დღეს ქართული თეატრის დაარსებიდან 161 წლისთავი აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება.
ქუთაისში იმ ადამიანებს დააჯილდოვებენ, რომლებიც ქართულ თეატრში აქტიურად მოღვაწეობდნენ. ქართული თეატრი 1850 წლის 14 იანვარს დაარსდა. პირველი წარმოდგენა პირველი კლასიკური გიმნაზიის კლასიკურ დარბაზში გიორგი ერისთავმა წარმოადგინა.
გარდა ამისა, ეს დღე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრშიც აღნიშნება. წარმოადგენენ რეჟისორ გელა გელაძის სპექტაკლს “ბურატინოს თავგადასავალი“, რის შემდეგაც პატარა მაყურებელს საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ. საღამოს ბათუმის დრამატულ თეატრში წარმოადგენენ გიორგი თავაძის სპექტაკლს “ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით“.
დღესვე ქუთაისში დაჯილდოვდებიან ამ სპექტაკლის მთავარი როლის შემსრულებელი თათია თათარაშვილი (წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი), სპექტაკლის მხატვარი თემურ ნინუა (საუკეთესო მხატვრობისთვის). ამასთან, დაჯილდოვდება კრიტიკოსი ლელა ოჩიაური საუკეთესო თეატრალური რეცენზიისთვის “რას გვახსენებს რომიან-კონიაკიანი ბანანისა და კომშის პუდინგის სურნელი“ (ბათუმის თეატრის სპექტაკლი).
ამასთან, ქუთაისშივე დაჯილდოვდება ბათუმის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ცირა აბზიანიძე ქალის საუკეთესო როლების შესრულებისთვის ბათუმის თეატრში.