ჯეისონ მომოა რამდენიმე დღის წინ ჯიმი კემელის შოუში იყო მიწვეული, სადაც მსახიობმა თავისი ბოლოდროინდელი ფილმების — Slumberland-ისა და Chief of War-ის შესახებ ისაუბრა. თუმცა კემელის შოუ სახალისო განწყობის გარეშე არც ამჯერად დასრულებულა და ტელეწამყვანმა მომოას ინტერნეტში გავრცელებული ფოტო აჩვენა, რომელზეც მსახიობს თევზაობის დროს უკანალი უჩანს.
"ეს ჰავაიელების ტრადიციული სამოსია, რომელსაც უკვე ყოველდღე ვიცვამ", — განაცხადა ჯეისონ მომოამ. ამის შემდეგ კემელი დაინტერესდა, ჯეისონ მომოას მასთან სტუმრობის დროსაც ეცვა თუ არა ჰავაიელების ტრადიციული სამოსი. ამაზე პასუხად, ჯეისონ მომოამ პირდაპირ ეთერში გაიხადა და დაამტკიცა, რომ ტანსაცმლის შიგნით ეს სამოსი მართლა ეცვა.
"რა თქმა უნდა, მაცვია. სინამდვილეში, ტანსაცმლის ტარება აღარ მომწონს", — განაცხადა ჯეისონ მომოამ და აღნიშნა, რომ ასე თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს.
კემელის შოუში გახდილი ჯეისონ მომოას ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მომოა ბოლო პერიოდში პოპულარობის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. რამდენიმე დღის წინ მომოამ ინსტაგრამის გამომწერებს ამცნო, რომ გოჭი "იშვილა", რითაც ინტერნეტის დიდი მოწონება დაიმსახურა.