ენდრიუ გარფილდმა ბრიტანულ GQ-თან ახლახან მიცემულ ინტერვიუში კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ თავს "დამნაშავედ" გრძნობს, რადგან "საზოგადოებრივი ვალდებულება" არ შეასრულა და 40 წლამდე შვილები არ გააჩინა.
გარფილდის თქმით, ყოველთვის ფიქრობდა, რომ მეგობრებს შორის ოჯახს პირველი თავად შექმნიდა და შვილებიც ეყოლებოდა. თუმცა შემდეგ მისი ჰოლივუდური კარიერა დაიწყო და გეგმებიც შეეცვალა.
"ეს ყველაფერი ცხოვრების სხვა გზით წარმართვას ეხება, რომელიც იმისგან განსხვავებულია, რასაც შენგან დაბადებიდან ელოდებიან. მაგალითად, საზოგადოება გვეუბნება, რომ "ამ დროისთვის გააკეთებ ამას და გეყოლება ერთი შვილი მაინც". ახლა კი თავს თითქოს დამნაშავედ ვგრძნობ", — განაცხადა გარფილდმა.
2019 წელს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში გარფილდმა განაცხადა, რომ ძალიან წუხს, რადგან დედამისს შესაძლებლობა არ მიეცა, შვილიშვილებს შეხვედროდა. შეგახსენებთ, რომ გარფილდის დედა პანკრეასის სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა.
მალე ენდრიუ გარფილდი 40 წლის ხდება და როგორც ინტერვიუში აღნიშნა, დიდი წვეულების მოწყობასა და მეგობრებთან ერთად გართობას გეგმავს.