიზმი აქამდე ასეთი იყო, ხომ გამოგძალე ჩვენება, ხომ მოგაწერინე ხელი?! მიუხედავად იმისა, რომ ტყუილი გათქმევინე, ვიღაცას დანაშაული ხომ აჰკიდე, ან საკუთარ თავზე გაღიარებინე დანაშაული?! თუ გადათქვამ ამ ჩვენებას, მაშინ სასამართლოში შენ თვითონ დაგეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და დაგაპატიმრებთ. ეს საშიშროება რომ მოიხსნას, დაკითხვა საჯარო უნდა გახდეს“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
მისივე თქმით, როდესაც საუბარია პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე, აქ ბალანსი უნდა იყოს დაცული. უფრო ზუსტად, სამართალდამცავი ორგანოები შეიარაღებულნი უნდა იყვნენ ტექნიკურად, გონებრივად, კანონით და არა - მუშტებითა და ხელკეტებით. მით უფრო, რომ მსოფლიო პრაქტიკა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სწორედ საჯაროდ, სასამართლოზე დაკითხვისას არის დაცული მოწმე.
გარდა ამისა, ადვოკატი აცხადებს, რომ ამ წესის ამოქმედების მიუხედავად, გამომძიებლებს არ ეკრძალებათ ე.წ. წინასწარი გამოძიების დროს გამოკითხონ მოწმეები. გამოკითხვა დაკითხვისგან იმით განსხვავდება, რომ მოწმე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებისთვის პასუხს არ აგებს. ანუ, მას უფლება ექნება, გამოკითხვის დროს ჩვეულებრივად მისცეს ჩვენება, საკუთარი აზრი დააფიქსიროს და, თუნდაც, სასამართლოში შეცვალოს ჩვენება, ამისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე ჩვენთან საუბარში ეჭვობს, რომ სასამართლოში, საჯაროდ მოწმის სახით დაკითხვა სწორი გზა იყოს. მისი აზრით, ამ გზით რომ ვიაროთ, მარტო მოწმის დაკითხვა კი არა, შესაძლოა, მთელი რიგი სხვა საგამოძიებო ოპერაციებიც და მოქმედებებიც გამოვრიცხოთ და მხოლოდ სასამართლოს მივანდოთ. ასეთ შემთხვევაში, გამოძიება, როგორც სისხლის სამართლის პროცესის ეტაპი, დაკარგავს თავის ფუნქციას და ქმედით მნიშვნელობას.
„ამიტომ ამ გზით კი არ უნდა მოვახდინოთ ამის ნეიტრალიზაცია და გამორიცხვა, არამედ უნდა მოვახდინოთ იმით, რომ საკუთრივ სასამართლო უნდა იყოს იმდენად შეუვალი, ობიექტური, დამოუკიდებელი და კვალიფიციური, რომ მან მიუკერძოებლად განსაჯოს და განიკითხოს, თუ რა მოხდა გამოძიების მსვლელობისას“, - აღნიშნა მინდია უგრეხელიძემ.
მანვე გაიხსენა ცნობილი გამოთქმა - გამოძიება ეს იგივე სასამართლოა, მხოლოდ დახშულ კარს მიღმა, ხოლო სასამართლო - ეს იგივე გამოძიებაა, მაგრამ ხალხის თანდასწრებით და კარგახსნილობის პირობებში. ამიტომ, მინდია უგრეხელიძის აზრით, წინასწარი სამუშაო აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რათა უფრო მომზადებული შეხვდეს სასამართლო საბოლოო ვერდიქტის გამოტანას.