რობინიო „სანტოსში“ გადავიდა

რობინიო „სანტოსში“ გადავიდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში იტალიური და ბრაზილიური მას-მედიის საშუალებები აქტიურად აქვეყნებდნენ ინფორმაციას, რომ კლუბი „მილანის“ თავდამსხმელი რობინიო ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა.

გასულ წელს ჟურნალისტებმა პელეს თანამემამულე „კორინთიანსში“, „ფლამენგოსა“ და „ვასკო და გამაში“ დააბრუნეს. ჩვენი სამხრეთ ამერიკელი კოლეგების დიდი მონდომების მიუხედავად რობინიო კარიერას სილვიო ბერლუსკონის გუნდში აგრძელებდა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას არ ცდილობდა.

დღეს დილით ბრაზილიურმა გამოცემამ „Globo Esporte” გაავრცელა ცნობა, რომ რობინიო კლუბ „სანტოსში“ ჩაირიცხა.

ნეიმარის კატალონიურ „ბარსელონაში“ გაყიდვის შემდეგ „სანტოსს“ ფული გაუჩნდა და იტალიური გუნდიდან 29 წლის რობინიოს შეძენა მოახერხა.

ბრაზილიური მას-მედიის მტკიცებით, ნეიმარის ყოფილ გუნდს რობინიოს ყიდვა სულ რაღაც 6 მილიონი ევრო დაუჯდა.