„რესპუბლიკელებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს

„რესპუბლიკელებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მოიპოვა 218 მანდატი წარმომადგენელთა პალატაში, რაც საკმარისია უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. ამის შესახებ CBS News-ი იტყობინება.

ამ დროისთვის 435-მანდატიან წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებს“ 218, „დემოკრატებს“ კი 212 კონგრესმენი ჰყავთ, კიდევ 5 მანდატის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი ფრაქციის ლიდერი, კევინ მაკკარტი წარადგინა. ჯო ბაიდენმა მაკკარტის გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მზად არის „რესპუბლიკელებთან“ თანამშრომლობისთვის. წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე მაკკარტი ნენსი პელოსის ჩაანაცვლებს, რომელსაც ჯერჯერობით არ უთქვამს, სურს თუ არა უმცირესობის ლიდერის თანამდებობაზე დარჩენა.

კონგრესის ახალი შემადგენლობა მუშაობას იანვრიდან შეუდგება. აღსანიშნავია, რომ „დემოკრატიულმა პარტიამ“ კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზე კონტროლი შეინარჩუნა.