მარტივია იმის თქმა, რომ წარმატება, რომელსაც კარდაშიანების ვარსკვლავურმა ოჯახმა მიაღწია, ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, თითქოს კარდაშიანები „ცნობილები არაფრის კეთებით არიან“, ფაქტია, რომ ამ ადამიანებმა შექმნეს მილიარდიანი იმპერია, ინტერპერსონალურმა კონფლიქტებმა, სასიყვარულო ურთიერთობებმა და ცხოვრებისეულმა ცვლილებებმა კი კარდაშიანები მაყურებელთან უფრო დააახლოვა.
2010 წელს კრის ჯენერმა თამამი პროგნოზი გააკეთა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც Los Angeles Times-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, საკუთარ ოჯახს სად ხედავდა, მან უპასუხა, რომ ამ დროს რეალითი შოუს 24-ე სეზონი გამოვიდოდა და მისი ქალიშვილი კაილი დაქორწინდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კაილი საკუთარი შვილის მამას, რეპერ ტრევის სკოტს დაშორდა და შოუ 24-ე სეზონამდე ვერ მივიდა, კრისის პროგნოზები ნამდვილად გამართლდა.
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯენერის ინსტინქტები ათწლეულის განმსაზღვრელია, მისი გონივრული და გულმოდგინე მენეჯმენტის წყალობით, მისი ქალიშვილები არა მხოლოდ ცნობილი სახეები გახდნენ, არამედ „კულტურულ ხატებად“ იქცნენ.
უკვე იმდენი ხანია, რაც კარდაშიანები ეგრეთ წოდებულ „კულტურულ ძალას“ წარმოადგენენ, რომ რთულია იმის გახსენება, როდესაც ერთ დროს ისინი საზოგადოებისთვის არაფერს ნიშნავდნენ. სიტყვა „ინფლუენსერი“ ადრეულ წლებში არ არსებობდა, Twitter-ს ძალიან ცოტა ადამიანი მოიხმარდა, ინსტაგრამი კი მხოლოდ 2010 წლის ოქტომბერში ამოქმედდა.
კრის ჯენერმა და მისმა ქალიშვილებმა ისარგებლეს სწრაფად განვითარებადი სოციალური მედიისა და პერსონალური ბრენდინგის სამყაროთი და ნამდვილი იმპერია შექმნეს, რომელიც მილიარდდოლარიან მაკიაჟის კომპანიას და ტანსაცმლის რამდენიმე ხაზს მოიცავს.
კრის ჯენერი ხშირად კარდაშიანების იმპერიის ხერხემლად განიხილება. 66 წლის ვარსკვლავი საკუთარი შვილების კარიერას უკვე წლებია ხელმძღვანელობს. ის მონაწილეობდა ოჯახის წარმატებული ბრენდების − Kylie Cosmetics-ისა და KKW Beauty-ის მართვაში. რეალითი შოუს დაწყებამდე, კრისი ბორტგამცილებლად მუშაობდა, სანამ პირველ მეუღლეს, რობერტ კარდაშიანს შეხვდებოდა. მასთან სამი შვილი − კორტნი, კიმი და ქლოი გაუჩნდა. მას შემდეგ კრისი ბრიუს (ამჟამინდელ ქეითლინ) ჯენერზე დაქორწინდა, რომელიც ეროვნული გმირი და ოლიმპიური ჩემპიონი იყო. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ, რეალითი შოუს ყველაზე ახალგაზრდა წევრები − კენდალ და კაილი ჯენერები. გოგონები KUWTK-ში დებიუტის დროს მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ, ამჯერად კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დები არიან.
საბოლოოდ, პროექტი, რომელმაც ოჯახს უდიდესი წარმატება მოუტანა დასრულდა. კარდაშიანები ამჟამად ახალ რეალითი შოუზე მუშაობენ და გულშემატკივრებისთვის უამრავ სიახლეს აანონსებენ.