სერ ალექს ფერგიუსონის გადადგომის შემდეგ, ინგლისის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ 27 წლის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ამჟამინდელი კლუბის დატოვება მოისურვა.
დაახლოებით ორი კვირის წინ ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ რუნის „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შეხვდა და ლონდონში გადასვლაზე დაიყოლია.
რასაკვირველია „მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელები ამ ინფორმაციას დადებითად ვერ შეხვდებოდნენ. „დაუმორჩილებელ“ შემტევს კლუბის ახალი დამრიგებელი დავიდ მოიესი პირადად ესაუბრა. რუნიმ მწვრთნელს ყურადღებით მოუსმინა და გუნდში დარჩენის გარანტია მისცა. მაგრამ...
დღეს დილით გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ უეინ რუნიმ მუხლის ტრავმა მიიღო და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მკურნალობის კურსის გავლა მოუწევს.
ამ დღეებში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტაილანდის დედაქალაქ ბანკოგში იმყოფება. რუნიმ „სხეულის დაზიანება“ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მიიღო.
„The Sun”- ის ჟურნალისტების მტკიცებით, რუნის კარიერის გაგრძელება ლონდონის „ჩელსიში“ სურს. ამ მიზეზით „მუხლის ტრავმა“ ხელოვნურად გაითამაშა.
არ მსურს ამ პატივსაცემი ინგლისური გამოცემის ჟურნალისტებს არაობიექტურობა და სენსაციური მასალისთვის „ბრძოლა“ დავწამო. ფაქტია რომ რუნი ქალაქ მანჩესტერში დაბრუნდა და მკურნალობას შეუდგა. ბატონები რომან აბრამოვიჩი და ჟოზე მოურინიო კი ალბათ კვლავ გააქტიურდებიან.