„ირანის აქვს ამბიციები, მაგრამ არ აქვს საკმარისი რესურსი, გაზარდოს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენა სამხრეთ კავკასიაში, ვინაიდან ამ რეგიონში არიან სხვა გეოპოლიტიკური მოთამაშეები“

„ირანის აქვს ამბიციები, მაგრამ არ აქვს საკმარისი რესურსი, გაზარდოს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენა სამხრეთ კავკასიაში, ვინაიდან ამ რეგიონში არიან სხვა გეოპოლიტიკური მოთამაშეები“

ირანს არ აშინებს განმეორებითი სანქციები, არ აფრთხობს ის, რომ რუსეთის შემდეგ სამყარო მის წინააღმდეგ კვლავაც ირაზმება, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკვე სანქციები დაუწესა რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე-დრონების მიწოდებისთვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ირანისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც რუსები სამოქალაქო პირების დასახოცად იყენებენ.

რუსებმა ირანული წარმოების დრონები უკვე გამოიყენეს უკრაინის ელექტროსადგურების და სხვა ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს უკრაინელთა გათბობის გარეშე დატოვებას ზამთრის პერიოდში.

თეირანი კატეგორიულად უარყოფს, რომ რაიმე კავშირი აქვს რუსეთისთვის დრონების მიწოდებასთან, მაგრამ მაინც მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად.

ირანის ასეთი გააქტიურება ხომ არ მოასწავებს, რომ, თურქეთის მსგავსად, ამ სამხრეთულ ქვეყანასაც რეგიონალური მოთამაშის ამბიცია გააჩნია? რატომ შეჰყვა ირანი რუსეთს ამ თამაშში მაშინ, როცა ბელარუსიც კი არ დათანხმდა რუსეთს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე და „ერთი გუმბათის ქვეშ მონათლული უკრაინელების წინააღმდეგ“ არ წავიდა?

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ირანისთვის დასავლეთი მიუღებელია, ირანი აცნობიერებს, რომ თუ დასავლეთი იმარჯვებს უკრაინასთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომში, ამით, პირველ რიგში, აშშ გაიღრმავებს პოზიციებს. ეს ირანს არ აწყობს და თანამშრომლობს რუსეთთან, რათა ხელი შეუწყოს რუსეთის გამარჯვებას.

„ირანის სურვილია, დასავლეთმა ამ ომში არ გაიმარჯვოს, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინას უჭირავს პროამერიკული კურსი. რუსეთ-უკრაინის ომი არ გახლავთ ომი ორ სახელმწიფოს შორის, არამედ ეს არის ეკონომიკური, იდეოლოგიური, გეოპოლიტიკური, სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და დემოკრატიულ სამყაროს შორის. ოფიციალური თეირანი თვლის, რომ დღეს, როდესაც რუსეთი უპირისპირდება დასავლეთს, რუსეთი თამაშობს ირანის თამაშს“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე, რომლის თქმითაც, ირანსა და რუსეთს შორის არის კომერციული ინტერესიც.

ჯერ შეიძლება საიდუმლოა თანხის მოცულობა, რაც რუსეთმა გადაუხადა ირანს დრონების მიწოდების გამო, მაგრამ, ფაქტია, რომ ირანს გააჩნია საკუთარი კომერციული ინტერესები, ვინაიდან ირანი დაზარალდა დასავლეთისგან შემოღებული სანქციებით. ამას ემატება ისიც, რომ ნავთობზე ფასები დაეცა. ამიტომ ირანს სჭირდება დამატებითი ფინანსური რესურსების მიზიდვა, რასაც რუსეთში დრონების ექსპორტის ხარჯზე ცდილობს. ირანს უღირს ეს ყველაფერი იმად, რომ თუნდაც ცივილიზებული მსოფლიო მის წინააღმდეგ განეწყოს.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ირანის ამბიციებს, ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ამბიციები ირანს გააჩნია სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ, მაგრამ დღეს მისი რესურსები შეზღუდულია. ირანს არ აქვს საკმარისი რესურსი, გაზარდოს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენა სამხრეთ კავკასიაში, ვინაიდან ამ რეგიონში არიან სხვა გეოპოლიტიკური მოთამაშეები - თურქეთი, რუსეთი, აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი. საქართველოსთან მიმართებით ჩინეთის გავლენა გაზრდილია, რადგან ჩინეთი საქართველოს ნომერ მესამე სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის მოცულობა აჭარბებს მილიარდ დოლარს. ამდენად, ირანი მთლად თამაშგარე მდგომარეობაში არა, მაგრამ მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში ამ ეტაპზე შეზღუდულია.

„ზოგადად, ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში თურქეთმა გაიმყარა პოზიციები, ხოლო რუსეთის პოზიციები სუსტდება. ამას ისიც ადასტურებს, რომ შუამავლის როლს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დღეს ევროკავშირი ასრულებს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, მონიტორინგის ჯგუფი გაგზავნოს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს თურქეთი ანაცვლებს რუსეთს, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ გარკვეულ კონტროლს ინარჩუნებს სამხრეთ კავკასიაში, სომხეთში გიუმრის სამხედრო ბაზაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ამდენად, დღეს ირანს არ გააჩნია შესაბამისი რესურსი, პოზიციები გაიმყაროს სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანს უჭირავს პროთურქული პოზიცია, სომხეთი მაინც ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა არ დაუჭირა მხარი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთს, ხოლო საქართველო მერყეობს დასავლეთსა და რუსეთს შორის. ირანში ცხოვრობს 20 მილიონამდე ეთნიკური აზერბაიჯანელი, მაგრამ აზერბაიჯანის დიასპორას არ გააჩნია ბერკეტი და ვერ მოახდენს გავლენას აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, რომელიც პროთურქულია“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის აზრით, ირანმა დაკარგა ყოველგვარი იმედი, რომ ატომურ ხელშეკრულებას დადებს შტატებთან, ამდენად, ირანმა დაიკავა პრორუსული პოზიცია, მას კარგად ესმის, რომ თუ დაიწყო რუსეთის დეზინტეგრაციული პროცესები, შემდეგი იქნება ირანი. ამდენად, ირანს უღირს ეს ყველაფერი სანქციების მიუხედავადაც კი.

„მეტი რაღა სანქციები უნდა ჰქონდეს ირანს, რაც უკვე აქვს?! ამდენი ხანი სანქციებით ცხოვრობს ირანი. ასევე, ირანი დაინტერესებულია რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, ატომური შესაძლებლობებით. ირანი უკვე არის 90-მილიონიანი ძალიან განვითარებული ქვეყანა, ჰყავს ძლიერი ხელისუფლება და ისტორიულად აქვს სამხრეთ კავკასიაში პოზიციები. გაძლიერების შემდეგ ირანი ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი ძალა და მისი გავლენა გაიზრდება რუსეთის გავლენის დასუსტებასთან ერთად. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, კავკასიიდან რუსეთის გასვლის შემდეგ რა ბედი გველის. უნდა ვიფიქროთ, არ აღმოვჩნდეთ იმავე სიტუაციაში, როგორშიც აღმოვჩნდით 1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ, როცა სომხეთი და საქართველო ირანმა და თურქეთმა შუაზე გაიყვეს. ამას უნდა ვფიქრობდეთ ყოველგვარი ისტორიული წყენების მიუხედავად. ახლა მაინც უნდა გამოვიჩინოთ პრაგმატიზმი“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, მცდარია მოსაზრება, რომ ბელარუსი არ შეჰყვა რუსეთს ამ თამაშში. პირიქით, ბელარუსი და რუსეთი თანამშრომლობენ. უბრალოდ, ბელარუსი ომში არ ერთვება. ლუკაშენკომ თქვა, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, ზურგში ესროლონ ჩვენს მოძმე რუსეთსო. ანუ მან დაიკავა ზურგის დაცვის პოზიცია, მაგრამ ჯერჯერობით ლუკაშენკო ომში ჩართვაზე უარს ამბობს. სოსო მანჯავიძის აზრით, ბელარუსის ომში ჩართვას ცდილობენ, მათ შორის, დასავლური ძალები ისევე, როგორც ცდილობენ ჩვენს ომში ჩართვას. იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი ძალა ჩაერთვება ომში, ეს მოწინააღმდეგე მხარეს ლეგიტიმაციას მისცემს, თვითონაც პირდაპირი ჩარევა განახორციელოს. ბელორუსის ტერიტორიაზეა ახლა განთავსებული რუსული ავიაციაც და შენაერთებიც. იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსი დაინახავს, რომ სასიცოცხლო პრობლემები შეექმნა, რისი საფრთხეც რეალურია, რადგან ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ უამრავი ძალა აამუშავეს, მაშინ შეიძლება ლუკაშენკომ შეცვალოს თავისი მიდგომა და პირდაპირ ომში ჩაერთოს, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას.