„ტრაქტორების საქმე“, შესაძლოა, პროკურატურას ცუდად მოუტრიალდეს

„ტრაქტორების საქმე“, შესაძლოა, პროკურატურას ცუდად მოუტრიალდეს

მთავარ პროკურატურაში შექმნილმა საგამოძიებო ჯგუფმა სოფლის მეურნეობის მაღალჩონოსნების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, მამუკა ივანიაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. „ტრაქტორების საქმე“, შესაძლოა, პროკურატურას ცუდად მოუტრიალდეს.

„2013 წლის 11 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ბრალდებულ მამუკა ივანიაძის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული განცხადების საფუძველზე, რომელშიც უთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან ჩვენების მიცემისას განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით.

შემჭიდროვებულ ვადებში გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საქმეზე შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი და მამუკა ივანიაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მიღებულ იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გუშინ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე მამუკა ივანიაძემ დაუფარავად განაცხადა, რომ მას სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. იგი ეჭვობს, რომ კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო აიძულებდნენ.

ასევე, მან ადვოკატ სოსო ბარათაშვილს აცილება პროკურატურის მოთხოვნით მისცა. დაკავების შემდეგ მის მიმართ ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა.

ივანიაძე ამტკიცებს, რომ ჩვენების პათოსი არასწორია და ჩვენება არც კი წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი, ხოლო, როდესაც სასამართლო პროცესი გაიმართება, აღნიშნულ ჩვენებას აუცილებლად შეცვლის.

ივანიაძე 1-ელ მაისს დააკავეს. ე.წ. მოდულის შენობაში შეყვანისას ოფიციალურად არ გაუფორმებიათ და როგორც უცხოელი ისე წარადგინეს. ოთხი საათის განმავლობაში მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა და ადვოკატის ნახვის საშუალება არ მისცეს.

„მოდულის შენობაში შესვლიდან დაიწყო ჯოჯოხეთი. 12-მდე პიროვნება პერიოდულად შემოდიოდა, ვისაც რა უნდოდა შეგინებით, შეურაცხყოფით გრძელდებოდა ზეწოლა ოთხი საათის განმავლობაში. პერიოდულად, ვიღაც პიროვნება, რბილი ფორმებით, თითქოს, ჩემზე ზრუნავდა, მირჩევდა რაღაც მეთქვა. ისინი მპირდებოდნენ, რომ თუ მივცემდი ჩვენებას, გამათავისუფლდებდნენ, თუ არადა - დამაპატიმრებდნენ“, - განაცხადა ივანიაძემ.

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, დავით კირვალიძე ივანიაძეს კლასელია და ჩვენების მიცემას მის წინააღმდეგ სთხოვდნენ, რაც სასჯელაღსრულების მე-8 საპყრობილეში გადაყვანის შემდეგაც გაგრძელდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ აღნიშნული საქმე თავიდანვე უამრავ კითხვებს ბადებდა. საქმეში სამი უწყების - პროკურატურის, სასამართლოსა და სასჯელაღსრულების დაწესებულების არასწორი ქმედებები იკვეთება. პროკურატურის ბრალდების არსი აბსურდულია, სასამართლოს განჩინებები - დაუსაბუთებელი.

კოჟორიძის თქმით, დაკავებულ ივანიაძეს ე.წ. მოდულის შენობაში აგინებდნენ, მის თვალწინ იარაღს ტენიდნენ და თუკი დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა, ეუბნებოდნენ, რომ ციხეში ყოფნა დიდი ხნით მოუწევდა. დაკავებულს უხსენებდნენ ოჯახის წევრებს და მინიშნებას აკეთებდნენ მის სტუდენტ გოგონაზე.

საიას ხელმძღვანელის ინფორმაციით, საკანში მამუკა ივანიაძეს სამი უცნობი პატიმარი დახვდა, რომლებმაც ჩხუბის ინსცენირება მოახდინეს. ერთ-ერთმა მათგანმა ხელი გაიჭრა და სისხლი კედელს წაუსვა. მოგვიანებით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ფაქტი დააფიქსირეს, რის შემდეგაც პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა ივანიაძეს უთხრა, რომ ჩხუბთან დაკავშირებით, შესაძლოა, მას სასჯელი დამატებოდა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ბრალდებული 2 ივლისს 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმესთან დაკავშირებით, პატიმრობაში რჩება 5 პირი, გირაოთი გათავისუფლებულია 3 ადამიანი, ხოლო სამინისტროს ერთი თანამშრომლის კონსტანტინე ხუცაიძის სასამართლო პროცესი ახლა მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, დავით კირვალიძე საქართველოს მთავარ პროკურორსა და შს მინისტრს მიმართავს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე გამოძიება დროულად დაასრულონ.

კირვალიძემ თანამდებობის დატოვების შემდეგ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჟურანლისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„მე 2 მაისიდან მოყოლებული დღემდე, რაც თანამდებობა დავტოვე, კომენტარი არ გამიკეთებია, რადგან ვთვლი, რომ გამოძიება მალე უნდა დასრულდეს და სამართალი დადგეს. დღევანდელი ფაქტი, რაც მამუკა ივანიაძეს უკავშირდება, ძალიან ცუდია. მივმართავ არჩილ კბილაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, მალე დასრულდეს გამოძიება, რაც ჩვენს ინტერესებში შედის. მოგეხსენებათ, რომ კიდევ 5 ადამიანი წინასწარი პატიმრობის ფორმით სასჯელს იხდის. მჯერა, რომ მალე იზეიმებს სამართალი და ეს პირები სასაჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ“, -  განაცხადა კირვალიძემ.

კითხვაზე, სავარაუდოდ, რატომ ითხოვდა პროკურატურა ივანიაძისგან კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემას, სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.