მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქალაქები არა მისი ხუშტურის გამო, არამედ იმიტომ შენდებოდა სწრაფად, რომ ქართველებმა მშენებლობა ჩინელების სისწრაფით ახლა ისწავლეს.
მეტიც, მისი პირადად იგი სტიმულს აძლევდა ამ მშენებლობებს. მის დროს შეიქმნა ახალი ქართული არქიტექტურა და, თუკი პირველი არქიტექტორები, რომლებიც ჩვენ გვყავდა, იყვნენ იტალიელები, ინგლისელები, ამერიკელები, „ბოლო წლებში ჩვენ უკვე ვაშენებდით ქართველი არქიტექტორების მეშვეობით“.
პრეზიდენტის ნათქვამის მიუხედავად, ქართველი არქიტექტორები მიიჩნევენ, რომ სწორედ სააკაშვილის ხუშტურით შენდებოდა ნაგებობები და სიჩქარის გამო მათი მდგრადობა საეჭვოა. ასეთი ნაგებობები სულ მალე გამოვა მწყობრიდან და იმის თქმა, თითქოს, სააკაშვილის დროს შეიქმნა ახალი ქართული არქიტექტურა, რეალობას მოწყვეტილია.
სამშენებლო ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტობის მიწურულს სააკაშვილმა კიდევ ერთი უდიდესი სისულელე თქვა და ამით შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ მშენებლებს. სამშენებლო ექსპერტის აზრით, ისტორიაში სააკაშვილი ვერ ერკვევა, თორემ ასეთ ლაფსუსს არ აკადრებდა იმ ერს, რომელმაც თავის ყველაზე დიდ მეფეს აღმაშენებელი უწოდა და უძველესი ციხე-სიმაგრეები, საეკლესიო ძეგლები დაგვიტოვა.
ანზორ საკანდელიძის თქმით, საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი იყო ბრძოლაში, თუმცა ბრძოლის შემდეგ სწორედ ნანგრევების აშენებით იყო დაკავებული და ამ ერს მშენებლობა არ ესწავლება.
უბრალოდ, ექსპერტის აზრით, სააკაშვილი ახლა ცდილობს იმის გამართლებას, რომ მან საერთოდ უგულებელყო ქართველი მშენებლები, არქიტექტორები, რომლებიც არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში ცნობილნი იყვნენ. ქართული არქიტექტორული სკოლა კი განთქმული იყო და საბჭოთა წლებში აშენებული ბევრი შენობა დღესაც არქიტექტურული შედევრების ნუსხაშია.
„ახლა ამბობს, ჩვენ ავაშენეთ, მანამდე არაფერი იყოო. თუმცა, თუ სადმე, საბჭოთა კავშირში რთული და საპასუხისმგებლო ნაგებობა იყო ასაშენებელი, ყველა მათგანს ქართველი დამპროექტებელი და ინჟინერი ჰყავდა, მუშახელიც საქართველოდან მიჰყავდათ. მშენებლობას ტექნოლოგიური აუცილებლობით განპირობებული თავისი ვადები აქვს, თუმცა სწორედ პრეზიდენტის ხუშტურების გამო ირღვეოდა ეს ვადები. ნაჩქარევად აშენებული შენობის მაგალითია ქუთაისის პარლამენტის შენობა, რომელიც თვალსა და ხელს შორის ინგრევა. ნაციონალების მიერ დაგებული გზები, ხელახლა გასაკეთებელია. სწრაფად აშენების ავბედითი შედეგები მომდევნო წლებში იჩენს თავს, ასეთი შენობები უცბად არ ინგრევა, ჯერ იბზარება, შემდეგ ბზარი ფართოვდება და შენობის მდგრადობა მწყობრიდან გამოდის. სააკაშვილის მიერ ნაჩქარევად აგებული არცერთი შენობა არ მიაღწევს ნორმატიული გამძლეობის წლებს და ამ შენობების ექსპლოატაციიდან გამოსვლას ჩვენი თაობაც მოესწრება“, - მიიჩნევს ანზორ საკანდელიძე.
მისივე განმარტებით, ჩინურ არქიტექტურას მსოფლიოში თავისი ადგილი აქვს, თუმცა ჩვენი ლანდშაფტიდან გამომდინარე, ჩინური არქიტექტურა არ შეიძლება საქართველოში გადმოიტანო. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამიტომაც აშენებდა სააკაშვილი უმსგავსო შენობებს, რაც საქართველოს ლანდშაფტს არ ერგებოდა. სინამდვილეში, ეს იყო მისი ხუშტურების ნაზავი, ჩამოჰყავდა იტალიელი და სხვა არქიტექტორები და ქართველ არქიტექტორებს უმუშევრებს ტოვებდა. მეტიც, ანზორ საკანდელიძის თქმით, სააკაშვილის დროს ახალი ქართული არქიტექტურის ნიმუში არ შექმნილა.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ მშენებლობა დადგენილი გრაფიკით უნდა ტარდებოდეს, რადგან ბეტონის გამკვირვებას თავისი დრო გააჩნია და, ზოგადად, მშენებლობაში ყველაფერს თავისი დრო სჭირდება. რაც შეეხება თანამედროვე ქართულ არქიტექტურას, რაც სააკაშვილმა „შექმნა“ - სვანეთში, გორის გზაზე თუ ბათუმში, გიგა ბათიაშვილის აზრით, ამას არავითარ ეროვნულთან, ეთნიკურ კულტურასთან საერთო არ აქვს. უფრო ზუსტად, „ეს არის თანამედროვე დიზაინის ელემენტებისგან ხუშტურებით შექმნილი არქიტექტურა“.
გიგა ბათიაშვილის აზრით, არქიტექტურის უპირველესი დანიშნულება ისიცაა, რომ იგი სივრცის მაორგანიზებელი იყოს და სივრცის კულტურული ფენომენი გადმოსცეს. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში არცერთი ეს კომპონენტი დაცული არ ყოფილა, რიყეზე ჩადენილი დანაშაულით დაწყებული, ბათუმის მთელი რიგი შენობებით დამთავრებული.
„რატომღაც სააკაშვილს აკვიატებული აზრი აქვს და არ იცის, რომ უმაღლესი სასწავლებელი მაღლივ შენობაში ვერ თავსდება. ესთეტიკურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ფუნქციურადაც ვერ მუშაობს, რადგან სტუდენტების მოძრაობა ვერტიკალზე დროის დაკარგვას იწვევს. როგორც წესი, უმაღლესი სასწავლებლები ჰორიზონტალურად ვითარდება და მათი მშენებლობა სამ-ოთხ სართულზე მეტად გამართლებული არ არის. ყველაფერი უკუღმართად აქვს ამ კაცს გაგებული. მესტიის აეროპორტის კოშკი რომ დახარა და გადახარა, ეს არის ქართული არქიტექტურა? ეს არის მესტიის პატივისცემა? ეს ხომ მასხრობაა“, - აცხადებს გიგა ბათიაშვილი.
ამის მიუხედავად, ქართველი არქიტექტორი ისტორიული თბილისის გარკვეულ მონაკვეთებში ნორმალურ რეზულტატზეც საუბრობს, მაგრამ თვლის, რომ ამის მიზეზი დედა-არქიტექტურაა, საიდანაც ეს ნაგებობები იღებს სათავეს და, რომლის რეგენერაციაც განხორციელდა. მისი აზრით, გარკვეულწილად, სიღნაღშიც დადებითი გამოვლინებები არსებობს, თუმცა დანარჩენი, რაც სააკაშვილის დროს გაკეთდა, ეთნიკური კულტურის დამანგრეველია.
მხატვარი გია ბუღაძე აცხადებს, რომ ქართული არქიტექტურა სააკაშვილის დროს არ შექმნილა და საამისოდ ძალიან კარგი სკოლა გვქონდა. თუნდაც ცნობილი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას ნამუშევრის სახით, რომლის ტერასული ნაგებობაც არქიტექტურის მსოფლიო კატალოგშია შესული და არქიტექტურის ქრესტომათიად ითვლება. დღეს გაგარინის ქუჩაზე მდებარე ამ შენობაში საქართველოს ბანკის ოფისია განთავსებული.
გია ბუღაძე იხსენებს საინტერესო ქართველ არქიტექტორებს_ ქურდიანების ოჯახს, მესხიშვილს, კიკნაძეს, ჩხენკელების ოჯახს, თანამედროვე ქართველ არქიტექტორს - გიგა ბათიაშვილს. ამდენად, მისი აზრით, ეს მთელი თაობებია და, ზოგადად, არქიტექტურა არ იბადება ჰაერში, მას გარკვეული სათავეები მოეპოვება პეტერბურგში, მოსკოვში, მიუნხენში, ბერლინში თუ ლონდონში. ჩვენი ტრადიციული არქიტექტურა კი, მართალია, ბიზანტიურ არქიტექტურას ეყრდნობა, მაგრამ ქართველებს არქიტექტურის სკოლა გვქონდა და ახლაც შენარჩუნებული გვაქვს.
„ასე რომ, ქართული არქიტექტურა სააკაშვილის დროს შექმნილი არ არის. უმეტესი სიახლეები, რომლებიც დღეს პოსტმოდერნისტული ტიპის არქიტექტურაში არსებობს, ბუნებრივია, ჩვენზეც მოქმედებს და საქართველოშიც შემოვიდა, მაგრამ ბევრი რამ საკამათოდ კეთდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს. ბევრი ნამუშევარი ნაჩქარევად გაკეთებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუნდაც - ძველი თბილისის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა გია ბუღაძემ.