უცხოეთიდან საქართველოს 2935 მოქალაქე გამოაძევეს

უცხოეთიდან საქართველოს 2935 მოქალაქე გამოაძევეს

2013 წლის პირველ ნახევარში უცხოეთიდან საქართველოს 2935 მოქალაქე გამოაძევეს - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს. ყველაზე მეტი ადამიანი დეპორტირებულია თურქეთიდან. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენი მოქალაქეები გამოძევებულნი არიან ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა კორეა, ისლანდია და ავსტრალია. ამავე მონაცემებით, წელს საგრძნობლად გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც სამშობლოში იძულებითი დეპორტაციის გზით აბრუნებენ. 2012 წლის პირველ ნახევარში დეპორტირებულთა რიცხვი საქართველოში 1708 შეადგენდა, წელს კი 1200-ით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე კი საქართველოში 2013 წლის პირველ ნახევარში 108 მოქალაქე დააბრუნეს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოს მოქალაქეების გამოძევების რეალური მიზეზი მსოფლიოს ფინანსური კრიზისია. აღნიშნულ ქვეყნებს საკუთარი მუშახელის დასაქმებაც უჭირთ, არამცთუ საქართველოდან ჩასულების. ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს ჯერ აფრთხილებენ, რომ დატოვონ მათი ტერიტორია, შემდეგ იჭერენ და აძევებენ.

For.ge-სთან საუბარში “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების” ხელმძღვანელი, ნანა ნაზაროვა აცხადებს, რომ არალეგალთა დეპორტი და რეადმისია ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან რეადმისია არალეგალების სამშობლოში დაბრუნების შედარებით ცივილიზებული ფორმაა. ჩვენს ქვეყანას ხელი აქვს მოწერილი რეადმისიის ხელშეკრულებაზე ევროპასთან, რომლის თანახმადაც, საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა არალეგალურად საზღვარგარეთ წასულ ადამიანებზე, ევროპა კი მათ რეადმისიას მოახდენს და ამის შემდეგ საქართველომ ამ ადამიანების რეინტეგრაცია უნდა მოახდინოს. მართალია, უცხოეთში არალეგალურად წასულებს დეპორტსაც უქვემდებარებენ, თუმცა დეპორტი ძალზე იშვიათად ხდება და ჩვენს მოქალაქეებს ძირითადად რეადმისიით აბრუნებენ.

“ევროპელები ცდილობენ, დეპორტს არ მიმართონ, რადგან უფრო ძვირი უჯდებათ. ამიტომ ურჩევნიათ, არალეგალი სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნდეს. მაშინ დახმარებაც იქნება - მას რეინტეგრაციის პროგრამაშიც ჩართავენ და ადამიანი სამშობლოში ჩამოდის ევროპელების ხარჯზე. როცა საქართველო დაალაგებს სიტუაციას, ამის შემდეგ გვექნება უვიზო რეჟიმი ევროპასთან. მანამდე კი ევროპელები მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკის მსგავსად, გვთავაზობენ, რომ ჯერ მათი ცალკეული მოთხოვნები შევასრულოთ და ამის შემდეგ მივიღებთ უვიზო რეჟიმს ევროპასთან“, - აცხადებს ნანა ნაზაროვა.

თუ რატომ მიმართავდნენ თავის დროზე ევროპელები არალეგალების გამოძევების უხეშ ფორმას - დეპორტს, ამის შესახებ ნანა ნაზაროვა აცხადებს, რომ, უბრალოდ, მაშინ ევროპელებს ბილეთის ფული არ ჰქონდათ და ელოდებოდნენ, არალეგალის  ახლობლები როდის გაგზავნიდნენ ბილეთის ფულს, რომ არალეგალი სამშობლოში დაბრუნებულიყო. მართალია, პატარ-პატარა პროექტები მაშინაც არსებობდა ევროპის ქვეყნებში, თუნდაც გერმანიაში იყო ასეთი პროექტი, სახელწოდებით „ჰაიმატ გარდენი“ და ეს იყო ნებაყოფლობითი დაბრუნება სამშობლოში. ახლა კი ევროპას აქვს არალეგალების უკან დაბრუნების ფონდები.

„არსებობს არალეგალური და არადოკუმენტირებული მიგრაცია. მათ შორის დიდი განსხვავებაა. არალეგალურად წასულია უფრო პატარა ნაწილი და ძირითადი ნაწილი არადოკუმენტირებული მიგრანტებია, ვინც ვიზით გავიდა ევროპაში და იქ სავიზო რეჟიმი დაერღვათ და დარჩნენ. არალეგალობის შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები პასუხს აგებენ სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად და ასეთ შემთხვევაში, მათ მიმართ უფრო დეპორტს მიმართავენ, ხოლო, როცა სავიზო რეჟიმის დარღვევა ხდება, მათ ადმინისტრაციული ჯარიმა ეკისრებათ. ზოგჯერ ადამიანი საზღვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელია. ყოფილა შემთხვევები, რომ რამდენიმე წლის მანძილზე ამაოდ ელოდა თავშესაფარს და უცხოეთის სასამართლომ უარი უთხრა თავშესაფარზე. ასეთ შემთხვევაში, მისთვის ბილეთს ყიდულობენ და სახლში აბრუნებენ. თუ ამ ადამიანმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ, მაშინ ამბობს, ამდენი ხანი აქ ვიყავი, ახლა როგორ დავბრუნდე სახლში. მაშინ უცხოელები ეუბნებიან, კი ბატონო, დახმარებას მიიღებ და უკან დაბრუნდიო. ეს დახმარება ერთჯერადია, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რაოდენობითაა. ზოგიერთი ქვეყანა 1000 ევროს აძლევს, ზოგი 3000-სს ან მეტსაც, ოღონდ ადამიანი წავიდეს და არალეგალურად არ დარჩეს მათთან“,-აცხადებს ნანა ნაზაროვა.

მისი აზრით, საქართველოს მოქალაქეების უცხოეთიდან გამოძევების პროცედურა გაგრძელდება. უამრავი ადამიანია წასული საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ინგლისში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, პოლონეთში და, თუ ისინი არალეგალურად არიან, ან არადოკუმენტირებულ მიგრანტად ითვლებიან და უარს იღებენ თავშესაფარზე, მათ უკან დააბრუნებენ.

მაშინ რაღა აზრი აქვს უცხოეთში ამ სტატუსით წასვლას?! ექსპერტი აცხადებს, რომ 10-15 წლის წინ გაცილებით იოლი იყო საზღვარგარეთ დამკვიდრება. თუმცა, მისი აზრით, ჭკვიანი ადამიანი არალეგალად არ წავა, თუკი იგი საშინელ სიტუაციაში არ არის და სხვა გზა არ დარჩენია. კერძოდ, არის სიტუაციები, როცა ადამიანმა ბინა ან ბიზნესი დაკარგა, ან სახლში ავადმყოფი ჰყავს და ფული ესაჭიროება. ასეთ სტრესულ სიტუაციაში ადამიანები ყველაფერზე მიდიან. დანარჩენები კი, რომლებიც ამ პრინციპით მიდიან უცხოეთში-საქმე მაინც ვერ ვიშოვე საქართველოში და წავალო, აუცილებლად აღმოჩნდებიან გამოძევებულთა რიგებში.

ამდენად, ხშირად მათი უცხოეთში გამგზავრება გამართლებაზე ან უცხოეთში მყოფ  ნაცნობზეა დამოკიდებული, რომელიც მათ სამუშაო ადგილს ჰპირდება. თუმცა საეჭვოა, უშოვის თუ არა სამუშაოს. ამიტომ ძირითადად ევროპაში ქალები მიდიან და ისინი ოჯახებში მუშაობენ. თუმცა კრიზისის გამო იქაც მძიმე სიტუაციაა და ძნელია სამუშაოს პოვნა ევროპაში.

ამის მიუხედავად, ექსპერტი აცხადებს, რომ, სინამდვილეში, ევროპელებს ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსი და ცდილობენ, რაც უფრო ჭკვიანი, ახალგაზრდა და ჯანმრთელია ჩვენი მოქალაქე, იგი საქართველოდან გაიყვანონ; ხოლო, ვინც არ სჭირდებათ, მათ უკან აბრუნებენ. ამდენად, ნანა ნაზაროვა დარწმუნებულია, რომ ჭკვიანი ადამიანი ყველგან იპოვის თავის ადგილს. ამიტომ, თუ ჩვენს მოქალაქეს უცხოეთში ნორმალურად წასვლა სურს, მას შესაბამისი განათლება, ნორმალური დიპლომი უნდა ჰქონდეს, სასურველია, მაგისტრატურაც ჰქონდეს დამთავრებული,  მაგრამ ეს ყველაფერი ლეგალურად უნდა მოხდეს.