ძებნილის ლიკვიდირებამ ბევრი უპასუხო შეკითხვა დატოვა

ძებნილის ლიკვიდირებამ ბევრი უპასუხო შეკითხვა დატოვა

[ნატო გოგელია, გურიიდან]

"2011 წლის 4 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს დაუკავშირდა სოფელ შრომის მკვიდრი, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდა პოლიციის მიერ ძებნილი დავით ქადეიშვილი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დავით ქადეიშვილი იმყოფებოდა მისი ნათესავის, კუტოღლიანი-მიშკინას ბინაში, სადაც ის მივიდა დახმარების თხოვნით, თუმცა, უარის მიღების შემდეგ, მას მოუვიდა კონფლიქტი მისსავე ნათესავთან და კუტოღლიანი-მიშკინასი დაჭრა მუცლის არეში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა მოახერხეს პოლიციასთან დაკავშირება.

ადგილზე მისულ პოლიციას დავით ქადეიშვილმა გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, ჩაბარებოდა პოლიციას და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნა ცეცხლი პოლიციის მიმართულებით. ორმხრივი სროლის შედეგად, სამწუხაროდ, დავით ქადეიშვილი გარდაიცვალა, რაც შეეხება დაჭრილ კუტოღლიან-მიშკინას, იგი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია", - ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამავე წყაროს ინფორმაციით ქადეიშვილს პოლიცია რამდენიმე დანაშაულის გამო ეძებდა. უფრო კონკრეტულად კი 2008 წლის აგვისტოში, ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მალხაზ მჟავანაძის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაყაჩაღებისთვის; 2008 წლის აგვისტოს თვეში ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ ავთანდილ გელაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის; 2009 წლის 29 დეკემბერს ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკის ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურ "ვისოლის" დაყაჩაღებისთვის;

იმავე დღეს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ ავთანდილ კუგასიანისაგან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ფულის გამოძალვის და ავტომანქანის გატაცებისთვის; 2010 წლის 7 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში მცხოვრებ მიხეილ მჟავანაძის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვისთვის;

ამავე სოფლის საჯარო სკოლისა და სკოლის ავტობუსის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვისთვის; ყაჩაღობის მიზნით ამავე სოფელში მდებარე მაღაზიის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილვისთვის; სოფელ შრომაში მცხოვრებ სიმონ კუგასიანის საცხოვრებელი სახლის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაყაჩაღებებისთთვის; ამავე სოფელში მცხოვრებ ზურაბ მჟავანაძის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის და მისი კუთვნილი ავტომანქანა "ნივას" გატაცებისთვის და  2010 წლის 15 დეკემბერს მამაშვილ თეოდორ და ირაკლი ხურციძეების მკვლელობისთვის, ხურციძეების რძლის - ქეთევან აშუბას და 10 თვის გიორგი ხურციძის დაჭრის გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქადეიშვილის ადგილსამყოფელის ინფორმაციის შეტყობინებისთვის 10 000 ლარიანი ჯილდოც კი დააწესა. მას დაუსწრებლად 22 წელი ჰქონდა მისჯილი.

შრომაში ამ გახმაურებელ საქმეზე ხმამაღლა არ საუბრობენ. პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ ქადეიშვილის ლიკვიდაცია უცაბედი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან სპეცრაზმი თბილისიდან იყო ჩამოსული. გვითხრეს ისიც ქადეიშვილი წინა დღეს დაიჭრა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სუსტი იყო. სწორედ ამიტომ უკვირთ შრომელებს რატომ გახდა 24 წლის ახალგაზრდა ბიჭის ლიკვიდიაცია საჭირო.

- ნათესავთან იმალებოდა დათა. ეძინა და ხელში გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა. დაძინებულს გაუვარდა და აფეთქდა. რამდენიმე ნამსხვრევი მოხდა და საკმაოდ მძიმედ დაიჭრა. დედამისის სანახავად წავიდა. არავინ იცის როგორ მოხდა კუტოღლიანების ბინაში ან რატომ დაჭრა ოჯახის რძალი. ბევრი რამ ჩვენთვისაც გაუგებარია. როცა მოკლეს გულის ჯიბეში ლოცვის წიგნი უპოვეს. ტუალეტში მოკლეს დაჭრილი ბიჭი. სწორედ ამიტომაც ჩდება ეჭვი რომ მისი მოკვლა თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდათ, _ გვითხრეს შრომაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ  დათა ქადეიშვილის მამა და ძმაც ციხეში იმყოფებიან. ოფიციალური ინფორმაციით მამაშვილი იარაღის უკანონოდ შენახვა ტარებისთვის დააკავეს, თუმცა შრომელები ფიქრობენ რომ მათი დაკავების უკან გარკვეული ინტერსები დგას:

- დათას მამა ოპოზიციონერი იყო და ბევრს არ მოსწონდა მისი გამოსვლები. არაფერს განსაკუთრებულს არ ამბობდა. ითხოვდა სოფელს მიხედეთ და ხალხს ყურადღება მიაქციეთო. მამა რომ დაიჭირეს შვილიც მალევე მიაყოლეს. პარალელურად დათას ეძებდნენ. დაკითხვებზე აძალებდნენ თქვით დათა სად იმალება და გაგიშვებთო. არ თქვეს და მამას 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, შვილი კი ჯერ კიდევ განაჩენის მოლოდინშია ბათუმის მესამე საპყრობილეში.

საერთოდ, ამ ოჯახს გადაეკიდნენ. ახლა კიდევ დათა მოკლეს. რა საჭირო იყო მისი ლიკვიდაცია, როცა დაჭრილი და დასუსტებული იყო. სისხლის ღვრის გარეშეც შეიძლებოდა მისი აყვანა, - გვითხრა ქადეიშვილის ერთ-ერთმა ნათესავმა.

ოჯახის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ მამა-შვილ ქადეიშვილებს იარაღი ჩაუდეს. ქადეიშვილების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციის ოზურგეთის ოფისი იცავს. ადვოკატის, ჯაბა ზერეკიძის თქმით კომენტარის გაკეთება იმ მიზეზით არ შეუძლია, რომ საქმეზე საუბარი მის დასაცავს ამ ეტაპზე არ სურს.

ქადეიშვილების ოჯახის დიასახლისი მხოლოდ ერთს - ქმარ-შვილის ციხიდან გამოსვლას ითხოვს და მომხდარზე არ საუბრობს. პრესაგე.ტვ-ის ინფორმაციით არ არის გამორიცხული მალე ქადეიშვილები მართლაც გამოუშვან ციხიდან და მათთან საპროცესო გარიგება გააფორმონ. 

წყაროს ინფორმაციით დათა ქადეიშვილის ადგილსამყოფელის დადგენისთვის დაწესებული ჯილდო 10 000 ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ ორშაბათს გასაიდუმლოებულ პირზე გასცა. თუმცა, როგორც გვითხრეს, ჯილდოს მიმღები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.