9 აპრილს დაზარალებულები აღარც ახალ ხელისუფლებას აინტერესებს

9 აპრილს დაზარალებულები აღარც ახალ ხელისუფლებას აინტერესებს

9 აპრილს დაზარალებული და მოწამლული პირებისთვის ყურადღება არც სააკაშვილის და არც ახალ ხელისუფლებას არ მიუქცევია. არადა, დაპირებები უხვად იყო. დღევანდელი ხელისუფალნი ოპოზიციაში ყოფნისას ამ ადამიანებს დახმარებას აღუთქვამდნენ, დღეს კი ტელეფონსაც არ პასუხობენ. ამდენად, შესაძლოა, 9 აპრილს მოწამლულებმა ქუჩის აქციებს მიმართონ.

For.ge-ს ესაუბრება „9 აპრილის ფონდის“ გენერალური დირექტორი გელა მაღრაძე.

- თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო, 9 აპრილს მოწამლულებს საქართველოს ნებისმიერ კურორტზე 24-დღიან უფასო საგზურს გვაძლევდნენ. შეღავათები გვქონდა ტრანსპორტში მგზავრობაზე, დენის და გაზის გადასახადებზე. თუმცა სააკაშვილის დროს გაგვიუქმეს კანონი, რომელიც თავის დროზე პარლამენტმა მიიღო ჩვენს შესახებ. 9 აპრილს მოწამლულებს 22 ლარი დაუნიშნეს თვეში, 44 ლარი კი - ინვალიდებს, ვითომ კომპენსაციის სახით, რადგან დენის, გაზისა და სხვა შეღავათები მოხსნეს. მოწმობების გაცემაც შეაჩერეს, რამაც პრობლემები შექმნა. ყველას ხომ არ ჰქონდა ეს მოწმობა, ზოგს ეკარგებოდა, ზოგმაც ვერ აიღო და იმ 22 თუ 44 ლარსაც მოწმობის გარეშე „სობესში“ არ უნიშნავდნენ. 2005 წლიდან ვიბრძვით, რომ ამ მოწმობების გაცემა დაიწყოს, მაგრამ ვერ მივაღწიეთ. მოგეხსენებათ, 1990 წლის 20 იანვარს აზერბაიჯანშიც მოხდა ანალოგიური შემთხვევა, როცა ბაქოში 160 ადამიანი ავტომატებით ჩაცხრილეს რუსებმა, ასევე, მოხდა ლიტვაშიც. ჩვენ დამეგობრებულნი ვართ ამ ხალხთან, ყოველ ცხრა აპრილს ისინი ჩამოდიან და ჩვენც ჩავდივართ მათთან. მათ შეღავათები აქვთ, ბინებს და მანქანებს ურიგოდ და უფასოდ აძლევენ, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მებრძოლის სტატუსი აქვთ ამ ადამიანებს. თავის დროზე ნინო ბურჯანაძესაც შევხვდით, დახმარებას შეგვპირდა. იმ დროს ოპოზიციაში იყო პარლამენტარი დავით საგანელიძე, მაშინ გვითხრა, ჩვენ ახლა ოპოზიციაში ვართ და მთავრობაში რომ მოვალთ, ყველანაირად გვერდში დაგიდგებითო.

თუ სააკაშვილის დროს თავრობისგან ყურადღებას არ გრძნობდით, აქტიურ ქმედებებს და პროტესტის ფორმას რატომ არ მიმართავდით?

- ჩვენ არასდროს გამოვსულვართ საპროტესტოდ, რადგან ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია. თანაც, მივდიოდით ჯანდაცვის სამინისტროში, დაველაპარაკებოდით, შეგვპირდებოდნენ, საქმეს მოვაგვარებთო. პარლამენტარმა გიგი წერეთელმა პირდაპირ გვითხრა, სანამ მე ვიქნები, 9 აპრილს მოწამლულებს არაფერს გავუკეთებო.

ხომ არ ფიქრობთ, რომ 9 აპირილს მოწამლულებს სწორედ გიგი წერეთელი ან სხვა ვინმე გბლოკავდათ?

- მაშინ გიგი წერეთლის გარეშე იქ არაფერი არ წყდებოდა და სწორედ გიგი წერეთელი ბლოკავდა 9 აპრილის ხალხს, რომ დახმარება არ მიგვეღო. მაშინ ჩვენი ერთ-ერთი მოწამლული, იგორ პატარიძე პარლამენტის წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“, და მანაც ვერ გაიტანა ვერცერთი საკითხი, რომ ამ ხალხს დახმარება ჰქონოდა. 1991 წლიდან მოყოლებული, პრეზიდენტს თუ მთავრობის ყველა ხელმძღვანელს ვთხოვდით, 9 აპრილს დაღუპული 23 ადამიანი, რომელთაგან სამი 16 წლის გოგონა იყო, რაიმე ღირსების ორდენზე წარედგინათ სიკვდილის შემდეგ. მე მგონი, ეს ხალხი ამას იმსახურებს. ბოლოს და ბოლოს, 9 აპრილით დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობა. წერილები გვაქვს მიწერილი პრეზიდენტის აპარატში, თუმცა ერთხელაც არ მოგვსვლია პასუხი. ნინა წკრიალაშვილი უნდა იყოს ღირსების ორდენის მქონე და 16 წლის თამრიკო ჭოველიძე, რომელიც ჯალათებმა წამებით მოკლეს, არ უნდა იყოს ამ ორდენის ღირსი?

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავით საგანელიძეს თუ შეახსენეთ დაპირება?

- დავით საგანელიძეს რამდენჯერმე დავურეკეთ. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ქუთაისის პარლამენტში მიგვიღო და მოგვისმინა, არის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. შევხვდით დავით ფაცაციას, ჩვენი პრობლემების შესახებ ავუხსენით, ვუთხარით, რომ ეკა ბესელიასთან გვინდოდა შეხვედრა. ქალბატონ ეკას, როცა ოპოზიციაში იყო, ვურეკავდით და ორჯერ შეხვედით კიდეც. მაშინ შეხვედრის პრობლემა არ იყო, მაგრამ ახლა ყურმილს საერთოდ არ იღებენ. დავით საგანელიძის მდივანი კი გვეუბნება, არ სცალია, ვერ მიგიღებთო. ბატონ ბიძინასთანაც გვინდოდა შეხვედრა, თუმცა გვითხრეს, პრემიერ-მინისტრი არავის იღებსო.

9 აპრილს სტუმრები რომ ჩამოდიან, მარტო მერია გვეხმარება. ახლა გადავწყვიტეთ, ჩუმად ყოფნა საჭირო არ არის. 9 აპრილი მხოლოდ 9 აპრილს ახსოვთ, მოდიან, ვითომ ცხარე ცრემლებს გადმოყრიან იმ სამარცხვინო ქვასთან, რომელიც დგას ყოფილი პარლამენტის წინ და იძახიან, 9 აპრილის გმირები დასაფასებლები არიანო, მაგრამ, როგორც კი მანქანაში ჩასხდებიან, ყველაფერი ავიწყდებათ. გამოვიდნენ და თქვან, არ გვინდა ეს დღე, არ გვინდა ეს ხალხი, რომლებიც ამ დღეს შეეწირნენ და დაინვალიდნენ, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება. რომელ დახმარებაზეა საუბარი, როცა წინა პარასკევს გამოგვიცხადეს, მე-4 პროფილაქტიკური ცენტრის შენობა დატოვეთ და წადით აქედანო. კერძო ინვესტორმა იყიდა ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ეს პოლიკლინიკა. ერთადერთი ბიზნესმენი, ვინც გვერდში დაგვიდგა, ელგუჯა ბუბუტეიშვილი იყო. მან 25 წლის დაძველების კონიაკი ჩამოასხა და საჩუქრად გადასცა საქართველოში 9 აპრილს ჩამოსულ უცხოელებს. კახი კალაძესაც მივმართეთ დასახმარებლად, თუმცა ამაოდ.