სამარშრუტო ტაქსების თემა ჩვენს ქალაქში პერიოდულად აქტიურდება ხოლმე და ბოლო დროს ამ ტრანსპორტის მიმართ საზოგადოება კვლავაც უკმაყოფილებას გამოთქვამს: პაპანაქება სიცხეში "მარშრუტკის" მძღოლები მგზავრებს კონდიციონერს არ ურთავენ. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ კონდიციონერის ჩართვა ბევრ საწვავს მოითხოვს, რაც მათ საკმაოდ აზარალებს... დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი ადამიანები და ზოგადად, მოსწონთ თუ არა სამარშრუტო ტაქსების მომსახურება...
ნუცა ჯანელიძე, მუსიკოსი:
- დავიწყებ იქიდან, რომ საოცრად არ მომწონს სამარშრუტო ტაქსების ფასი. ძვირია! მერე ძალიან მაინტერესებს, ვინ უნდა გასცეს ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერი ჩაირთოს?! იქნებ რაღაც დაწესდეს, ან კანონი გამოიცეს, როდესაც ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს, ან მძღოლები თავისით მიხვდნენ და საკუთარი ინიციატივით, მითითების გარეშე გააკეთონ ეს. მგზავრობისას ღიაა ფანჯრები და ამ პაპანაქება სიცხეში ცხელი ჰაერით ივსება სამარშრუტო ტაქსი... მერე მანქანაში 11 მგზავრზე მეტი არ უნდა იჯდეს, მაგრამ რამდენს სვამენ მძღოლები და როგორ ტენიან მანქანას, ეს კიდევ ცალკე თემაა! როდესაც მაგალითად, ბოლოში მდგომ მგზავრს ჩასვლა უნდა, უკანასკნელ ხმაზე უნდა დაუყვიროს მძღოლს, რომ გაიგოს და მანქანა გაუჩეროს. ხშირად არ ესმის, ან სპეციალურად იყრუებს, რაზეც მგზავრები ღელავენ, ზოგ მამაკაცს ნერვები არ ჰყოფნის და იგინება... თუმცა ყვითელ "მარშრუტკებში" დადებითი ის არის, რომ სისუფთავეა, არის პატარა ტელეეკრანი, რომელზეც გადის რაღაც რეკლამები...
ზურა ვადაჭკორია, ილუზიონისტი:
- ამ ქალაქში ძირითადად ფეხით ვმოძრაობ, თუ საჭიროება მოითხოვს, ტაქსით გადაავაადგილდები, მაგრამ მიუხედავად ამისა, შესანიშნავად ვიცი, რა ხდება სამარშრუტო ტაქსებში. ამის შესახებ ჩემი ახლობლებისგან, მსახიობებისგან, ასისტენტებისგან მუდმივად ვიგებ. ისინი წუხან იმაზე, რომ მანქანაში კონდიციონერს არ ურთავენ და რომ მაგრად "ნაგლობენ შოფრები". მაგალითად, მგზავრს გაჩერება უნდათ, დროულად არ უჩერებენ და ისეთ ადგილზე აჩერებენ მანქანას, სადავ უამრავი ხალხია შეჯგუფებული, რომ იქიდან კიდევ ვიღაც აიყვანონ... მოკლედ, მგზავრები მაგარ შარში არიან. ამიტომაც არის, რომ არც მეტროში ჩავდივარ, არც "მარშრუტკაში"
ავდივარ... მეტრო ისევ 5 თეთრი არ ღირს?
- მეტროში მგზავრობას 50 თეთრი უნდა.
- მოკლედ, 5 თეთრი რომ ღირდა, იმის მერე იქ არ ჩავსულვარ...
ზაალ სულაკაური, კარიკატურისტი:
- სამარშრუტი ტაქსი? რას მეუბნები. ტროლეიბუსი გახსოვს?
- როგორ არ მახსოვს.
- ჰოდა, იქ ჯდომა მერჩივნა, მაგ ყვითელ "მარშრუტკებში" ჩაჯდომას. თუმცა სისუფთავის მხრივ კი ესენი ჯობია ტროლეიბუსსაც და იმასაც, ყითელ "მარშრუტკებამდე" სამარშრუტო ხაზებზე სხვადასხვა მარკის მანქანები, გაქონილი სავარძლებით რომ დადიოდნენ...
მოკლედ, ბოლო დროს მოტოციკლი ვიყიდე და ქალქში ისე ვმოძრაობ და კიდევ უკეთ დავინახე, თუ რა საშინლად მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები და მე როგორც მოტოციკლისტს საავარიო და სახიფათო სიტუაციებს მიქმნიან... მაწუხებს ისიც, თუ როგორ საშინელ "ტაშფანდურულ" სიმღერებს ასმენინებენ მგზავრებს... იქნებ არ მსიამოვნებს, ხომ უნდა მკითხონ?