ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი როკ-მუსიკოსი, 63 წლის ბრიუს სპრინგსტინი მიმდინარე წლის ივლისის მეორე ნახევრიდან მსოფლიო საგასტროლო ტურნეს დაწყებას აპირებს.
კონცერტები კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეში 15 ივლისს დაიწყება და შემდეგ ევროპის კონტინენტზე გადაინაცვლებს.
ბრიუს სპრინგსტინი 1949 წლის 23 სექტემბერს დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ლონგ-ბრენჩში.
მისი სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი 1973 წლით არის დათარიღებული. ეს იყო ალბომი ”Greetings from Asbury Park N.J" . ნახევარ წელიწადში მომღერალმა კიდევ ერთი ალბომი “The Wild, the Innocent & the E-Street Shuffle” გამოუშვა. სამწუხაროდ ამ ჩანაწერებს აშშ-ში წარმატება არ მოჰყოლია.
1974 წელს სპრინგსტინმა საკუთარი ჯგუფი “E-Street Band” ჩამოაყალიბა და უკვე მომდევნო წელს, რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი “Born to Run” გამოუშვა. ამ ალბომმა აშშ-ში პოპულარობის ყოველგვარი რეკორდი მოხსნა და თავად მომღერალიც ამერიკული ჰიტ-პარადების სათავეში მოაქცია.
1984 წელს ალბომმა “Born in the U.S.A” ამერიკული ჩართების ლიდერობა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა.
1989 წელს მუსიკოსმა ჯგუფი “E-Street Band” დაშალა, მაგრამ სოლო კარიერა წამოიწყო და 1993 წელს, მისმა კომპოზიციამ “Streets of Philadelphia” “ოსკარების” ერთ-ერთი ნომინაცია დაიმსახურა.
ბოლო წლების განმავლობაში ბრიუს სპრინგსტინი პოლიტიკით დაინტერესდა და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ აქტიურ წევრად მოგვევლინა. მომღერალი აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამას მხარდამჭერთა სიაში ირიცხება.