შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს აკადემიაში

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს აკადემიაში

შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრი“ -ს სამდივნო გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს აკადემიაში „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრი“-ს თბილისის რეგიონული სამდივნო გახსნა.

„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“ (CBRN Centers of Excellence) წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც ხორციელდება ევროკომისიის ერთიანი კვლევითი ცენტრის (JRC) და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულის და მართლმსაჯულების კვლევის ინსტიტუტის (UNICRI) ერთობლივი ძალისხმევით.

ევროკავშირის ამ ინიციატივას მსოფლიოში სამოცზე მეტი პარტნიორი ჰყავს. პარტნიორი ქვეყნები გაერთიანებული არიან რვა რეგიონულ სამდივნოში. ერთ-ერთი ასეთი სამდივნო განთავსდა თბილისში, შსს-ს აკადემიაში, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, სამხრეთ კავკასიას, უკრაინასა და მოლდოვას მოიცავს.

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების საკითხები მსოფლიოს მასშტაბით აქტუალურია. „ქბრბ“ ინციდენტები უდიდესი ზიანის მომტანია ადამიანებისა და გარემოსთვის. ისინი წარმოიქმნება ბუნებრივი, შემთხვევითი (ადამიანური ფაქტორი) და კრიმინალური (სხვადასხვა ტერორისტული, რადიკალური დაჯგუფებები) გარემოებების შედეგად. არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, აღნიშნული სამდივნო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის.

ცენტრის პრეზენტაციაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საჩვენებელი ღონისძიება მოაწყეს, რომელზეც ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე ეფექტური და დროული რეაგირების უნარ-ჩვევები წარმოადგინეს. საჩვენებელი ღონისძიების შემადგენელი ნაწილი იყო: უსაფრთხოების ზონების გამოყოფა, დაზვერვითი სამუშაოები (იდენტიფიკაცია), დაზარალებულების გამოყვანა ცხელი ზონიდან და დეკონტამინაცია. ასევე გაიმართა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კუთვნილი აღჭურვილობის პრეზენტაცია, რომელშიც ათობით ხელსაწყო და აღჭურვილობის ნიმუში შედის, მათ შორის, სადეკონტამინაციო აღჭურვილობა, ქიმიურ და რადიაციულ საფრთხესთან სამუშაო-საძიებო და საინდეტიფიკაციო სპეცდეტექტორები, სპეცდანიშნულების ავტოტრანსპორტი, ქიმიური ნივთიერებისგან დამცავი სპეციალური კომბინეზონები და სხვა.

თბილისის რეგიონული სამდივნოს გახსნას დაესწრნენ გაერო-ს დანაშაულისა და მართლმსაჯულების რეგიონთაშორისი კვლევითი ინსტიტუტის (UNICRI) დირექტორი ჯონათან ლუკასი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და თბილისში აკრედიტებული სხვა სახელმწიფოების ელჩები, ადგილობრივი თუ უცხოელი ოფიციალური პირები.