დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარე, გულიკო ზუმბაძე და იმ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა, რაც საკრებულოს და ზოგადად თბილისის წინაშე დგას. თავდაპირველად მან განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უმრავლესობის დაკარგვასთან დაკავშირებით. საკრებულოს დეპუტატის თქმით, ნაციონალებს დღეს საკრებულოში უმრავლესობა აღარ აქვთ, რადგან დღესდღეობით „ნაციონალურ მოძრაობას“ 22 დეპუტატი ჰყავს, არის კიდევ ხუთი დამოუკიდებელი დეპუტატი - ნიკო ხაჩირაშვილი, კოკი იონათამიშვილი, მამუკა კაციტაძე, კახა კუკავა და დავით წერეთელი, 20 დეპუტატი კი „ქართული ოცნების“ ხუთ ფრაქციაშია გაერთიანებული. ამდენად, დღეს მმართველ გუნდს მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში არ ჰყავს.
ამიტომ საკრებულოს წევრი ამბობს, რომ მოსახლეობის მოლოდინი, თითქოს საკრებულოში ყველაფერი (მათ შორის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის საკითხი) მარტივად გადაწყდება, ვერ გამართლდება, რადგან დღესდღეობით მმართველი გუნდიდან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად რამდენიმე დეპუტატი სახელდება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატის წამოსაყენებლად საჭიროა ცენტრალური ხელისუფლების, ანუ მმართველი გუნდის მხარდაჭერა. ამ ეტაპზე კი ზუმბაძის თქმით, როგორც ჩანს, მმართველ გუნდში ჯერ არ ჩამოყალიბებულან იმაზე, თუ ვის დაუჭირონ მხარი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად.
გულიკო ზუმბაძე აღნიშნავს, რომ ვინაიდან დღესაც თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული და სავარაუდოდ, ასე იქნება ადგილობრივი თვითვმმართველობის არჩევნებამდე, ამიტომ საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც გუნდურ მუშაობას და ნაციონალებთან თანამშრომლობას შეძლებს, რადგან უბრალოდ სხვა გზა არ არსებობს.
„ხშირად გვესმის ხოლმე, რომ რა დროს თანამშრომლობაა ნაციონალებთან, როდესაც მათ უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ თუკი ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს საქმეები დროზე უნდა იყოს გამოძიებული, უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და დამნაშავეებმა პასუხი აგონ. მანამ, სანამ ეს ადამიანები თანამდებობებს იკავებენ, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, მათთან უნდა ვითანამშრომლოთ“, - აცხადებს გულიკო ზუმბაძე.
მეორე საკითხი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა, არის თბილისში, მერიის გადაწყვეტილებით 300-მდე მშენებლობის შეჩერება. საკრებულოს წევრი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, თითქოს საქართველოში ყველა პროცესი, მათ შორის მშენებლობა შეჩერებულია. ზუმბაძის თქმით, გაირკვა, რომ სწორედ მერიის მიზეზით არის თბილისში ბევრი მშენებლობა შეჩერებული. კერძოდ, საკრებულოს წევრის განმარტებით, მშენებელმა კომპანიამ მშენებლობის ნებართვა რომ მიიღოს, შესაბამისი კოეფიციენტი უნდა განესაზღვროს და ამ კოეფიციენტის მოსაკრებლის გრაფიკი დგება. ხშირ შემთხვევაში მშენებელი კომპანიები ამ მოსაკრებლის გადახდას ვერ ახერხებენ, რადგან ეს საკმაოდ სოლიდური თანხებია. კანონის თანახმად, ისინი თბილისის მერიას მიმართავენ თხოვნით, რომ მოსაკრებლის გადახდა გადაუვადონ, მაგრამ მერია ამაზე თანხმობას არ აძლევს, რის გამოც მშენებლობები ჩერდება.
ამასთანავე, გულიკო ზუმბაძე აღნიშნავს, რომ ასეთი ქმედება მერიის საქმიანობაში მხოლოდ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეინიშნება, რაც ტოვებს საბოტაჟის შთაბეჭდილებას. ამის შედეგად კი დაახლოებით 40-50 ათასი სამუშაო ადგილი იკარგება, რადგან ადამიანები, რომლებიც ამ მშენებლობებზე იყვნენ დასაქმებულები, უმუშევრად რჩებიან. აქედან გამომდინარე, გულიკო ზუმბაძე თბილისის მერიას მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინოს გეგმა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ მშენებლობების გაგრძელება.
საკრებულოს წევრმა ასევე კოოპერატიულ ბინათმშენებლობებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თავიდან თბილისში 4500 ოჯახი იყო, რომელიც ამ ბინათმშენებლობების შეჩერების გამო დაზარალდა. მათგან ამ წლების განმავლობაში მხოლოდ 500 არის დაკმაყოფილებული, ხოლო 4000 ოჯახი კვლავ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას, რადგან ბევრი მათგანი ქირით ცხოვრობს.
გულიკო ზუმბაძის თქმით, თბილისის მერია ამ თემას წინასაარჩევნოდ შესანიშნავად იყენებდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროში არსებობდა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა ემუშავა, მაგრამ არაფერი ამ კუთხით არ გაკეთებულა, ხოლო 2010 წელის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ უგულავამ ამ თემით სპეკულირება მოახდინა, რადგანაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით თბილისის მერიას ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ობიექტი გადაეცა, მაგრამ ამ ობიექტებით არავინ დაკმაყოფილებულა.
საკრებულოს წევრის თქმით, გასული წლის 25 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროში კვლავ აღდგა აღნიშნული სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სათავეში ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დავით ებრალიძე ჩაუდგა, მაგრამ მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ამ ჯგუფის მუშაობაც შეჩერდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არ არსებობდა არცერთი პრობლემა, რომლის მოგვარებაც მიმდინარეობდა. ხდებოდა მხოლოდ ამ პრობლემების მოგვარების გადავადება. ამიტომ ჩვენი სურვილია, მოხდეს კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემის მოგვარება და არა კიდევ ერთხელ გადავადება“, - ამბობს გულიკო ზუმბაძე.
კიდევ ერთი თემა, რომელზეც მან ისაუბრა არის საბავშვო ბაღები. საკრებულოს წევრის თქმით, თბილისში დღეს 156 საბავშვო ბაღი მოქმედებს, სადაც 70 000 აღსაზრდელია და თითოეულ ჯგუფში ნაცვლად შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული 25 ბავშვისა, მინიმუმ 30-35 ბავშვი დადის. ამასთანავე, ზუმბაძის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ დაახლოებით 20-30 ათასი ბავშვის ბაღებში მოთავსება შეუძლებელია, რადგან ბაღები ფიზიკურად არ არსებობს, კერძოდ, ზოგიერთი მათგანი დევნილებს აქვთ დაკავებული, ზოგი ამორტიზირებულია და დანგრევის პირას არის, ზოგი გასხვისებულია და ა.შ.
გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს შესაბამის კანონს და საბავშვო ბაღები უფასო გახდება, მოსალოდნელია აღსაზრდელების კიდევ უფრო მოზღვავება და ეს კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემას შექმნის. გულიკო ზუმბაძის ინფორმაციით, ზოგიერთი ბაღის გამგე მშობლებს ეუბნება, რომ ახლა ბაღებში კარგი სიტუაციაა, მაგრამ როდესაც ისინი უფასო გახდება, ვითარება უარესობისკენ შეიცვლება. საკრებულოს წევრი კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს ასე არ მოხდება, რადგან ის გადასახადი, რასაც მშობელი იხდიდა, ბაღის საჭიროების მხოლოდ მესამედს აფინანსებდა და ამიტომ ეს ინფორმაცია, თითქოს ბაღებში გადასახადის გაუქმების შემდეგ სერვისი გაუარესდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
გულიკო ზუმბაძე აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ცენტრალური ხელისუფლების დახმარება დასჭირდება, რისთვისაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ თბილისის საკრებულოსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის სპეციალური რგოლი შეიქმნას. საკრებულოს წევრის თქმით, საბავშო ბაღებთან დაკავშირებით მხოლოდ ბავშვების რაოდენობის პრობლემა არ არის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს სკოლამდელი აღზრდის ერთიანი ეროვნული პოლიტიკა, ვინაიდან თავის დროზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები განათლების სამინისტროს ჩამოერთვა და ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა, რის გამოც, თითოეულ რაიონსა და ქალაქში ამ საკითხისადმი ინდივიდუალური მიდგომაა.
საკრებულოს წევრის თქმით, განათლების სამინისტროში სკოლამდელი აღზრდის ორკაციანი სამმართველო შეიქმნა, მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია და ზუმბაძე იმედს გამოთქვამს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
და ბოლოს, გულიკო ზუმბაძე აცხადებს, რომ თბილისს შემოერთებულ ერთ-ერთ სოფელში, გიორგიწმინდაში, რომელიც გლდანთან მდებარეობს, სტიქიის შედეგად სახლები და ეზოები იმეწყრება. ამ სოფელში ცხოვრობს სოციალურად დაუცველი, უსინათლო ადამიანი, იაგო წიკლაური, რომელიც ზუმბაძის თქმით, მხოლოდ იმას ითხოვს, რომ ამავე სოფელში გადაეცეს მიწა, რათა მან საკუთარი სახსრებით აიშენოს სახლი. საკრებულოს წევრის თქმით, ამ სოფლის მაცხოვრებლები, რომელთა სახლებიც სტიქიის შედეგად დაზიანდა, იგივეს ითხოვენ - რომ მერიამ მათ მიწები გადასცეს და შემდეგ ისინი ერთმანეთის დახმარებით ამ მიწებზე სახლებს ააშენებენ.
„ბატონი იაგო წიკლაური ორი-სამი კვირის წინ თბილისის მერიასთან თავს იწვავდა. ჩვენ ამ საქმეში ჩავერიეთ, გავესაუბრეთ ამ ადამიანს და დავპირდით, რომ ეკონომიკის მინისტრს შევხვდებოდით და ამ პრობლემას მოვუგვარებდით, რადგან სოფლის მიწები სწორედ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ამდენად, ეკონომიკის სამინისტროს კეთილი ნებაა, რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სხვადასხვა შენობებში უკანონოდ შეჭრილ ადამიანებს ეს ფართები დაუკანონდეთ, მაგრამ თბილისში 25 ათასი უსახლკაროა და ამიტომ ამ ადამიანების მიმართ სპეციალური პოლიტიკა უნდა იქნეს შემუშავებული. მე ვთხოვე გიგი უგულავას და მან ეკონომიკის სამინისტროს წერილით მიმართა. ვფიქრობ, იაგო წიკლაურის და მისი თანასოფლელების მოთხოვნის დაკმაყოფილება რთული არ არის“, - აღნიშნავს გულიკო ზუმბაძე.
იგი ცენტრალურ ხელისუფლებას მერიასთან და საკრებულოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, ვინაიდან თბილისელების წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარება სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია.