შინაგან საქმეთა მინისტრი „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ პროექტის გახსნას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ პროექტის გახსნას დაესწრო

თბილისში, სასტუმრო „Holiday Inn“–ში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ დაწყება აღინიშნა. პროექტის დაწყებას მიესალმა და მხარდაჭერა აღუთქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პროექტის განხორციელების ვადებია 2013–2015 წლები და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებასა და ჯანდაცვის გაუმჯობესებას ციხეებში, დაკავების ადგილებსა და სხვა დახურული დაწესებულებებში, მათ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. პროექტის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის მხრიდან ჩართული იქნება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და სამართლებრივი დახმარების სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.