მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას აღარ დაუბრუნდება. არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ საპროცესო კანონი აღნიშნულის შესაძლებობას არ უშვებს, რის გამოც დარჩება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია. ის აქვე განმარტავს, რომ პრემიერი და მათ შორის იუსტიციის მინისტრი არ იყო საქმის კურსში იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მან მიიღო. კბილაშვილი განმარტავს, რომ ეს არის კანონით, კონკრეტულად, მთავარი პროკურორის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. მისივე განმარტებით, მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თათბირი მის კოლეგებთან, მაგრამ ეს არ ყოფილა პოლიტიკური გუნდის მსჯელობის საგანი.
„შეცვლას რაც შეეხება, ამ მხრივ საპროცესო კანონი არ უშვებს რაიმე შესაძლებობას, ამიტომ სურვილიც რომ მქონდეს რაიმეს შეცვლის, ამის შესაძლებობა არ არსებობს, აქედან გამომდინარე, დარჩება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
რაც შეეხება პრემიერის კრიტიკას, არჩილ კბილაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის მორალის მაღალი სტანდარტიდან გაცხადებული პოზიცია. მისვე თქმით, ის ესაუბრა პრემიერს და გააცნო ის არგუმენეტები, რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება.
„მის აზრს პატივს ვცემ, რადგან ეს არის მორალის ზედა ზღვარი, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში, ძალიან მაღალი მორალური სტანდარტის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო და სამართლიანი იქნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე“, - აღნიშნა კბილაშვილმა.
როგორც მთავარი პროკურორი განმარტავს, პატიმრების წამებაში მონაწილე ბევრი პირი, რომელთა ვინაობაც დღეს არ ვიცით, შესაძლოა, დღეს უფრო მაღალ თანამდებობაზეა, ვიდრე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობისას, როდესაც პატიმრებს აწამებდნენ. კბილაშვილმა ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მოტივები ვრცლად განმარტა და აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო განესხვავებინა ბედუკაძე იმ პირებისგან, რომელთა შესახებაც გამოძიებისთვის დღეს უცნობია.
მთავარმა პროკურორმა ცალ-ცალკე მიმოიხილა საქმის ფორმალური სამართლებრივი მხარე და შინაარსობრივი ასპექტი, რომლებიც საფუძვლად დაედო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას. არჩილ კბილაშვილის განმარტებით, მთავარი პროკურორის ამ უფლებამოსილებას კანონი არეგულირებს და შესაბამისად, ვერ დაისმება კითხვა, იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება კანონიერი.
მთავარი პროკურორის ინფორმაციით, ვიდეომასალების საფუძველზე დაწყებული სისტემური გამოძიების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 2300 პატიმარი დაიკითხა, რის შედეგადაც ანალიტიკური დასკვნა შედგა. კბილაშვილმა ჟურნალისტებს დასკვნიდან ის ამონარიდი გააცნო, სადაც პატიმართა მიმართ მოპყრობის მეთოდებია აღწერილი.
„ეს მეთოდებია - ცემა-წამება - ჯგუფურად, მრავალჯერ, სასტიკად, რეზინის ხელკეტით, სავარჯიშო ბალიშით, პლასტმასის მილით, წყლით სავსე ბოთლით. არსებობდა წყლიან ჭურჭელში თავის ჩაყოფის, სილის ჭამის, სავარჯიშო ძელზე დაკიდების, ელექტროშოკით წამების მეთოდები. საიდუმლო თანამშრომლობაზე უარის თქმის, ან რაიმეზე პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში, ხდებოდა პატიმართა მასობრივი დასჯა. სამედიცინო დახმარების ან ექიმის მოთხოვნის გამო ხდებოდა მათი სასტიკად ცემა, ადგილი ჰქონდა კბილების ჩამტვრევის არაერთ შემთხვევას.
იკეტებოდა საკნების ფანჯრები, იკეტებოდა წყალი, ბანაობისას უწყვეტდნენ წყალს და პატიმრები რჩებოდნენ საპნიანები, ცხელი კერძები რამდენიმე წუთში უნდა ეჭამათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღვრევინებდნენ, იყო გაუპატიურების ფაქტები, უძილობა, ჩურჩულის აკრძალვა, ე.წ. წითელი პარასკევი, როდესაც ერთ ოთახში შეჰყავდათ პატიმრები, სცემდნენ, იქიდან გამოყვანილს ატარებდნენ ხელკეტებით შეიარაღებული სად-ის თანამშრომლების კორიდორებში, ზოგ შემთხვევაში, საათობით უშვებდნენ ცხელ წყალს, სვამდნენ კარცერში ნაწამებ პატიმრებს ჭრილობების მორჩენამდე, არ ჰქონდათ ლოგინი, ეძინათ ბეტონის იატაკებზე“, - განაცხადა კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის განმარტებით, ბედუკაძის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღო ის საკითხი, რომ ამ კადრების გამოქვეყნების გამო ათასობით პატიმარი მომავალში მსგავს პირობებს აღარ დაექვემდებარება. მეორე არგუმენტად მთავარმა პროკურორმა ბედუკაძის მიერ ვიდეომასალების გავრცელების გადაწყვეტილების მიღების თარიღი დაასახელა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში რაიმე პოლიტიკურ შეღავათზე მას გათვლა ვერ ექნებოდა.
„ლადო ბედუკაძემ ეს ვიდეომასალა გადასცა გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში რაიმეს შეცვლის პერსპექტივა არ ჩანს, რადგან ივანიშვილმა განცხადება პოლიტიკაში მოსვლაზე ოქტომბერში გააკეთა. როდესაც ბედუკაძემ ამ მასალის გავრცელების გადაწყვეტილება მიიღო, არ შეიძლებოდა ჰქონოდა გათვლა პოლიტიკურ შეღავათზე. ამას აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, რათა შევაფასოთ ადამიანის მოქმედება“, - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
ვლადიმერ ბედუკაძე ადასტურებს, რომ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურ მდივანს, გიორგი ლომიას გადასცა.
„ჩვენ ერთად ვეძებდით გზებს ამ კადრების გამოსააშკარავებლად და ქვეყნიდან გასატანად. ეს ადამიანი დღეს თავისუფალია და არის პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი. მასალის გადაცემა მოხდა 2011 წლის სექტემბერში, თუმცა შემდეგ მისი გავრცელება ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა ლადო ბედუკაძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი გიორგი ლომია ირწმუნება, რომ ვლადიმერ ბედუკაძეს პატიმართა წამების ამსახველი კადრები უანგაროდ არ დაუთმია. ის ადასტურებს, რომ ვიდეომასალა 2011 წლის სექტემბერში მიიღო, თუმცა იმაში დარწმუნებას, რომ ეს პროვოკაცია არ იყო, დრო დასჭირდა. მისივე განმარტებით, ბედუკაძემ მასალის სანაცვლოდ რიგი მოთხოვნები დააყენა, რომლებიც „გადაჭარბებით“ დაკმაყოფილდა.
„იმაზე მეტიც შევასრულეთ, რაც მან მოითხოვა, რადგან ევროპაში მისი რაღაც-რაღაცეები საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა. მან გაცილებით მეტი მიიღო, ვიდრე მოითხოვა და ეკუთვნოდა და უზნეო საქციელიც პლუსს არ უწერს, მაგრამ ის ასეთი პიროვნებაა. ის, რომ ვინმემ მეტი გააკეთა და ვინმემ – ნაკლები, ტყუილია, რადგან ეს იყო ერთი ჯაჭვი. რომელიმე ადამიანს რომ თავისი ფუნქცია ჯეროვნად არ შეესრულებინა, ეს არ მოხდებოდა“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.
მისი ინფორმაციით, ბედუკაძეს გადასცა შესაბამისი აპარატურა ფარული გადაღებებისთვის – ღილი, კალამი და საათი, თუმცა მან „კარანტინის დაშლის“ კადრები ვერ მიუტანა. მისვე თქმით, ვიდეომასალა არჩევნებზე გათვლილი არ იყო და პროცესი კარანტინის კადრების მოპოვებამ გააჭიანურა.
„ბედუკაძეს ჩემთან წამოსცდა, რომ ჰქონდა ეს კადრები, დანარჩენი კი ჩვენი ზეწოლის შედეგია. ბედუკაძეზე ათი ათეულობით ათასი ევრო დაიხარჯა, თუმცა ინფორმაციას, რომ მან დიდი თანხა მიიღო ნაღდი ფულის სახით, არც უარვყოფ და არც ვადასტურებ“, - აღნიშნა ლომიამ.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრის პოზიციას ლადო ბედუკაძის საქმის გადახედვასთან დაკავშირებით სრულიად იზიარებდნენ მთავრობისა და უმრავლესობის წევრები და არჩილ კბილაშვილს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებდნენ.
„მე ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის პოზიციას და ვთვლი, რომ ეს არჩილმაც უნდა გაიზიაროს“, - განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
განსხვავებულად ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, მთავარ პროკურორს ბედუკაძის საქმეზე კანონი არ დაურღვევია.
„არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის საქმეზე კანონი არ დაურღვევია და ამის მთავარი მტკიცებულება არის ის, რომ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ დაამტკიცა. პროკურორის საპროცესო შეთანხმება კი ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც ის მოსამართლემ განიხილა და დაამტკიცა.
მე ვისთანაც მომიწია აზრთა ურთიერთგაცვლა კოალიციის შიგნით, ამ თემაზე, მე ვერ ვიხსენებ პიროვნებას, რომელიც თვლის, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. უმრავლესობა მიიჩნევს და მეც ვთვლი, რომ ამ ტიპის საქმეზე მსგავსი გადაწყვეტილება, ალბათ, არ არის მიზანშეწონილი“, - მიაჩნია დავით უსუფაშვილს.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, თავად რომ ყოფილიყო გადაწყვეტილების მიმღები, იმ იმუნიტეტის ხარისხს რაც ბედუკაძემ მიიღო, შეამცირებდა.
„არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს იმას, რომ შუამდგომლობა იყო გარკვეულწილად დასაბუთებული და ახსნილი. მე რომ ვყოფილიყავი იმ წუთში გადაწყვეტილების მიმღები, რა თქმა უნდა, იმ იმუნიტეტის ხარისხს, რაც ბედუკაძემ მიიღო, შევამცირებდი, თუნდაც პირობით სასჯელზე მოხდებოდა შეთანხმება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.