მერაია ქერიმ სადღესასწაულო სეზონი უკვე გახსნა 

მერაია ქერიმ სადღესასწაულო სეზონი უკვე გახსნა 

პირველი რა გახსენდებათ შობა-ახალწელზე? ალბათ ნაძვის ხე, სანტა და... მერაია ქერი!

უკვე წლებია, დღესასწაულების მოახლოებას იმით ვგრძნობთ, რომ ყველგან ლეგენდარული ამერიკელი პოპვარსკვლავის ჰიტი ისმის. 1994 წელს გამოსული All I Want for Christmas Is You ყოველი წლის ნოემბრიდან ნელ-ნელა მიიწევს ხოლმე ჩარტების სათავისკენ. მერე კი, როგორც ინტერნეტში ხუმრობენ, მერაია ქერის საბანკო ანგარიშზე რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ სადღესასწაულო სეზონის გახსნის პატივი სწორედ მერაია ქერის ხვდება. მომღერალმა ნახევარწუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ გადაიქცევა ჯადოქარი მერაია სანტა მერაიად ჰელოუინის გასვლისთანავე.

"დროა!!!", — მღერის ქერი თავის განთქმულ მსტვენ რეგისტრში. შემდეგ კი ვიდეო უკვე ჩვენთვის ნაცნობი სიმღერით გრძელდება.

მერაია არ ტყუის — All I Want for Christmas Is You-მა, ტრადიციულად, ჩარტებში მაღლა სვლა დაიწყო და აშშ-ის iTunes-ის ასეულში ამ დროისთვის 28-ე პოზიცია დაიკავა (7 პოზიციით დაწინაურდა). სიმღერა 1-ელ ნოემბერს გამოჩნდა ამავე ჩარტების გლობალურ რეიტინგშიც და პირდაპირ 38-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

სხვათა შორის, ჰელოუინის დამთავრებისთანავე შობა-ახალწლის სეზონი მერაიას საგანგებოდ პირველად არ გაუხსნია. შარშან, 1-ელ ნოემბერს, მან ჰელოუინის გოგრები ბეისბოლის ჯოხით დაამტვრია და დღესასწაულების მოახლოება გვამცნო.

თუმცა, ყველაფერი ჯერ წინაა — შარშან დეკემბერში მერაია ქერიმ თავისი სიმღერით რეკორდი მოხსნა და ზედიზედ მესამედ მოექცა ბილბორდის ასეულის სათავეში.

არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი სიმღერის გამოსვლიდან ათწლეულების შემდეგ ხდება.

All I Want for Christmas Is You ("ერთადერთი რამ, რაც საშობაოდ მინდა, შენ ხარ") მერაია ქერიმ 1994 წელს გამოუშვა თავის საშობაო ალბომთან ერთად. მას შემდეგ სიმღერის პოპულარობა ისე გაიზარდა, რომ პირველი საშობაო ტრეკიც გახდა, რომელსაც ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA) ბრილიანტის სტატუსი მიანიჭა.

მხოლოდ ამ სიმღერამ ქერის $60 მილიონზე მეტი მოუტანა. თუმცა, როგორც მომღერალი ამბობს, თავად ამას სულაც არ მოელოდა მაშინ, როცა კომპოზიცია მსოფლიოში პირველად მოისმინეს.