ამბები ქვემო ქართლიდან - გაყიდული მილები და დევნილებისთვის დარიგებული კოლგოტები

ამბები ქვემო ქართლიდან - გაყიდული მილები და დევნილებისთვის დარიგებული კოლგოტები


 

იანვრის დასაწყისში რუსთავში მცხოვრებმა დევნილებმა შეიტყვეს, რომ მათთვის წინასაახალწლოდ გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება გაიცემოდა. აღმოჩნდა, რომ ასეთი დახმარებაში  ქალის კოლგოტების დარიგება იგულისხმებოდა.

890 ცალი ქალის კოლგოტი, დევნილებისთვის გადასაცემად, ა.ი.პ ქართულ-აფხაზურმა საერთო სახლმა აფხაზეთის მთავრობას გადასცა. ამ უკანასკნელმაც მიღებული ჰუმანიტარული დახმარება დაარიგა. ”თითო დევნილ ქალბატონზე სამი კოლგოტი გავეცით. შემიძლია დოკუმენტიც გაგაცნოთ, სადაც ამ საქონლის მიღების შესახებაა ინფორმაცია. რაც მივიღეთ ის დავარიგეთ. სხვა რა უნდა გითხრათ? სამწუხაროდ, მეტი არაფერი შემოსულა, თორემ მაგასაც დავარიგებდით“ – ამბობს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის - ქვემო ქართლისა და კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ჯონდო გოლიაძე.

დევნილების დიდი ნაწილის დამოკიდებულება აღნიშნული დახმარების მიმრთ ერთგვაროვანია. ”გვესმის, რომ ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უმოწმებენ, მაგრამ ვფიქრობ ეს ჩვენი შეურაცხოფაა. მე აფხაზეთის მთავრობის ადგილობრივი წარმომადგენლობის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ვინც ეს დახმარება ჩვენთვის გადასცა, მათ მინდა ვკითხო - რას ნიშნავს ეს?!”- საუბრობენ აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები.

ქალის 890 კოლგოტი რუსთავში მცხოვრებ დევნილ ქალბატონებს უკვე სრულად დაურიგდათ. მიუხედავად იმისა, რომ დახმარების მისაღებად მისულებს ეგონათ, რომ მეზობლებმა ინფორმაცია არაწორად მიუტანეს და არ შეიძლება მათთვის მხოლოდ კოლგოტები დაერიგებინათ – სახლებში სწორედ ამ საჩუქრით წავიდნენ.

რუსთაველები ნამდვილ ოპოზიციონერებს ნატრობენ

იანვრის დასაწყისში რუსთავში ,,ქართული პარტიის” ოფისი გაიხსნა. ის არ არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ქალაქში დაიწყო საქმიანობა. მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით რუსთავში არ არსებობს, არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც საკუთარ რიგებში ხალხის შემოკრება შეძლო. მოსახლეობაში შიშის ფაქტორის არსებობის და რეგიონში ძლიერი ოპოზიციური კადრების ნაკლებობის გამო, დღემდე რუსთავს ხელისუფლების რეალური ოპონენტი არ ყავს.

”ქართულ პარტიაში” ირწმუნებიან, რომ ისინი შეცვლიან რუსთავში ოპოზიციურ სურათს. ”ჩვენი პარტიის დაფუძნება თებერვლის ბოლოს მოხდება. ახლა, გაწევრიანების მსურველ ხალხს ვიღებთ. ჩვენს ოფისში დღეში ათობით ადამიანი მოდის. ამ დროისთვის სამასი მოქალაქე გაწევრიანდა, აქედან ასი - პარტიის ახალგაზრდულ ჯგუფში. ვგეგმავთ მოვიცვათ მთელი ქვემო ქართლის რეგიონი და პარტიის ოფისები რაიონებშიც გავხსნათ. ამ კუთხით მუშაობა უკვე მიდის და რაიონებშიც აქტიური ხალხი შეირჩა.” –  გვითხრა ”ქართული პარტიის”  რუსთავის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა გელა ღუნწკიძემ.

ახლადგახსნილი ოფისში შაბათ-კვირასაც ხალხმრავლობაა. პარტიის მიმართ ინტერესს გამოხატავენ ოპოზიციური განწყობის მქონე მოქალაქეები,  განსაკუთრებით კი - ახალგაზრდები.

”პირველ რიგში, გამბედაობა იმ ადამიანებს უნდა ქონდეთ ვინც ოპოზიციურ ოგანიზაციებს უდგებიან სათავეში. როცა მათგან სწორი გადაწყვეტილებები წამოვა, ხალხიც დაუდგება გვერდით. მივესალმები ქალაქში ოპოზიციონერთა გამოჩანას. ალბათ, უკვე დიდი ხანია დადგა დრო, ხელისუფლებას რუსთავში რეალური ოპოზიცია ყავდეს” – საუბრობს რუსთაველი გია ნოზაძე.

სარწყავი წყლის მილების საქმიდან, რუსთავის მერია მშრალი გამოვიდა

Presage.tv რამდენიმე დღის წინ წერდა ქვემო ქართლში ჩატარებულ ერთ საინტერესო აუქციონზე. საქმე ეხებოდა - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ რუსთავისთვის საჩუქრად გადაცემულ, სოფელი კრწანისის სარწყავი წყლის მილებს, რომელიც ამ უკანასკნელმა აუქციონზე გაიტანა.

აუქციონი საინტერესოა  იმით, რომ ის ქრონიკულად და წარუმატებლად 2008 წლიდან მიმდინარეობს და დღეს უკვე სისხლის სამართლის საქმის მთავრი ინტერესის ობიექტია. კრწანისის სარწყავი წყლის მილები ორჯერ გაიყიდა და საბოლოო ჯამში ადგილობრივ მოსახლეობას ახალი პრობლემა გაუჩნდა - მუშა მდგომარეობაში მყოფი მილების დაჭრის შემდეგ კრწანისელებს სარწყავი სისიტემის პრობლემა შეექმნათ.

აუქციონი, რომელიც გამარჯვებულებს ძველი ფოლადის მილების ახალი პლასტმასის მილებით შეცვლასაც ავალებდა, ორჯერ ჩატარდა. პირველმა გამარჯვებულმა, მოქალაქე პაატა ტალახაძემ, თანხა დათქმულ დროს სრულად არ გადადაიხადა და აუქციონის შედეგებიც გაუქმდა. ასეთივე შედეგით დამთავდა მილების გასაყიდად მოწყობილი მეორე აუქციონიც. თანხა, არც ამჯერად გამარჯვებულმა - გიორგი ხაჩიძემ გადაიხადა. 

დღეს მათ პროკურატურა ქურდობაში სდებს ბრალს. ამბობენ, რომ  თანხის სრულად გადახდამდე მათ მილების ამოღების უფლება არ ჰქონდათ. საქმეში არსად ჩანს რაიმე ფორმით რუსთავის მერიის პასუხისმგებლობის საკითხი.

რუსთავის მერიამ აუქციონის გამოცხადებამდე, ერთ დღით ადრე აუდიტს შეუკვეთა მომსახურება, რომელიც აღნიშნული მილების შეფასებას ისახავდა მიზნად. აუდიტმა მილები მილიონ-ნახევრად შეაფასა. მიუხედავად ამისა, აუქციონზე ისინი თვითმმართველობამ თითქმის სამჯერ ნაკლებ თანხად - 570 000 ლარად გაიტანა. ერთადერთი დაინტერესებული პირი და მყიდველი ვინმე პაატა ტალახაძე იყო. მან 571 000 ლარის გადახდის ვალდებულება აიღო და აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა. ტალახაძემ გადაიხადა მხოლოდ ე.წ. ”ბე” -  28 500ლარამდე. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ქონდა საკუთრების უფლება, აუქციონის მეორე დღესვე ტალახაძე მივიდა სოფელ კრწანსში და მილების ამოყრა და დაჭრა დაიწყო, რასაც მოსახლეობასთან კონფლიქტი მოყვა.

ნაცვლად იმისა, რომ რუსთავის მერიას მიემართა სამართალდამცავებისთვის და ეცნობებინა მილების, ფაქტობრივად, ქურდობის შესახებ, ადგნენ და ხელახალი აუქციონი გამოცხადეს. ფასს დაუკლეს, რადგან მილების ნახევარი იყო გადარჩენილი და უკვე მეორედ გაყიდეს. ბედნიერი მყიდველი, ამჯერად, გიორგი ხაჩიძე აღმოჩნდა. ისიც, მივიდა სოფელში და მილების ჭრა გააგრძელა.

”გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ არც პროკურატურა და არც კონტროლის პალატა აღარ საუბრობს რუსთავის მერიის თანამშრომლობის პასუხისმგებლობის საკითხზე. პირველ რიგში, რატომ გაიტანეს მილიონ-ნახევრად შეფასებული მილები აუქციონზე ასეთ საწყის ფასად  - 570 000 ლარად?! ასევე, როდესაც პირველმა გამარჯვებულმა ტალხაძემ დაჭრა მილები და ნახევარი წაიღო, რატომ არ მიმართეს სამართალდამცავებს“ - საუბრობს”,საერთაშორისო გამჭვრვალობა - საქართველო” წარმომადგენელი ეკა ბოკუჩავა.

ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 11 იანვარს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა. ერთი საათის დაგვიანებით დაწყებულ სხდომაზე ახალი დაზარალებული გამოჩნდა. გაირკვა, რომ დაზარალებულის სტატუსი რუსთავის მერიასაც აქვს. აღნიშნული თვითმმართველობა სასამრთლოზე რუსთავის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - დავით ელიაძემ წარადგინა.

”ჩვენ მიწიდან მილების ამოღების შესახებ და ტალახაძის ქმედებაზე მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ და კონტროლის პალატამ წერილობით მოგვმართა” - განუცხადა ელიაძემ მოსამართლე იოსებ ბაღათურიას. ”მაგაზე რას მეტყვი, თუ ვიტყვი, რომ მილების ამოღების პირველი დღიდან ყველაფერი იცოდა რუსთავის მერმა და ვიცე მერმა?! რას იტყვი მაგაზე?” - მიმართა ეჭვმიტანილმა პაატა ტალახაძემ მერიის წარმომადგენელს.

მიუხედავად იმისა, რომ ტალახაძის ამ აღიარებას ლოგიკურად დიდი გავლენა უნდა მოეხდინა გამოძიების მსვლელობაზე, ასე არ მომხადრა. პროკურორმა დავით ჩხარტიშვილმა და მოსამართლე ბაღათურიამ, ვითომ აქ არაფერი თქმულაო, სხდომა მშვიდად გააგრძელეს. მას შემდეგ, რაც შეატყვეს, რომ  ტალახაძე არ ჩუმდებოდა. მოსამართლემ მიმართ:

”კონკრეტულად ამ პიროვნებამ, დღეს სასამართლოზე მყოფმა მერიის წარმომადგენელმა, იცოდა იმის შესახებ, რომ თქვენ მილებს ჭრიდით?”. ამაზე ტალახაძემ უპასუხა, ამ კაცს პირველად ვხედავო და... ამოისუნთქა ბრალდების მხარემ.

რუსთავის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დაკითხვის დროს პროკურორი ადგომა-დაჯდომით დაიღალა. ტალახაძე-ხაჩიძის დაცვის მხარის თითქმის ყველა კითხვას აპროტესტებდა. მოსამართლე ყველა მის პროტესტს ეთანხმებოდა. ”ერთი, შუბლზე არ უკოცნიათ ამ ბიჭისთვის, თორე ლამის ტაში დაუკრას პროკურორმა” – გვესმოდა სხდომიდან გამოსულებს სასამრთლოზე  დამსწრეთა ფრაზები.

საბოლოოდ, რუსთავის მერიის წარმომადგენელმა, ელიაძემ, მოსამართლეს თხოვა, რომ მომავალში  არ შეეწუხებინათ და შემდეგ სასამრთლოზე არ მიეწვიათ. თვის მხრივ, მოსამართლემ დამსწრეებს განუცხადა, ხელი არ შეუშალოთ ამ კაცს მუშაობაში, თუ საჭირო იქნება შევატყობინებთ და ისე მოვაო.

ასე გამოვიდა საქმიდან აბსოლუტურად მშრალი რუსთავის მერია, რომელსაც ეჭვმიტანილმა ტალახაძემ სასამართლოზე პროკურატურისთვის ”უმნიშვნელო” კითხვით მიმართა და რომელმაც მილიონ-ნახევრიანი მილები მესამედ ფასში გაყიდა.

”რუსთავის მერიის თანამშრომლებმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ და საქმის კურსშიც იყვნენ. იცოდნენ, როდის უნდა ამოეღო მილები ტალახაძეს და ამის უფლება თავად  მისცეს. ეს მათ შორის დადებულ ხელშეკრულებაშიც კარგად ჩანს. დღეს კი ამისი უარყოფა ხდება, რადგან სიტუაცია დაიძაბა და საქმე  სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.

რაც შეეხება პროკურატურის დღევანდელ ქმედებას, ვიტყვი, რომ არ შეიძლება გააპროტესტო ადვოკატის კითხვა მხოლოდ იმიტომ, რომ არ გსურს მისი მოსმენა. ხოლო მერიის წარმომადგენელი  დღეს აბსოლოტურად მოუმზადებელი მოვიდა. ჩვენი სადავო ხელშეკრულებაც არ ქონდა ხელთ. ელიაძე, უბრალოდ, პროკურატურის ინტერესებიდან გამომდინარე გამოდის დაზარალებულად” – საუბრობს ეჭვმიტანილი ტალახაძის ადვოკატი ლევან პატარქალიშვილი.

კრწანისის სარწყავი წყლის მილების მორიგი სასამართლო 7 თებერვალს დაინიშნა. აღნიშნულ პროცესს ერთ-ერთი დაზარალებულის სტატუსის მქონე  რუსთავის მერია აღარ დაესწრება.