საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის განცხადებით, 2013 წლის ივლისის თვის მონაცმებით, მაუწყებლის საერთო ვალი 17 მილიონ ლარამდეა.
გიორგი ბარათაშვილი ამბობს, რომ მაუწყებლის ვალის ნაწილი 2008 წელს სახელმწიფოსგან მიღებული სესხია - დაახლოებით 4 მილიონი ლარი, რომელიც Eutelsat- სატელტით სარგებლობის ხარჯის დასაფარად გამოიყენეს. მისი თქმით, საურავი იმის გამო დაეკისრათ, რომ ტელევიზიამ დაგვიანებით დაიწყო დავალიანების დაფარვა.
„2 მილიონ 800 ათასი ლარი გადავიხადეთ, გადასახდელი დარჩა კიდევ 2 მილიონი ლარი. ეს ვალი ტელევიზიას სახელმწიფო ტელევიზიის სახელით მაუწყებლობის დროიდან აქვს“, - აღნიშნა ბარათაშვილმა.
გარდა ამისა, მაუწყებელს 2012 წლის ბოლოს დაწყებული საგადასახადო შემოწმების შემდეგ 8 მილიონ ლარამდე გადასახადი დაეკისრა. მაუწყებელმა საგადასახადო სამსახურის მიერ დაკისრებული ვალი გაასაჩივრა, რის შემდეგაც მაუწყებლის ვალი 3 მილიონი ლარით შემცირდა. თუმცა, საერთო ჯამში, მაუწყებელის საგადასახადო დავალიანება 12 მილიონ ლარს უტოლდება.
ბარათაშვილი იმასაც აცხადებს, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროპის მაუწყებელთა ასოციაციის (EBU) ვალიც აქვს, რომელიც 3 მილიონ ლარს უტოლდება.
„ჩვენ აღარ ვაგვიანებთ გადასახადების გადახდას და ევროპის მაუწყებელთა ასოციაციას შევუთანხმდით, რომ დარჩენილ ვალს გადავანაწილებდით შემდეგ წელზე. წელს მხოლოდ 700 ათას ლარს გადავიხდით“, - დასძინა ბარათაშვილმა.
თუმცა უკვე ცნობილია, რომ ფინანსური კრიზისის გამო გადაწყვეტილია ტელევიზიის ხარჯების დაზოგვა. კერძოდ, "მოამბის" ევროპის ბიურო ოქტომბრამდე დაიხურა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ბიუროს მუშაობისას საზოგადოებრივ მაუწყებელს წლის განმავლობაში 230 ათასი ლარის ხარჯი ჰქონდა. ამ ხარჯებში გათვალისწინებული არ იყო ევროპაში შიდა გადაადგილებები, უბრალოდ, შედიოდა მხოლოდ საცხოვრებელი ხარჯი და სახელფასო ანაზღაურება.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხარჯების დაზოგვის მიუხედავად, სულ რამდენიმე თვეში იგეგმება მაუწყებლის ამერიკის ბიუროს გახსნა. ბარათაშვილის განმარტებით, მაუწყებელს ამერიკის ბიუროს შენახვა უფრო ნაკლები დაუჯდება, რადგან შესაძლებელია ამერიკაში მცხოვრები გადამღები ჯგუფი დასაქმდეს, რაც შეამცირებს მაუწყებლის ხარჯს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის კოლოსალური ვალის შესახებ For.ge ტელევიზიის თანამშრომლებს ესაუბრა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პროდიუსერ დოდო შონავასთვის უცნობია მაუწყებლის კონკრეტული დავალიანების შესახებ, თუმცა იგი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, ბორდის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.
„სულ ვამბობდი, რომ ბორდის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან ყველა ხარჯს ბორდი აწერდა ხელს და ბორდის ვიზირების გარეშე ვერანაირი ასეთი დიდი ხარჯი ვერ გაიწერებოდა. ტელევიზიის ბიუჯეტში, რომელსაც გენერალური დირექტორის წარდგინებით, ბორდი ამტკიცებს, გათვლილი უნდა იყოს ყველაფერი. თუ ერთს აწერდნენ ხელს და შემდეგ უკვე ეს ფული სხვა რამეზე იხარჯებოდა, ამას ნათელი უნდა მოეფინოს“, - გვითხრა დოდო შონავამ.
მისი თქმით, თანხების გაფლანგვის ეჭვები მუდამ არსებობდა, რადგან დიდი იყო ტელევიზიის დაფინანსება. ამის მიუხედავად, მეორე არხისთვის ცოტა ფული გამოიყოფოდა, წელიწადში მხოლოდ 300 ათასი ლარი. ეს მაშინ, როცა ტელევიზია „პიკისთვის“ 15 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამიტომ მეორე არხის პროდიუსერი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, თუ რაში დაიხარჯა ეს თანხები.
დოდო შონავას აზრით, დღესდღეობით, თუკი ტელევიზიას ფული არ აქვს, მაშინ თანხების ეკონომიკური ხარჯვა უნდა მოხდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს გონივრული ეკონომია, რადგან ბოლოს და ბოლოს, ეთერი ეთერს უნდა დაემსგავსოს. თანამშრომელთა შემცირების არაპოპულარული ნაბიჯი კი არ უნდა გადადგას გენერალურმა დირექტორმა, თუკი არ არიან ისეთი თანამშრომლები, რომლებიც არაფერს აკეთებენ.
ამ ეტაპზე დოდო შონავა იმასაც აცხადებს, რომ მათ კარგი გეგმები აქვთ და კარგი ტელევიზიის შექმნას აპირებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში კახა სვანიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში თანხების ეკონომიის გამო თანამშრომლების გაშვება არ იგეგმება.
ამ ეტაპზე ჩვენთან საუბარში სვანიშვილი არ აკონკრეტებს, რაში გახარჯა მაუწყებელმა თანხები. მისი თქმით, მას მეტ-ნაკლებად აქვს დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ, როგორც ახალი მენეჯმენტის წარმომადგენელს, მაგრამ ამას შესაბამისი უწყებები, მათ შორის, კონტროლის პალატა გაარკვევს.
„დიდი ვალია და ნორმალური მენეჯმენტის შემთხვევაში, ამდენი ვალი ნამდვილად არ უნდა დაეტოვებინათ. რატომ იღებდნენ ამ ვალებს, მიჭირს პასუხის გაცემა. რამდენიმე ტიპის ვალისგან შედგება ეს 17 მილიონი. არის საგადასახადო დავალიანება, ასევე, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიმართ დავალიანება, და არის კიდევ სამი მილიონიანი დავალიანება“,- აღნიშნა კახა სვანიშვილმა.
ამასთან, განმარტა, რომ ის 32 მილიონი, რაც მათ 2013 წლის ბიუჯეტის სახით დაუმტკიცდათ, ტელევიზიის საოპერაცოო საქმიანობისთვის საკმარისი იქნება, რომ არა ძველი საგადასახო დავალიანებები. თუმცა უკეთესი იქნებოდა, თანხები მეტი იყოს.