ლუი დე ფიუნესი გვიბრუნდება

ლუი დე ფიუნესი გვიბრუნდება

რამდენიმე დღის წინ ფრანგულმა საინფორმაციო საშუალებებმა სენსაციური ცნობა გაავრცელეს. უახლოეს მომავალში, ცნობილი კომიკოსი ლუი დე ფიუნესი დიდ ეკრანს დაუბრუნდება.

გარდაცვლილი მსახიობის სახის გაცოცხლების იდეა ფრანგ მსახიობს ჟამელ დებუზის ეკუთვნის. მუსიე ჟამელი დე ფიუნესის მსგავსად კომიკური ჟანრის მსახიობია. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ კინორეჟისურაშიც მოსინჯოს შესაძლებლობები. არჩევანი ბრიტანელი მწერლის, როი ლიუსის წიგნის “რატომ არ შევჭამე მამაჩემი” მიხედვით დაწერილ სცენარზე შეაჩერა.

ახალი კინოსურათი 3D ფორმატის იქნება და მის საგადასაღებო პროცესში გამოყენებული იქნება უახლოესი „Motion Capture”-ს ციფრული ტექნოლოგიები.

ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის ამ ფილმში მონაწილე მსახიობების შემადგენლობა. ცნობილია რომ თავად დებუზი ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. სურათის გადაღება მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.

ამ ისტორიაში ყველაზე სასეირო ის არის, რომ  კინორეჟისორი ეკრანზე ლუი დე ფიუნესის გაცოცხლებას აპირებს. დებუზიმ ფრანგული კინოს არქივში მოიძია რეჟისორი ჟერარ ურის სურათის „განდიდების მანიის” დღემდე გამოუყენებელი კადრები. ამ ფილმში მთავარ როლს ლუი დე ფიუნესი ასრულებდა. არქივში მოპოვებულ მასალას უახლოეს მომავალში გადაღებულ ახალ სურათს შეუერთებენ და დიდი ფრანგი კომიკოსიც მსოფლიო ეკრანებს კიდევ ერთხელ მოევლინება.