მამუკა მიქაუტაძის გვამს დაზიანებები აღენიშნება

მამუკა მიქაუტაძის გვამს დაზიანებები აღენიშნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, თუ 36 წლის მამუკა მიქაუტაძის სხეულზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, პოლიციელების მხრიდან ზეწოლის ნიშნები გამოიკვეთება, საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექცია შეისწავლის. გიორგობიანი ადასტურებს, რომ მიქაუტაძე მოწმის სახით დაიკითხა და დაკითხვის შემდეგ იგი სახლში გაუშვეს.

შსს-ს ინფორმაციით, მას წინასწარვე განემარტა, რომ მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ იქნებოდა გაშვებული. ის მოწმის სახით იქნა დაკითხული ერთ-ერთ ნარკოდანაშაულის საქმესთან მიმართებაში. თვითმკვლელობის ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით.

36 წლის მამუკა მიქაუტაძის ცხედარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრების განმარტებით, იგი გასულ ღამეს პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში დიღომში დაკითხვაზე ჰყავდათ. მათივე ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ახალგაზრდა მამაკაცმა მათ დაურეკა, უთხრა, რომ წამებით პოლიციამ მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინა. თვითმკვლელობა სწორედ ამის შემდეგ მოხდა.

მამუკა მიქაუტაძის მეუღლე, ზიზი ეძგვერაძე არ გამორიცხავს, რომ მისი მეუღლე მოკლული იყოს. ეძგვერაძე რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დაკითხვის შემდეგ სახლში დაბრუნებული მამუკა მიქაუტაძის ტელეფონზე არაერთი უცხო ნომრიდან შემოსული ზარი დაფიქსირდა. ამასთან, ეძგვერაძე აცხადებს, რომ მის მეუღლეს მართლა რომ გადაწყვეტილი ჰქონოდა თვითმკვლელობა, თბილისის ზღვიდან რამდენჯერმე არ დაუკავშირდებოდა.

„საღამოს რომ მოვიდა სახლში, ტელეფონი გათიშა. ეშინოდა, ვინმემ არ დამირეკოსო. რატომ-მეთქი? არაფერს ისეთს არ აკეთებდა, რომ ვინმესი შეშინებოდა. ერთხელ ჩავრთე, ნომრის ამოწერა მინდოდა და უცებ ოთხმა ნომერმა დარეკა და გაგიჟდა. აშკარად ვიღაცის ზარს ელოდებოდა. გარდაცვალების შემდეგ გავიგე, რომ დაკითხვაზე ყოფილა დაბარებული. რაზე იყო დაბარებული, ვინ დაურეკა, რა უთხრა, არ ვიცი. შესაძლებელია, კვალის დაფარვის მიზნით მოეკლათ, იმიტომ, რომ საშინლად ნაცემი იყო“, - განაცხადა ზიზი ეძგვერაძემ.

მამუკა მიქაუტაძის ცხედარს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდება. საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვის გადაწყვეტილება ოჯახმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეკომენდაციით მიიღო.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ვარაუდობს, რომ მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისი ოჯახის წევრების ვერსია დიდი ალბათობით სიმართლეა. როგორც კოჟორიძე აცხადებს ამ ფაქტთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს და ძალიან მაღალი ალბათობით, ის ვერსია, რასაც ოჯახის წევრები ყვებიან, სიმართლეა.

მისივე თქმით, მან ნახა მამუკა მიქაუტაძის მიერ მიცემული ჩვენება, რომელშიც იგი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა მოხდა და სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

„ჩემი აზრით, იმ ჩვენებას ადამიანი ზეწოლის გარეშე არ დაწერდა. თავის დაწერილს არ გავდა. 100%-ით ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ რა შთაბეჭდილებაც დამრჩა იმ ჩვენების წაკითხვის შემდეგ, არის ეს. ჩვენ ახლა ვცდილობთ, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალები გავარკვიოთ“, - აღნიშნა საიას თავმჯდომარემ.

ამასთან, კოჟორიძის თქმით, ექსპერტიზის მიზანი იმის გარკვევა იყო, მასზე პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მიცემის დროს მოახდინეს თუ არა ფიზიკური ზეწოლა. მისივე ინფორმაციით, ცხედარს გარეგნული დათვალიერება ჩაუტარდა. დასკვნის შედეგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, გვამს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება და თუ რაში გამოიხატება ეს დაზიანებები, ექსპერტიზის დასკვნაში ჩაიწერება, რომელიც ცნობილი მომავალ კვირას, სამშაბათს, ან ოთხშაბათს გახდება.

კოჟორიძის აზრით, ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო საქმე. საიას თავმჯდომარის განცხადებით, დიდი ალბათობით, ის ვერსიები, რაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს აქვთ, სიმართლეა.