ფიჭურ კომპანიებს მადა 20-25%-ით დაუოკეს

ფიჭურ კომპანიებს მადა 20-25%-ით დაუოკეს

რამდენიმეთვიანი ჭიდილის შემდეგ, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს ფრთები კიდევ ერთხელ შეუკვეცეს. საქმე ეხება ტარიფის ზედა ზღვრის დაწესებას. ამიერიდან ვერცერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანია 24 თეთრზე მაღალ ტარიფს ვერ დააწესებს. ეს ნიშნავს, რომ სტანდარტული ტარიფი, დაახლოებით, 20-25%-ით შემცირდა. 

კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია 4-თვიანი კვლევის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ “მაგთისა” და “ჯეოსელის” ტარიფები ხელოვნურად იყო გაბერილი. ამიტომაც კომისიამ მობილურ ოპერატორებს ზღვრული ტარიფი დაუდგინა - 24 თეთრი. 

აქამდე “ჯეოსელის” მომხმარებელს 28,8 თეთრს, ხოლო “მაგთი” საერთოდაც 32 თეთრი ახდევინებდა. მარეგულირებლის დასკვნით, “მაგთის” ხარჯი წუთის დაანგარიშებით 18.5, ხოლო “ჯეოსელის” 17,1 თეთრს შეადგენდა. ამ ხარჯში ყველა გადასახადი და მოგება იყო გათვალისწინებული. 

კომისიამ დაადგინა, რომ მობილურმა კომპანიებმა 2010 წელს 600 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. ბაზრის ლიდერმა “ჯეოსელმა” 282 მილიონი მიიღო, “მაგთიმ” 10 მილიონით ნაკლები, ხოლო “ბილაინმა” 70 მილიონი. “ჯეოსელს” ბაზრის 45% უჭირავს, “მაგთის” - 42%, ხოლო “ბილაინს” - 13%. 

მარუგელირებელი კომისიის პრესსპიკერის, ხატია ყურაშვილისთქმით, მარეგულირებელმა 2010 წლის მაისში მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერჩართვის ტარიფის 14,8 თეთრიდან 8 თეთრამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

“მოლოდინი იყო, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირება საცალო ტარიფის შემცირებას გამოიწვევდა. თუმცა, რადგან მობილური ოპორატორები მხოლოდ სხვადასხვა აქციებით შემოიფარგლნენ, კომისიამ სექტემბერში დაიწყო საცალო ტარიფის დადგენის შესახებ კვლევა”, - აღნიშნა ყურაშვილმა.  

ოპერატორები ჩართულები იყვნენ კვლევის პროცესში და კომპანიას წარუდგინეს დოკუმენტაცია შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. “ყველა ინფორმაციის გათვალისწინებით წუთის მაქსიმალურ ღირებულებად 24 თეთრი დადგინდა”, - აღნიშნა ყურაშვილმა. 

მობილური ოპერატორები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ზღვრული ტარიფის დათვლის მეთოდიკას არ ეთანხმებიან. ფიჭური კავშირგაბმულობის ორივე ლიდერი აცხადებს, რომ მათთვის დაანგარიშების მეთოდიკაა მიუღებელია. “მაგთიში” განმარტავენ, რომ ბაზარზე ისედაც მძაფრი კონკურენციაა და ხელოვნური ჩარევები საჭირო არ არის. “ჯეოსელში” კი ჯერ არ იციან, გაასაჩივრებენ თუ არა მარეგულირებლის გადაწყვეტილებას.  ინფორმაციისთვის. 

“მიგვაჩნია, რომ მძაფრი კონკურენციის გამო, დღეისთვის ბაზარზე არსებული ტარიფები ისედაც ლიბერალურია და არ საჭიროებდა ზედმეტ ჩარევას. მიუხედავად ამისა, კომპანია შეასრულებს მარეგულირებელი კომისიის მიერ მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს”, - ნათქვამია კომპანის განცხადებაში.  

“ჯეოსელში” კი, კომისიის გადაწყვეტილების საფუძვლიანად შესწავლისა და მასში კომპანიისთვის საზიანო დეტალების აღმოჩენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენებას არ გამორიცხავენ. 

“კომისიის გადაწყვეტილება საკმაოდ მოცულობითია, ჩვენ საფუძვლიანად შევისწავლით მას. კომისიის სხდომაზე კი, არ მოგვეცა საშუალება, რომ ზოგიერთი საკითხი განგვეხილა. საჯარო მოხსმენა შედგა მხოლოდ ერთხელ, რატომ მოიქცა ასე კომისია, ჩემთვის უცნობია.

ჩვენი თვითმიზანი არ არის, კომისიას ყველა საკითხზე სასამართლოში ვედავოთ, მაგრამ თუ აღმოვაჩენთ ჩვენთვის საზიანო დეტალებს, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავთ”, -  განაცხადა “ჯეოსელის” იურისტმა, სანდრო სადაღაშვილმა.  

მისივე თქმით, კომპანიისთვის მიუღებელია ახალი, 24-თეთრიანი ტარიფი, რადგან კომისიამ ტარიფის დადგენისას არ გაითვალისწინა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯი. “ცალსახად ჩვენ არ მივესალმებით, რომ საცალო ტარიფის დარეგულირების პრეცედენტი დაიშვა, ასევე არ ვეთანხმებით ტარიფის დათვილის ფორმულას. ის არ არის სტანდარტიზებული”, - აღნიშნა სადაღაშვილმა.  

მობილური ოპერატორებისთვის კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დაწესებული ახალი ზღვრული ტარიფი - 24 თეთრი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში.