„სოციალურად „გეპეის“ სტატუსი იყო, რომ, თუ ვერსად მოეწყობოდი, მერე აუცილებლად შეგტენიდნენ გეპეი-ში. ლამის, ეს სასჯელის ტოლფასი იყო... ჩვენ გვჭირდება ნამდვილი პროფესიონალები, ტექნოლოგები, ინფორმატიკოსები, ინჟინრები,“ - ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2012 წლის მარტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
რამდენიმე დღის წინ კი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა და პროფესიულ და სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი წვლილისა და დამსახურებისთვის რამდენიმე მათგანი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და ტექნიკური უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი თქმით, ამ უმაღლესმა სასწავლებელმა არაერთი კვალიფიცირებული სპეციალისტი აღზარდა და ტექნიკურ სფეროში გარკვეული ტრადიციების დამფუძნებელი გახდა. როგორც მან აღნიშნა, ამ უნივერსიტეტმა უდიდესი წვლილი შეიტანა ინდუსტრიის მიმართულებით და მნიშვნელოვანი სკოლები ჩამოაყალიბა.
რამ გამოიწვია პრეზიდენტის ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ დამოკიდებულების ასეთი ცვლილება? რა ნიშნით იყვნენ მასთან შეხვედრაზე დასასწრებად ლექტორები შერჩეულები და საერთოდ რა ხდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამაზე for.ge-ს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, „პროფესორთა ლიგის“ თავმჯდომარე, ვაჟა შუბითიძე ესაუბრება.
ვაჟა შუბითიძე: სააკაშვილი აგრძელებს აღმოჩენებს და ახლა აღმოაჩინა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი თურმე განათლებისა და მეცნიერების დიდი ცენტრი ყოფილა. არადა, დაახლოებით ერთი წლის წინ იგი ამბობდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი, ანუ ყოფილი „გეპეი“, იმ ადამიანების ბუდე იყო, რომლებიც ვერსად ვერ აბარებდნენ და შეეძლოთ „გეპეი“-ში გაკვეხებულიყვნენ - დაახლოებით ასეთი ტერმინი გამოიყენა მაშინ პრეზიდენტმა. მისი თქმით, აქ იყო ცეკვა-თამაში, გართობა, სიმღერა, ხოლო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა და ვინც ტექნიკურ უნივერსიტეტს ამთავრებდა, არაფერი იცოდა.
უცებ სააკაშვილმა გასულ პარასკევს თავისთან დაიბარა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა გარკვეული ნაწილი. ამ ადამიანების გვარები მართლა არ მახსოვს, მაგრამ ძირითადად ეს ტექნიკური დარგის სპეციალისტები, ასაკოვანი, ჭაღარა პროფესორები იყვნენ, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილმა „ჩარეცხა“. ახლა კი, მან ამ ადამიანების ქება დაიწყო. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გარკვეული მიზანი დაისახა - მოახდინოს გავლენა პროფესურაზე (ანუ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჭკუა მოეკითხებათ ამ ქვეყანაში და ავტორიტეტით სარგებლობენ) და გამოისყიდოს თავისი დანაშაული, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მისმა პოლიტიკამ სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტი დააზარალა ყველაზე მეტად.
რაში გამოიხატება ტექნიკური უნივერსიტეტის დაზარალება?
- მოგეხსენებათ, პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ თავის დროზე ძალიან საეჭვო ვითარებაში, ჩალის ფასად შეიძინა ტექნიკური უნივერსიტეტის ორი კორპუსი. ესენი იყო ე.წ. მეხუთე კორპუსი და პოლიკლინიკის კორპუსი. პოლიკლინიკა იქიდან გაასახლეს და მეორე კორპუსში გადააბარგეს. ამასაც არ დასჯერდნენ და მიიტაცეს ასევე ვეებერთელა სტადიონი, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებაში უნდა ყოფილიყო და უცებ აღმოჩნდა „საქართველოს უნივერსიტეტის“ საკუთრება. ამ უნივერსიტეტის მფლობელი კი, მოგეხსენებათ, გიული ალასანიაა.
ტექნიკურ უნივერსიტეტს ესეც არ აკმარეს, თბილისის მერიამ მას პირველ კორპუსში მდებარე საცურაო აუზი წაართვა, კეთილმოაწყვეს და პრეზიდენტის და უგულავას მეუღლეები იქ საცურაოდ, მასაჟების გასაკეთებლად და დასასვენებლად დაბრძანდებოდნენ.
ხომ არ იცით, რა თანხის სანაცვლოდ მიიღო გიული ალასანიამ ტექნიკური უნივერსიტეტის მთელი ეს ქონება?
- სამწუხაროდ, მე ზუსტი თანხა არ მახსოვს, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის იმჟამინდელი რექტორი, რამაზ ხუროძე როგორც ჩანს, დაჭერის მუქარით დაითანხმეს იმაზე, რომ ხელი მოეწერა კაბალურ შეთანხმებაზე. ცნობილია, რომ ეს კორპუსები გიული ალასანიამ ჩალის ფასად ჩაიგდო ხელში.
ამასთანავე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის უკან გაკეთდა ბენზინგასამართი სადგური, რაც ამ შენობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მოგეხსენებათ, ქართული კანონმდებლობით აკრძალულია შენობებთან 50 მეტრზე ახლოს ბენზინგასამართი სადგურების აშენება. ამ შემთხვევაში კი ეს ნორმა დარღვეულია და ფაქტობრივად მეექვსე კორპუსი ნაღმზე ზის.
ტექნიკური უნივერსიტეტს კიდევ ბევრი ზიანი მიაყენა წინა ხელისუფლებამ. კერძოდ, წაართვა ბევრი ლაბორატორია, ბევრი ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან და ტექნიკური უნივერსიტეტში არსებული სკოლები მიწასთან გაასწორეს. ამ ყველაფრის შემდეგ, სააკაშვილი იბარებს თავისთან ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებს (როგორც ჩანს, თვითონ ვერ გაბედა მოსვლა) და იქ უფრო ყოყოჩად გამოიყურებოდა, პროფესურას თავი მოუქონა. ამ შეხვედრას ბოლომდე ვერ ვუყურე, იმდენად ამაზრზენი იყო ეს ყველაფერი. თქვენი მედია-საშუალების მეშვეობით მინდა საყვედური ვუთხრა იმ პროფესურას, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, რადგან სწორედ ამ პროფესურას წაართვა სააკაშვილმა ის კორპუსებიც, აუზიც და ყველაფერი. ახლა კი ეს ადამიანები ეახლნენ მიხეილ სააკაშვილს.
დღეს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი, მაპატიეთ და, სიდამპლე გამომჟღავნდა, ციხის კადრების და კიდევ ბევრი რამის შემდეგ, სააკაშვილის ხელიდან ორდენი კი არა, მილიონი დოლარი რომ მოგცეს, ხელი არ უნდა მოკიდო. ეს ყველაფერი ამ პროფესურას გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
ჩვენ, „პროფესორთა ლიგა“, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ჩამორთმეული ქონების საკითხი პროკურატურამ და საქართველოს პარლამენტმა შეისწავლონ და ეს ყველაფერი კანონიერ პატრონებს დაუბრუნონ. სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ის არ არის, რომ დაჭერილი გამოუშვა. კანონიერ მესაკუთრესაც უნდა დაუბრუნო მისი ქონება, მით უმეტეს, როდესაც ეს ფაქტები ასე აშკარად დევს ზედაპირზე.
თქვენ, ანუ „პროფესორთა ლიგამ“, არაერთხელ გააპროტესტეთ გიული ალასანიასთვის ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის გადაცემა და საინტერესოა, ამავე უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები რატომ ხმას არ იღებენ ამასთან დაკავშირებით?
- ტექნიკურ უნივერსიტეტს ავიწროვებდა არა მხოლოდ გიული ალასანია და თბილისის მერია (რაზეც ზემოთ ვისაუბრე), არამედ ყოფილი დეპუტატი, კახა შენგელიაც. მისი „კავკასიის უნივერსიტეტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის მეოთხე სართულზე წლების განმავლობაში არის განთავსებული, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის იჯარის თანხა, ორი მილიონი ლარი აქვს გადასახდელი და უკვე წლებია ამ თანხას არ იხდის. ამიტომ ჩვენ, „პროფესორთა ლიგა“ და თავად ტექნიკური უნივერსიტეტიც ამ ყველაფერს აპროტესტებს და მიგვაჩნია, რომ დროა, პროკურატურამ ამ საკითხებისადმი ინტერესი გამოიჩინოს. როგორც მოგახსენეთ, აქ ყველაფერი ზედაპირზე დევს, ამას დიდი სჯა-ბაასი არ სჭირდება, ალბათ სულ 3-4 კვირა დასჭირდება ამ საქმეების გამოძიებას და დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
მე პროფესურას ვთხოვდი, სააკაშვილისგან (თუნდაც ნებისმიერი ხელისუფლებისგან, მაგრამ განსაკუთრებით ასეთი დისკრედიტირებული ადამიანისგან) ორდენების მიღებისგან თავი შეიკავონ. ამ ადამიანთან არანაირი კოაბიტაცია, მით უმეტეს განათლების და მეცნიერების სფეროში, არ შეიძლება.
საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანმა ცვლილებებმა. როგორია „პროფესორთა ლიგის“ დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?
- მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გადადგა, რითაც საკმაოდ ეშმაკური ნაბიჯი გადადგა, რადგან აკადემიურმა საბჭომ ისევ ის დანიშნა მოვალეობის შემსრულებლად. ახლა, 16 აგვისტოს რექტორის არჩევნები უნდა ჩატარდეს და იგი უნდა აირჩიოს იმავე აკადემიურმა საბჭომ, რომელიც „არჩეული“ იქნა სააკაშვილის პერიოდში. ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს ამ ადამიანებს პირდაპირ ხელისუფლება ნიშნავდა. მართალია, მათ მიერ არჩეული რექტორი აღარ იქნება კვიტაშვილი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას, როდესაც ისინი ისევ ნაციონალებისთვის სასურველ კანდიდატს აირჩევენ. ეს არ იქნება ლეგიტიმური არჩევნები. 12 ადამიანს, რომელსაც თავად აქვს ლეგიტიმაცია დაკარგული, არ შეიძლება რექტორის არჩევა მივანდოთ.
ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ რექტორი აირჩიონ ან პროფესორთა საბჭოებმა, რომლებიც ყველა ფაკულტეტზე არსებობს, ან უნივერსიტეტის ყველა სრულმა, ან ასოცირებულმა პროფესორმა. ეს დასაბამს მისცემს იმას, რომ სხვა უნივერსიტეტებშიც ეს პროცესი უფრო დემოკრატიულად წარიმართება.
ყველა ის მოთხოვნა, რაც თქვენ დღეს გააჟღერეთ, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს გაუგზავნეთ წერილობით, თუ მედიის საშუალების მიმართავთ მათ?
- „პროფესორთა ლიგა“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, ხოლო იურიდიული პირი, ვისაც ეს ყველაფერი უშუალოდ შეეხო, არის ტექნიკური უნივერსიტეტი. მე ვიცი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, თუმცა, მოგეხსენებათ, პროკურატურაში უამრავი საქმეა და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთი საქმეები ცალკე უნდა იქნეს გამოყოფილი, რადგან მათ გადაწყვეტა შესაძლოა ერთ თვეშიც კი მოხდეს. ჩვენ არაფერს ვერჩით ალასანიას უნივერსიტეტს, დააბრუნოს წართმეული ქონება და თუ უნარი აქვს, დამოუკიდებლად გააგრძელოს ფუნქციონირება, რაშიც მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება. მოგეხსენებათ, ეს უნივერსიტეტი ყველანაირი პრივილეგიით სარგებლობდა და კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტთან ერთად კერძო უმაღლესი განათლების სფეროში მონოპოლისტად იყო ქცეული. ამიტომ მონოპოლიები ამ სფეროშიც უნდა დაიშალოს.