„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს და აცხადებს, რომ კბილაშვილის პრესკონფერენციამ საზოგადოებას პასუხების ნაცვლად ბევრი კითხვის დასმის საშუალება მისცა. „კბილაშვილის დღევანდელმა პრესკონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ბედუკაძესთან დაკავშირებით მიღებული ლოიალური გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, იყო მხოლოდ განცხადება განცხადებისთვის და ივანიშვილის ტრადიციული ქმედება, როდესაც მას უნდა, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნას და ყველაფერი სხვას დააბრალოს“- მიიჩნევენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
რაც ყველაზე საინტერესოა, მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, ბედუკაძის სასჯელისგან გათავისუფლების გამო უკმაყოფილოა მმართველი გუნდიც, თუმცა კბილაშვილი პოზიციის დათმობას არ აპირებს. რატომ ატყდა აჟიოტაჟი ბედუკაძის საქმის ირგვლივ, ამ თემაზე ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.
ბატონო კახა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ხელისუფლება, აღმასრულებელი თუ საკანომდებლო, თვით პრემიერ-მინისტრიც კი უკმაყოფილოა მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით ბედუკაძესთან დაკავშირებით, არჩილ კბილაშვილი პრინციპულად არ აპირებს, გადაწყვეტილებას გადახედოს, ეს ხომ არ არის იმისი ხაზგასმა პოლიტიკოსების მხრიდან, რომ დღევანდელი პროკურატურა წინამორბედისგან განსხვავებით სრულიად დამოუკიდებელია?
- რეალურად რომ სდომებოდა კბილაშვილს ამ გადაწყვეტილების შეცვლა, ვერ შეცვლიდა, რადგან შესაბამისი საფუძვლები არ დევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში. კანონში პირდაპირ რეგულირდება, როგორ ხდება მთავარი პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილება და თვითონ საპროცესო შეთანხმების დადება. მოქმედი კოდექსის მიხედვით ამ გადაწყვეტილების გადახედვა შეუძლებელია. შესაძლოა, დღეს ბატონ არჩილს სურვილიც კი აქვს, რომ არ იყოს მოვლენათა ეპიცენტრში - ფაქტობრივად, მთელი სამთავრობო გუნდი აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს - შესაძლოა, ნანობს კიდეც ყოველივე ამის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ უკვე ვეღარ შეცვლის.
თუ კბილაშვილი ფიქრობს, რომ რამენაირად მისი გადაწყვეტილება შესაცვლელია, შესაძლოა, ხვალ-ზეგ სხვა საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთოს რაიმე ეპიზოდი ბედუკაძესთან დაკავშირებით და აქ უკვე ისეთი ლმობიერი აღარ აღმოჩნდეს კბილაშვილი მის მიმართ.
რაც შეეხება მთავრობის წევრების და თვით პრემიერის განცხადებებს, ეს ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს პროკუტარურაზე ზეწოლის მცდელობად, არის ეს პოლიტიკური ჩარევა?
- „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კანონმდებლობით შემოიღეს პოლიტიკური თანამდებობის პირის ცნება, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ თანამდებობის პირებს, მინისტრებს, აქვთ არა მხოლოდ განცხადებების გაკეთების უფლება, არამედ საარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერის უფლებაც კი. მინისტრებს გადადგომაც კი არ ევალებათ, როდესაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურთ. თუ ამ კუთხით ვიმსჯელებთ, რომ მინისტრები პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, ბუნებრივია, მათი განცხადებები არის პოლიტიკოსების განცხადებები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. რეალურად, უკეთესი იქნებოდა, მინისტრებიცა და მათი მოადგილეებიც საჯარო პირები იყვნენ.
უკმაყოფილებას აფიქსირებს საპარლამენტო უმრავლესობაც, ეს როგორ შეიძლება აღვიქვათ?
- საქართველოს სისხლის სამართლის 218-ე მუხლით, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევაში შევიდეს სასამართლოში შუამდგომლობით და კონკრეტულ ბრალდებულს მოუხსნას როგორც პასუხისმგებლობა, ისე სასჯელი. იქვე დათქმაა, რომ ეს შუამდგომლობა არ შეიძლება შეტანილ იქნას სსკ-ს 144 პირველი, მეორე და მესამე პრიმა მუხლებზე, რაც გულისხმობს, წამებას, წამების მუქარას და დამამცირებელ მოპყრობას.
თუ ვიმსჯელებთ იმაზე, როგორ შევიდა კბილაშვილი ასეთი ტიპის შუამდგომლობით, როდესაც დანაშაული სახეზეა, მაშინ იმ მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, ვინც კბილაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა.
არანაკლებ საინტერესოა, რატომ გამოიყენეს ლმობიერი დანაშაული იმ პირების მიმართ, რომლებიც პატიმრების წამებაში იმხილებოდნენ. თუ ამ ადამიანებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და შედეგად, უფრო მაღალი თანამდებობის პირებზე გავიდნენ, მაშინ სად არის ეს შედეგი, რის საფასურად გაფორმდა? - ასეთ შემთხვევაში ისინი უფრო მძიმე, სისტემური დანაშაულის გახსნაში უნდა დახმარებოდნენ.
ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, მაგრამ ვერ ვხედავთ ამ ბრალდებულების ჩვენენების საფუძველზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების, მინისტრების, კალმახელიძის და შაშკინის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებმაც დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცოდნენ, რა ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში და შეიძლება, კიდევ უფრო მაღლაც კი ავიდეთ - ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირის დანაშაული, რომელიც ოფიციალურად იკვეთება, ეს არის ჭაკუა, რომელიც გაქცეულია.
ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ აგორდა კამპანია კბილაშვილის წინააღმდეგ და ერთ-ერთი ვერსიით, ინიციატორი „რესპუბლიკური პარტიაა“, რადგან ხიდაშელს სურს კბილაშვილის თანამდებობის დაკავება, რამდენად შეიძლება სიმართლესთან ახლოს იყოს აღნიშნული ვარაუდი?
- კბილაშვილის თანამდებობის, ისევე როგორც ყველა მინისტრის თანამდებობის მიმართ დიდი ინტერესია კოალიციაშიც და პოლიტიკოსებშიც, რადგან ნებისმიერი თანამდებობა, განსაკუთრებით, მინისტრის და მთავარი პროკურორის, მიმზიდველია იმ პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც ხელისუფლებაშია.
კოალიცია არ არის ერთპარტიული და ბუნებრივია, ყველა პოლიტიკურ პარტიას სურვილი აქვს, საკუთარი თავი გაიძლიეროს, უფრო სერიოზული პორტფელი ეკავოს ხელში მისი პარტიის წევრს. თუმცა არ მგონია, რომ ამ შემთხვევში რესპუბლიკელებს შეუძლიათ, მთელი მინისტრთა კაბინეტი ერთ ჭკუაზე დააყენონ და ღარიბაშვილი, მთელი დანარჩენი მინისტრები და დეპუტატები ერთსა და იმავეს აცხადებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურთ რესპუბლიკელებს.
წარმოიდგინეთ, ასეთ შემთხვევაში, კოალიციის რომელიმე წევრმა ჯერ კბილაშვილის საფუძვლის შერყევა, შემდეგ გადაყენება და შემდეგ საკუთარი კანდიდატურის დანიშვნა უნდა უზრუნველყოს. ეს დამეთანხმებით, შეუძლებელია და თუ რესპუბლიკელები ამას აკეთებენ, დანარჩენები დგანან და მათ თამაშს თამაშობენ? თუმცა კბილაშვილის ან ღარიბაშვილის თანამდებობის მიმართ კოალიციაში შემავალ თუ არაკოალიციის წევრ, ნებისმიერ სუბიექტს რომ ჰქონდეს ინტერესი, ეს ბუნებრივია.
„ნაციონალური მოძრაობა“ კბილაშვილის გადადგომას და განმარტებას ითხოვს, ხომ არ დაგეგმა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა ამ ვიდეომასალების საფუძველზე, ვისთან ინახებოდა ეს მასალა ერთი წლის განმავლობაში და რატომ მოხდა მისი გამოქვეყნება მაინც და მაინც არჩევნების წინ. თქვენი შეფასებით, არის ლოგიკა ნაციონალების ვარაუდებში?
- ნაციონალები დღეს კითხვებს კი არ უნდა სვამდნენ, მათ უნდა უსვამდნენ კითხვებს. იმით კი არ უნდა იყვნენ დაინტერესებულები, როგორ მოახერხა ბედუკაძემ იმ ჯოჯოხეთის დროს კადრების გადაღება და გარეთ გამოტანა,
ნაციონალებს უნდა ეკითხებოდნენ, იცოდნენ თუ არა ამ ყველაფრის შესახებ და თუ არ იცოდნენ, რატომ?! სასაცილოა, როდესაც ხალხი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით დღეს დეპუტატია, რატომ სვამს კითხვებს ბედუკაძესთან დაკავშირებით, როდესაც პირდაპირ მათი პარტიის წევრების სახელებს უკავშირდება ჯოჯოხეთური პირობების შექმნა საჯელაღსრულების სიტემაში - ცემა, წამება, უკანონო თვალთვალი, შანტაჟი და ბევრი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
დღეს პრეზიდენტის თამადობით, პოლიტიკური ამნეზია ემართებათ და თურმე, მაღალი თანამდებობის პირები ერთმანეთსაც კი არ იცნობდნენ. თუ ისეთი კვალიფიკაცია აქვთ, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ იმაზე, რაც ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ, აქ უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მორალური პასუხისმგებლობის საკითხი დგება, რა უფლება აქვთ ამ ადამიანებს, ამ თემაზე საუბრისა?!
ბედუკაძის თავისუფლება კი არ ანაღვლებთ, არამედ ის, როცა ყველაფერს აკონტროლებდნენ, როგორ ვერ მოახერხეს მისი იზოლირება, რომ სააშკარაოზე არ გამოსულიყო მათი საქმეები.
თუ აღმოჩნდება, რომ ეს მასალა მართლაც სადღაც ინახებოდა ერთი წლის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში რა ტიპის პასუხისმგებლობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?
- რა მოხდა, თუ ბედუკაძემ ციხიდან გამოიტანა კადრები, ბიძინა ივანიშვილს გადასცა, მან კი საზოგადოებას ამცნო იმ სადისტური ქმედებების შესახებ, რაც ხდებოდა? რაშია დანაშაული, იმაში, რომ ამხილეს „დემოკრატიის შუქურა“?! არ ვფიქრობ, რომ ეს დანაშაულია. დანაშაული ის კი არ არის თუ ივანიშვილმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, არამედ ის, რაც ხდებოდა.
კიდევ ის არის გასარკვევი, რამდენად სუფთად იქცეოდა ბედუკაძე, რა მიზნები ჰქონდა, როდესაც ეს მასალები გადასცა, თუ პროკუტარურამ გამოიკვლია, რომ ანგარება არ ამოძრავებდა, ესეც კიდევ ერთი ხელშესახები არგუმენტია.
როდესაც ერთი წლის განმავლობაში დანაშაულის დაფარვაზე ლაპარაკობენ, დავუშვათ, რომელიმე ტელეკომპანიას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გამოექვეყნებინა ეს მასალა, როგორი სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა?
- „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში ამ კადრების მთელ საქართველოში გავრცელება შეუძლებელი იყო. „კავკასიას“ ან „მაესტროს“ რომ გაეშვა ეს კადრები, შეიძლებოდა, საერთოდ დაეხურათ ეს ტელევიზიები, ან ზერელე გამოძიება ჩაეტარებინათ და მიეჩქმალათ ეს მასალები.
რომ არ ყოფილიყო არჩევნები და რომ არ ყოფილიყო ამოქმედებული „მასთ ქერის“ პრინციპი, ისე ჩაფარცხავდნენ, როგორც არაერთხელ ჩაუფარცხავთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები - აპირებდნენ კიდეც, რომ გაიგეს, ინფორმაციამ გაჟონა და ბრიუსელში რაღაც კადრებზე საუბრობდნენ, თვითონვე გეგმავდნენ ვითომდა სპეცოპერაციის ჩატარებას, რომ კადრები არააქტუალური გამხდარიყო, ისეთ პოზაში დამდგარიყვნენ, რომ თვითონაც იცოდნენ და აი, ათი სადისტი დასაჯეს კიდეც.
დღესაც კი, როდესაც საზოგადოებისთვის ასე თუ ისე, ყველაფერი გასაგებია, პრეზიდენტი რომ პრეზიდენტია, ისიც კი აცხადებს, რომ არც ახალაიას იცნობდა, არც ჩხატარაშვილს, არც მეგის ქარდავას. არ აღმოჩნდა ნაცმოძრაობაში ერთი ადამიანიც კი, რომელიც იტყოდა, რომ დიახ, ჩვენ ვიყავით დამნაშავეები ეს მაშინ, როცა ოპოზიციაში არიან. წარმოიდგინეთ, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რას გააკეთებდნენ.
როგორ ფიქრობთ, რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი მაინც და მაინც ბედუკაძის საქმის გამო?
- მართლაც საინტერესოა, რატომ ლაპარაკობს ყველა ამ ერთ თემაზე, მაშინ როდესაც არავინ არ აკეთებს აპელირებას იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოიტანა ბორჯომის რაიონულმა სასამართლომ არანაკლებ მძიმე საქმეზე. ივანიშვილმა ახსენა ბედუკაძე და მაშინვე ატყდა ერთი ამბავი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ერთი საქმის ირგვლივ არ ვახდენდეთ ფოკუსირებას. რატომღაც ე.წ. სასამართლოს მიმართ კითხვები არავის უჩნდება, რომელმაც იგივე დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რასაც ბედუკაძეს ედავებიან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კი ამ გადაწყვეტილების გამოტანიდან რამდენიმე საათში დაარღვია კანონი, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება იყო მიღებული - ასეთი განცხადება განაჩენის საკასაციო ან სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების საშუალებას სპობს. ვფიქრობ, კუბლაშვილის მხრიდან ეს ავტორიტეტით ვაჭრობაა, თანამდებობრივი დანაშაული იკვეთება და გარდა ბედუკაძისა, ეგებ ბორჯომის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მოტივებიც განვიხილოთ ამ განაჩენის გამოტანისას. იქნებ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხიც დავაყენოთ, რადგან საამისოდ სრულიად საკმარისი საფუძველი არსებობს.