დღეს დილით ფრანგულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ კლუბი „პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელმა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
ყოფილი ფეხბურთელის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ გახლდათ. მიმდინარე წლის 5 მაისს ლეონარდომ ხულიგნური საქციელი ჩაიდინა. იმ დღეს საფრანგეთის ეროვნული პირველობის 35-ე ტურის შეხვედრაში პარიზული კლუბი „ვალანსიენს“ დაუპირისპირდა.
ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ლეონარდო მატჩის არბიტრს ალექსანდრე კასტროს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. განრისხებული პელეს თანამემამულის მტკიცებით, მსაჯმა თამაშის მიმდინარეობისას რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა.
საფრანგეთის ფეხბურის ფედერაციამ ლეონარდოს ცხრათვიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.
ამ სასჯელს ყოფილი მოთამაშე ძალიან განიცდიდა და გუშინ დაკავებული თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.
ლეონარდო პარიზულ გუნდში 2011 წლის ივნისიდან მუშაობდა. მანამდე სამწვრთნელო საქმიანობით იყო დაკავებული და სხვადასხვა დროს სათავეში „მილანსა“ და „ინტერს“ ედგა.