ცნობილი ამერიკელი მწერალი და ლეგენდარული სატახტოთა თამაშების შემქმნელი ჯორჯ მარტინი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ შოუში იყო მიწვეული. ტელეწამყვან სტივენ კოლბერტთან მარტინმა HBO-ის ახალ სერიალზე House of the Dragon-ზე ისაუბრა, რომელიც მისი ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. თუმცა, საუბარი მხოლოდ გამოგონილ სამყაროებს როდი შეეხო — მარტინმა დისტოპიასა და ჩვენს რეალობას შორის კავშირზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში პესიმისტური განწყობები შემოეძალა.
"უცებ ხედავ, რომ ბირთვული ომის პერსპექტივა უფრო და უფრო რეალური ხდება ისევ", — ამბობს მწერალი, — "ისევ. შეიძლება, ბირთვული ომი მოხდეს".
თუმცა, მარტინის თქმით, საი-ფაიში ყოველთვის გამოჩნდება რამდენიმე კარგი ადამიანი, რომელიც სამყაროს გადასარჩენად გაერთიანდება და ოპტიმისტური შემართებაც დაბრუნდება.
"შეიძლება ოპტიმისტურად განწყობილი ვიყოთ კლიმატის ცვლილებაზე? რას მოვიმოქმედებთ, თუკი პუტინი ბირთვულ ბომბებს მართლაც გამოიყენებს? ნეტავ, დრაკონი მყავდეს, რომ პირდაპირ კრემლისკენ გავფრინდე", — მარტინის ამ განცხადებას აუდიტორიიდან აღფრთოვანებული შეძახილები მოჰყვა.
რა თქმა უნდა, არც ამ ინტერვიუს ჩაუვლია ყინულისა და ცეცხლის სიმღერის საგის მეექვსე ნაწილზე, ზამთრის ქარებზე, საუბრის გარეშე. ამ წიგნს მარტინი უკვე ათ წელზე მეტია, წერს.
"ზამთრის ქარების წერაში წინსვლა მაქვს", — იმეორებს მწერალი წლების წინ ნათქვამ ფრაზას, — "მგონი, ძალიან დიდი წიგნი გამოვა".
ავტორის თქმით, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის მეექვსე წიგნი სერიის ყველაზე დიდი ნაწილი იქნება და 1 500-ზე მეტ გვერდს მოიცავს. კოლბერტს მარტინმა გაუმხილა, რომ ამ დროისთვის წიგნის სამი მეოთხედი ნაწილი აქვს დამთავრებული.
"10 წელიწადში 75 პროცენტის დასრულება ნიშნავს, რომ..?", — ჩაეკითხა კოლბერტი.
"[ამაზე ფიქრი] დამთრგუნველია", — პასუხობს მწერალი.
ავტორს კი აღარანაირი პირობა არ დაუდია, მაგრამ ტელეწამყვანმა დაასკვნა, რომ მკითხველებს კიდევ სამი წელი დაცდა მაინც მოგვიწევს.