გაუპატიურება, ცემა-წამება ჯგუფურად, მრავალჯერ, სასტიკად, რეზინის ხელკეტით, სავარჯიშო ბალიშით, პლასტმასის მილით, წყლით სავსე ბოთლით, წყლიან ჭურჭელში თავის ჩაყოფა, სილის ჭამა, სავარჯიშო ძელზე დაკიდება, ელექტროშოკით წამების სხვადასხვა მეთოდები, საიდუმლო თანამშრომლობაზე უარის თქმის ან რაიმეზე პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში პატიმართა მასობრივი დასჯა. სამედიცინო დახმარების ან ექიმის მოთხოვნის გამო პატიმართა სასტიკად ცემა, ადგილი ჰქონდა კბილების ჩამტვრევის არაერთ შემთხვევას.
იკეტებოდა საკნების ფანჯრები, იკეტებოდა წყალი, ბანაობისას უწყვეტდნენ წყალს და პატიმრები რჩებოდნენ საპნიანები, ცხელი კერძები რამდენიმე წუთში უნდა ეჭამათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღვრევინებდნენ, უძილობა, ჩურჩულის აკრძალვა. გარდა ამისა, არსებობდა ე.წ. წითელი პარასკევი, როდესაც ერთ ოთახში შეჰყავდათ პატიმრები, სცემდნენ, იქიდან გამოყვანილს ატარებდნენ ხელკეტებით შეიარაღებული სად-ის თანამშრომლების კორიდორებში, ზოგ შემთხვევაში, საათობით უშვებდნენ ცხელ წყალს, სვამდნენ კარცერში ნაწამებ პატიმრებს ჭრილობების მორჩენამდე, არ ჰქონდათ ლოგინი, ეძინათ ბეტონის იატაკებზე.
ეს დაუწერელი კანონი ქართული რეფორმირებული ციხის ყოველდღიურობა იყო. კანონებს აქ ციხის ადმინისტრაცია აწესებდა, ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას ვინ როგორ და რა ფორმით უნდა ეწამებინათ. პატიმრების სასტიკი წამების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ბაჩო ახალაია, ხოლო მის მოადგილედ მეგის ქარდავა დაინიშნა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ახალაიამ მისი მეგობრებით და ნათესავებით დააკომპლექტა, რომლებიც განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ.
მას შემდეგ რაც საზოგადოებამ ციხის სკანდალური კადრები იხილა, ამ დანაშაულსთვის 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი პატიმრების წამებაში, არადამიანურ მოპყრობაში და გაუპატიურებაში ედებოდათ. მაგრამ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ამის მიზეზად პროკურატურა განმარტავს, რომ მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რამაც გამოძიებას მისცა საშუალება ეს საქმე გაეხნათ. ვის წინააღმდეგ მისცეს მათ ჩვენება, ამასთან დაკვშირებით არჩილ კბილაშვილის უწყებაში არ საუბრობენ.
For.ge გთავაზობთ იმ ბრალდებულების ვინაობას, რომლებთანაც პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. „ბუბუს“ მეტსახელით ცნობილ ბორის ფარულავას და გლდანის 8 დაწესებულების თანამშრომელს, მანუჩარ ლომთაძეს, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამ პირებმა სასჯელი უკვე მოიხადეს და თავისუფლები არიან. საპროცესო შეთანხმებით სასჯელი 5 წლამდე შეუმცირდა „ბასტის“ მეტსახელით ცნობილ ლევან ფხალაძეს.
სასჯელზე გარიგება კიდევ 5 პირის მიმართ განხორციელდა, კერძოდ, მამუკა ჩხიტუნიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; კობა ჩიკვატიას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; გურამ ცომაიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; ალექსანდრე ჯანჯღავას და დავით მეცხოვრიშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა შემდეგ პირებთან:
დავით ხუჭუას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 3 თვის ვადით და 1 წლით 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. გაგა მკურნალიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვის და 15 დღის ვადით, და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. გიორგი კვარაცხელიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ლევან ფურცხვანიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
ვიქტორ ყაჭეიშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 3 თვის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდებით. „სადიზმის“ მეტსახელად ცნობილ ოლეგ ფაცაციას განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
სასამართლომ ორი პირის - თემურ ჭაჭიას და მათე ელბაქიძის - მიმართ წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა სხვა მუხლზე და მათი მსჯავრდება მოხდა დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე, საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, მიუხედავად მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტის არსებობისა, „განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ“ საპროცესო შეთანხმების შედეგად, სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომელიც კრძალავს 1441 (წამება), 1442 (წამების მუქარა) და 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩამდენი პირის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას. მთავარ პროკურორთან ერთად კანონმდებლობის მოთხოვნები დაარღვია იმ მოსამართლემაც, რომელმაც არსებითი განხილვის გარეშე მიღებული განაჩენით დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მოსამართლეს უნდა დაებრუნებინა საქმე პროკურორისათვის, ვინაიდან დარღვეული იყო საპროცესო კოდექსის 21-ე თავის მოთხოვნები. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული კანონდარღვევა არ არის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე არსებითი განხილვის გარეშე მიღებული განაჩენის გაუქმების საფუძველი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მხოლოდ ერთ შემთხვევას ითვალისწინებს, როდესაც პროკურატურას შეუძლია საპროცესო შეთანხმების გაუქმების მოთხოვნა და ეს არის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილი. ეს ნორმა აძლევს პროკურატურას უფლებას, ზემდგომ სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების გაუქმების თაობაზე, თუკი მსჯავრდებულმა დაარღვია ამ შეთანხმებით ნაკისრი რაიმე პირობა.
მთავარი პროკურატურის პოზიციას არ იზიარებს საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, როგორც ის for.ge-სთან საუბრისას განმარტავს თუ კი პროკურატურამ მათი ჩვენების საფუძველზე გამოავლინა სისტემური დანაშაული, რატომ არ იცის საზოგადოებამ ვინ არიან ის მაღალი თანამდებობის პირები, ვისზეც პროკურატურა გავიდა.
„ჩვენ არ ვიცით ის მაღალი თანამდებობის პირები ვისზეც გავიდა პროკურატურა. არ ვიცით იმ 17 ადამიანის გარდა ვინ არის პასუხისმგებლობაში მიცემული. არ ვიცით რა შინაარსის ჩვენება მისცეს. შესაბამისად ჩნდება ლოგიკური კითხვები რამდენად სწორად მოხდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება იმ უკიდურესად მძიმე დანაშაულებზე. პროკურატურიდან, რომ ყოფილიყო ახსნა, რომ მათი თანამშრომლობის შედეგად 17-ის ნაცვლად 117 პირი გამოიკვეთა, მერე შეიძლება ამის გამართლება. მაგრამ ახლა როდესც 17 პირის გარდა არავის არაა დასჯილი, არც მაღალი თანამდებობის პირები ვიცით, ვინ მისცეს პასუხისმგებაში, ვერ გავიზიარებ პროკურატურის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.
იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი არის უმსგავსო და ამ უმსგავსო ინსტიტუტს, ძალიან უმსგავსო ფორმით იყენებს საქართველოს პროკურატურა.
„17 უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირი, რამაც ქვეყანა შეძრა, ძალიან იოლად დაუძვრა მართლმსაჯულებას. ის ადამიანები, ვინც ამათი წყალობით გამოიარეს უმძიმესი წამება და ჯოჯოხეთი, უკვე მოკლებული არიან ყოველგვარ შესაძლებლობას, რომ რამე იღონონ ამ გადაწყვეტილების წინააღმეგ. დაზარალებულები მას ვერ გაასაჩივრებენ იმიტომ, რომ პროკურატურამ ასე დაასრულა ეს საქმე.
ჩვენ არ ვიცით სხვაზე ვისზე გავიდა კიდევ გამოძიება. თუ 17 ადამიანმა ასეთი დახმარება და ფასდაუდებელი სამსახური გაუწია პროკურატურას, მინიმუმ 10-ჯერ მეტი უნდა ჰყავდეს დაკავებული იგივე ბრალდებით, მაგრამ ასე არაა. ვინ არიან ისინი რომლებიც დაისჯებიან ამათი ჩვენების საფუძველზე, რამდენი არიან, რა რანგის თანამშრომლები არიან?
ამ განაჩენით დაკავებულია მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელ გაგა მკურნალიძე. მე არ მისმის თუკი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირი არის პასუხისმგებაში მიცემული და დაიდო მასთან საპროცესო, მაშინ მინისტრი და მისი მოადგილეები რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული? რა საჭიროა საპროცესო შეთანხმებით ვიღაცის ჩვენება იმისათვის, რომ დაამტკიცო მინისტრი დანაშაულს სჩადის და თუ არაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.
სამართალმცოდნე, კახი კახიშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ არის საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ ამ სახის დანაშაული ხდებოდა ყოველდღიურად. შესაბამისად, საინტერესოა რის საფუძველზე გააფორმა საპროცესო შეთანხმება ბრალდებულებთან პროკურატურამ.
„ადამიანები, რომლებიც არადამიანურ მოპყრობაში იყვნენ შემჩნეულები, რომელთა მოქმედებებში პირდაპირ იკვეთება წამებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნები, გადაურჩნენ ზომიერ მართლმსაჯულებას, მათ მიმართ გამოყენებული იქნა ძალიან ლმობიერი სასჯელი. საინტერესოა საქმის მასალების დეტალები - რა კვალიფიკაცია მიანიჭა გამოძიებამ და რა კვალიფიკაციის მინიჭების საშუალება ჰქონდა გამოძიებას? ხომ არ გვაქვს სახეზე ფაქტი, როდესაც გამოძიებას შეეძლო უფრო ადეკვატური კვალიფიკაცია მიეცა დანაშაულისთვის, მაგრამ ამ დროს ძალიან ზომიერი მუხლებით დაკმაყოფილდა გამოძიება“,-აღნიშნა კახი კახიშვილმა.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი თვლის, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია გამოძიების საბჭოთა მეთოდიკაზე და ადამიანის მიმართ საბჭოთა დამოკიდებულებაზე.
„საბჭოთა დამოკიდებულება და აზროვნება იყო ასეთი - ადამიანი ყოველთვის დამნაშავეა სახელმწიფოს წინააღმდეგ. პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო მოქმედებდა ერთ ხმაში, იგივე ხდება დღესაც. საერთოდ, საერთაშორისო სტანდარტებს არ იცნობს ჩვენი პროკურატურა, არ წაუკითხავთ ალბათ. წამებაში ბრალდებულ პირებთან არანაირი საპროცესო შეთანხმება და შეღავათები, არ ვრცელდება. ძალიან დიდ ეჭვს ბადებს. პრაქტიკულად ირკვევა, რომ თემა გამოიძიეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ორგანიზატორი იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. თუ დაასრულა პროკურატურამ გამოძიება, ეს უკვე ძალიან დიდი ეჭვს ბადებს, რომ სადღაც რაღაც საკითხებში გარიგება მოხდა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას მარიამ ჯიშკარიანი.