ბოლო ერთი თვის განმავლობაში ესპანურ მას-მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ცნობა, რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო „სამეფო გუნდის“ დატოვებას აპირებდა.
რონალდოს ბატონ ჟოზე მოურინიოსთან ახლობლური ურთიერთობა გააჩნდა. „ერთადერთის“ ინგლისში გადაბარგების შემდეგ კრიშტიანომ „რეალთან“ დამშვიდობება განიზრახა.
ამ გუნდის ხელმძღვანელობამ წამყვანი შემტევის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა და უახლოეს მომავალში ფეხბურთელს ახალი ხელსაყრელი კონტრაქტის გაფორმებას დაპირდა. რონალდო დროებით მადრიდის „რეალში“ დარჩა, მაგრამ გუშინ საფეხბურთო სატრანსფერო ბაზარზე ერთმა სენსაციურმა ინფორმაციამ გაიჟღერა.
ბრიტანულმა „მანჩესტერ სიტიმ“ რონალდოს ყიდვა სერიოზულად გადაწყვიტა. ორი დღის წინ ამ კლუბის არაბი მეპატრონეები პორტუგალიელს პირადად დაუკავშირდნენ და ქალაქ მანჩესტერში გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის სახით კვირაში 300 ათასი გირვანქა სტერლინგი შესთავაზეს.
კრიშტიანო რონალდომ ამ წინადადების მიღების შემდეგ ფიქრისთვის რამდენიმე დღე მოითხოვა.
ესპანური სპორტული მას-მედიის მტკიცებით, თუ ფეხბურთელი ინგლისში გადასვლას სერიოზულად დააპირებს, „რეალი“ მას ვერ დააკავებს, „მანჩესტერ სიტის“ კი მისი ყიდვისთვის ასტრონომიული თანხის გადახდა მოუწევს.