„კოხტა კოდუა ასაკოვანი დედის გაუპატიურებით მემუქრებოდა“

„კოხტა კოდუა ასაკოვანი დედის გაუპატიურებით მემუქრებოდა“

ისტორია, რომელზეც ახლა გიამბობთ, მერაბიშვილის რეფორმირებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების „საგმირო საქმის“ ნათელი დადასტურებაა. ისტორია ძალიან მძიმეა. ყოფილი პატიმარი დეტალურად ყვება როგორ აწამეს ის ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილებაში პოლიციის მაღალჩინოსნებმა.

წალენჯიხის რაიონის სოფელი მუჟავას მკვიდრი, 35 წლის ლაშა არქანია წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროსმა, გოჩა გოგოხიამ დააკავა. დაკავებული პოლიციის განყოფილების ნაცვლად მეზობელი სოფლის მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც მას ტანი სიგარეტით დაუწვეს და სასტიკად აწამეს. როგორც არქანია ამობობს, მისი წამება უშუალოდ პოლიციის უფროსის გოგოხიას ბრძანებით ხდებოდა.

წამებით და ღირსების შემლახავი მოპყრობით ცდილობდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები მისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას, რომ ის მონაწილეობდა სამეგრელოში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებში, მას შემდეგ, რაც მან მსგავსი ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, უშუალოდ გოჩა გოგოხია და კოხტა კოდუა ჯერ მას დემუქრნენ გაუპატიურებით და ასევე განუცხადეს, რომ მის თავლწინ მის ასაკოვან დედას გააუპატიურებდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც არქანიას წამებაში მონაწილეობიდნენ, რიგითები, რომლებმაც დაკავებულის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცეს, გამომძიებელი, რომელმაც ეს საქმე ცრუ ჩვენებით გაამყარა და პროკურორი, რომელმაც 16 წლით პატიმრობა მოითხოვა, ვინაიდან არქანია მისი მტკიცებით განსაკუთრებით საშიში კრიმინალი იყო, ყველა ეს ადამიანი დღეს ისევ ინარჩუნებენ თანამდებობას, ნაწილი კი დაწინაურდა.

თავად არქანიამ, რომელმაც საპატიმრო ამნისტიის საფუძველზე 17 იანვარს დატოვა, რეაბილიტაციის კურსები წამების საწინააღმდეგო ცენტრ „ემპათიაში“ გაიარა. მან პროკურატურას მიმართა, თუმცა რეაგირება მის საქმეზე ამ დრომდე არ ყოფილა. პროკურატურას და მათ შორის შსს-ს, ალბათ, მართებთ მიიღონ გადაწყვეტილება და ადამიანები, რომლებიც ასეთ უმძიმეს დანაშაულში არიან მხილებულები, როგორიცაა კაციობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, მათ წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებლივი ზომები გაატარონ.

აი რას უყვება for.ge-ს ყოფილი პატიმარი ლაშა არქანია.

როდის დაგაკავეს?

ლაშა არქანია: 2011 წლის 14 ივნისს დამაკავეს არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც გაუგებარი მიზეზით. ადვილი მისახვედრია რა ხდებოდა იმდროინდელ საქართველოში. ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ყოფილ ხელისუფლებას სჭირდებოდა მათი ფანტაზიის ნაყოფის განმტკიცება. მე უნდა მეღიარებინა ტერორისტული აქტები, რომ შემდგომ ხელისუფლებას ჰქონოდა ამაზე სალაპარაკო, როგორი ყოჩაღები არიან, დანაშაული გახსნეს და დამნაშავე ტერორისტი დააკავეს. ჩემით არ დაუწყიათ მათ ეს უკანონობა, მაგრამ საბედნიეროდ ჩემით დამთავრდა ეს ყველაფერი.

ახლობელმა დამირეკა, როგორც კი სახლიდან გავედი დამაკავეს. დაკავების ოპერაციას წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროსი გოჩა გოგოხია ხელმძღვანელობდა. ის დღესაც დაუსჯელია, საშიში პიროვნებაა, უბრალოდ ავადმყოფია.

ავადმყოფობაში რას გულისხმობთ?

- ადამიანის წამება სიამოვნებას ანიჭებს, ასევეა მისი მოადგილე რუსლან აბულაძე და კოხტა კოდუაც. ესენი ადამიანის წამებისგან ღებულობდნენ სიამოვნებას. ჩემს თავზე გამოვცადე ეს ყველაფერი. ამ სამმა ჯალათმა ჩემი წამებით მადა დაიკმაყოფილეს, რაც, როგორც ჩანს, მათი ყოველდღიური მოთხოვნილება იყო. ახლა ძალიან კარგად ვარ. მაშინაც ადეკვატური ვიყავი იმ რეალობის, რაც საქართველოში ხდებოდა და დღესაც ადეკვატური ვარ იმ რეალობის რაც ხდება. ჩემთვის დღეს რეალობა ასეთია - კოაბიტაციის შედეგად გოჩა გოგოხია და რუსლან აბულაძე გარეთ არიან. დღეს ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსი არის თორნიკე შელია, რომელიც ჩემი საქმის ცრუ მოწმეა, რომელსაც მე არც დავუკავებივარ, არც იარაღისა და არც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მას არ ვუნახივარ, მაგრამ ცრუ ჩვენება მისცა და დღეს დაწინაურებულია. აი ასეთია ჩემთვის დღეს რეალობა.

თქვენს წამებაში თქვენსავე დასახელებული პირები ღებულობდნენ მონაწილეობას?

- დიახ, მტკივნეული თემაა, გულახდილად მინდა ყველაფერი ვთქვა, მაგარამ ამ დეტალების გამო წინასწარ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ისინი სამკურნალო არიან, ეს ხალხი ავადაა. როდესაც წამების საშინელი ფაქტის წინ ავღმოჩნდი, წმინდა გიორგის ვევედრებოდი, რომ გადავრჩენილვიყავი, ისინი კი მეუბნებოდნენ გვაგინებო. მე ვუთხარი, რომ წმინდა გიორგის ლოცვას ვკითხულობ-თქო და თავად შეაგინეს წმ. გიორგის. მე ეს არ მეტკინა, ეს ჩემი გასავლელი გზა იყო და გავიარე, მაგრამ ეს ხალხი არის ავადმყოფი.

როგორც კი დამაკავეს, მეზობელი სოფლის მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე წამიყვანეს. ჩემი წამება იქ დაიწყო, ტანზე და იღლიაში მადებდნენ ანთებულ სიგარეტს და ასე მთხოვდნენ ჩემთვის ნაცნობი და უცნობი პირების შესახებ ინფორმაციას. თვითონაც დარწმუნებული იყვნენ, რომ მე მათ შესახებ არაფერი ვიცოდი.

კონკრეტულად ვინ გადებდათ ანთებულ სიგარეტს?

- სხვათაშორის, ერთ-ერთი, ვინც ანთებული სიგარეტით მაწამებდა, რამდენიმე კვირის შემდეგ ავტოავარიით გარდაიცვალა. ეს იყო წალენჯიხის პოლიციის უფროსის მოადგილე რუსლან აბულაძე, ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსი სოსო აბაშიძე და რიგითი პოლიციელი კახაბერ სამუშია. ცოტა ხანში მოვიდა წალენჯიხის პოლიციის უფროსი გოჩა გოგოხია. მას ვუთხარი მომაცილე ეს ადამიანები, ავადმყოფები არიან-თქო. თურმე ის მათზე გაცილებით უფრო ავადმყოფი ყოფილა. წამების ყველა დეტალი მტკივნეულია, მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, როცა ხედავ, რომ ამით ვიღაცა სიამოვნებას ღებულობს, რომ ეს მისი სულიერი მოთხოვნილებაა. ყურში მირტყეს გაშლილი ხელებით, რის შედეგად ყურის აპკები გამისკდა. ორჯერ გონება დავკარგე ცემის შედეგად.

ვის წინააღმდეგ გთხოვდნენ აღიარებითი ჩვენების მიცემას?

- მთხოვდნენ მალხაზ არქანია დამედანაშაულებინა ტერორისტული აქტის განხორციელებაში. მე ამ პიროვნებას არ ვიცნობდი. პატიმრობოდან რომ გამანთავისუფლეს, მერე გავიცანი. როცა ვთქვი, რომ ამ პიროვნებას არ ვიცნობდი, მაშინ თქვეს - მოვკლათ ამის დედაო...

ვინ დაგემუქრათ მოკვლით, შეგიძლიათ მათი სახელები დაასახელოთ?

- რა თქმა უნდა, მიშა აქუბარდია, კახაბერ სამუშია, გოჩა გოგოხია, კოხტა კოდუა. სხვათა შორის, კოხტა კოდუა დამემუქრა, იმას თუ არ იტყვი რაც ჩვენ გვინდა, გაგაუპატიურებო. გამოძიებისთვის დეტალურად მაქვს ჩვენება მიცემული, მაგრამ გამოდის, რომ ჩემს წამებაში ბრალი არავის არ მიუძღვის, არავინ არაა დაკავებული, მეტიც დაკითხულიც კი არ არიან. ჩემი წამების შესახებ ჩვენება მივეცი გამოძიებას და გასაგები გავხადე ყველაფერი. ვინც ამ საქმეს იძიებდა, ბატონი ლევან ფიფია, დღეს ისევ პროკურორია. ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების რეალიზაციას და იარაღის არსებობას თუ ვაღიარებდი საპროცესოს მპირდებოდნენ, დღეს ისევ პროკურორები არიან. საქმის ცრუ ბრალმდებელი - ჯვარის პოლიციის უფროსია. ეს მწამებელი ადამიანები ამ ხელისუფლებას თუ ძალიან სჭირდება, მაშინ უმკურნალონ, ისინი ავადმყოფები არიან.

მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე რამდენი ხანი ჰყავდით გადამალული?

- ღამის 12 საათამდე. ვთხოვდი გოგოხიას, რომ მომაცილე ეს ადამიანები, ავადმყოფები არიან და თუ დამნაშავე ვარ, წამიყენეთ ბრალი-თქო. ამის მერე გადამიყვანეს პოლიციაში. ვანო მერაბიშვილი რომ თავს იწონებდა გამჭვირვალე პოლიციის შენობით, ზუსტად იმ გამჭვირვალე შენობაში კომპიუტერის შუქზე მაწამეს. როგორც კი ჯვარის პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანეს, გოჩა გოგოხიამ გასცა ბრძანება, რომ ჩააქრეთ შუქები და კარგად დამუშავებული დამახვედრეთო. იქ იყვნენ ადამიანები, რომლეთა პროფესია იყო წამება. პოლიციელები მეუბნებოდნენ შენ ტერორისტო, შენ ადამიანი არ ხარ, ქვეწარმავალი ხარო. არც იცოდნენ რაზე ვიყავი დაკავებული და დამიწყეს წიხლებით ცემა.

ამის მერე დამიწყეს შეთანხმების დადება, არა იმაზე, რომ საკუთარ თავზე ამეღო დანაშაული, არამედ სხვა უნდა დამედანაშაულებინა, კერძოდ, მალხაზ არქანია და ვინმე სადუნიშვილი, რომ ისინი იყვნენ ტერორისტები და მათთან მე შემთხვევით მოვხვდი. მეუბნებოდნენ შენ თუ არ იტყვი, ისინი დაგადანაშაულებენო და ამაში დარწმუნებული იყვნენ. თუ მათ დავადანაშაულებდი, დანაშაულის დაფარვის მუხლით გამასამართლებდნენ და 1 წელიწადში გარეთ ვიქნებოდი. როგორც კაცს მერჩივნა, რომ მათ მოვეკალი, ვინმე ჩემთვის უცნობი და მითუმეტეს უდანაშაულო ადამიანები დამედანაშაულებინა. როდესაც უარი განვაცხადე, უშუალოდ გოჩა გოგოხიას მითითებით მიმაბეს სკამზე, ხელები დამისკოჩეს და მირტყეს ყურის მიდამოებში. ამას გოჩა გოგოხია ესწრებოდა. ერთია როცა გაწამებენ და მეორეა როცა ხედავ, რომ ადამიანი განწირული ხარ. ვხედავდი, რომ არავინ ჩემი დამნდობი არ იყო.

სკამზე მიბმულს რამდენი კაცი გირტყამდა?

- 9 კაცი. ნაწილი ამოცნობილი მყავს, მათ შორის კოხტა კოდუა, გიორგი სამუშია. როდესაც პოლიცია დაიღალა ჩემი ცემით, როდესაც მიხვდნენ, რომ არაფრის აღიარებას არ ვაპირებდი, მოვიდა კოხტა კოდუა, გიორგი სამუშია და კიდევ ორი პიროვნება, რომელიც ამოცნობილი მყავს. გამოძიებისთვის ცნობილია მათი ვინაობა. კოდუამ მათ უთხრა, რომ დაანებეთ ახლა ამას თავი, ეს გავუშვათ იარაღით და წამლითო. თვითონ რადგან არ ისურვა იქით ხელის დადება, აქეთ დავადებინებთ მაზე ხელსო. მიშა აქუბარდია, რომელიც ჩემი მეზობელია, ერთუჯრედიანი არსებაა, ოჯახი ყავს და მისი ოჯახი სამწუხაროდ მის იმედად არის. დაწერა ჩვენება და მითხრა ხელი მომეწერა.

რა ეწერა ამ ჩვენებაში?

- თითქოს, მე იარაღი და ნარკოტიკი ვიპოვე ტყეში ნადირობისას, იქვე ვნახე კონსერვები. ნარკოტიკი წყალში გავხსენი და მივიღე, იარაღი კი სახლში მომქონდა რა დროსაც თითქოს, დამაკავა პოლიციამ. ამაზე ხელს არ მოვაწერ-თქო. შენ ის გაგივიდა და გგონია ესეც გაგივაო?-  ციხეში უნდა წახვიდე 20 წლიანი მუხლითო. ახლა ახალი სერია დაიწყებაო და დაიწყო ისევ წამება. არჩევანის წინაშე დავდექი, რაც უნდა ექნათ, მზად ვიყავი გამეძლო და სამშობლოს ღალატს არასოდეს არ ვაღიარებდი. სამხედრო პირი ვარ. დღესაც ილახება ჩემი უფლება, როდესაც თორნიკე შელია პოლიციის უფროსია, როდესაც გოჩა გოგოხია თავისუფლად დადის ქუჩაში.

4 საათისთვის მოვიდა კოხტა კოდუა და გიორგი სამუშია. ვიქნები გულახდილი და გეტყვით, კოდუას პრეზერვატივიანი დუბინკა ეკავა ხელში და მითხრა, თუ ახლა ხელს არ მოაწერ ამ ჩვენებას, აქვე ამ დუბინკით გაგაუპატიურებო. ვიცოდი რომ ამას გააკეთებდა. მესმის, რომ მოღალატედ არ გინდა ციხეში წასვლა, მაგრამ შენ ციხეში უნდა წახვიდეო. დედაზე დაიგინა, რომ გაგიუპატიურებო, ამის შიშით მოვაწერე ხელი, რომ მე მქონდა იარაღი და ნარკოტიკი. ამის შემდეგ გადამიყვანეს წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში, ამ დროს უკვე ნარკოტიკი დიდი დოზით მქონდა მიღებული, მაგრამ გონება არ მქონდა დაკარგული...

ვიმკურნალე წამების მსხვერპლთა და რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“ მოვახერხე ჩემი რეაბილიტაცია, არ მიჭირს რეალობისთვის თვალის გასწოდება, მაგრამ ისეთ საკითხებზე მიწევს ახლა საუბარი, რომ საზოგადოებას მინდა ამისთვის კიდევ ერთხელ მოვუხადო ბოდიში. 1000-ზე მეტი მტკიცებულება არსებობდა, უგულებელყვეს ჩემი უდანაშაულობა და მომისაჯეს 13 წელი. ჩემს მდგომარეობას ვერ გაუძლო მამაჩემმა და გარდაიცვალა. ციხის თანამშრომლები სტრასბურგელ პატიმარს მეძახდნენ, ყოველდღე ვუყურები როგორ აწამებდნენ პატიმრებს.

ადამიანები, რომლებიც თქვენს ცემა-წამებაში იღებდნენ მონაწილეობას, ნაწილი, როგორც ამბობთ, დააწინაურეს, ნაწილი კი თავისუფალია და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებლივი დევნა არ ხორციელდება. რას ითხოვთ?

- იმ ყველაფრის შემდგომ რაც მე გამოვიარე, მიმაჩნია, რომ ეს ხალხი საზოგადოებისგან უნდა იყოს მოშორებული. ისინი უნდა დაისაჯონ და პასუხი აგონ.

ნარკოტიკების მომხმარებელი იყავით?

- არა. მე არც ნასამართლევი არ ვიყავი. სოფელში ვცხოვრობ და სოფლის მეურნეობით ვირჩენ თავს. ნარკომანი არ ვარ და ამის შესახებ ყველამ იცის, თვითონაც იცოდნენ ამის შესახებ. ჯანსაღი ცხოვრებით ვცოვრობდი და ასე ვაგრძელებ ცხოვრებას. ისეთივე ნარკომანი ვარ, როგორიც ტერორისტი. უმცროსი ლეიტენანტი, არტილერისტი ვარ.

პროკურორი მაია ჯაბუა და ლევან ფიფია თუ ვაღიარებდი მათ მიერ მოგონილ ჩვენებას, საპროცესოს მთავაზობდნენ და დღესაც „წარმატებულად“ აგრძელებენ მუშაობას. მარტო როლანდ ახალაია შეიცვალა, მისი მონები ყველანი აქ არიან, რომლებიც თანამონაწილეები არაინ ამ უკანონობის, სინდისი არ აწუხებდათ ისე, 13-20 წლით ცრუ ბრალდებით, ახლაგაზრდებს ციხეში გვიშვებდნენ.