ცნობილი ინგლისელი მწერალი ნილ გეიმანი, რომელმაც თანამედროვე მკითხველებში აღიარება უკვე მოიპოვა, ახლა მუსიკის წერას იწყებს. გეიმანის სადებიუტო ალბომი Signs of Life 2023 წლის 28 აპრილს გამოვა, მანამდე კი პირველი ორი სინგლის მოსმენა უკვე შეგვიძლია.
ალბომის შესაქმნელად გეიმანმა FourPlay String Quartet-თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. საბოლოოდ, ნამუშევარი მოიცავს როგორც კოლაბორაციებს, ასევე გეიმანის ლექსებსა და ამბებზე დაწერილ მუსიკას.
ალბომის პირველ ორ სინგლთან ერთად, უკვე გამოვიდა ერთ-ერთ მათგანზე გადაღებული ვიდეოკლიპიც. Bloody Sunrise, რომელშიც გეიმანიც მღერის, ავტორის თქმით "უპასუხო სიყვარულით გულგატეხილი ვამპირის" პერსპექტივითაა დაწერილი.
გეიმანის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ბოლოდროინდელი პროექტი The Sandman-იც არის. მწერლის კომიქსზე დაფუძნებული სერიალი ნეტფლიქსმა გადაიღო და მაყურებელმა ის ამ ზაფხულს იხილა.
ნილ გეიმანი კი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწერლად რჩება. ავტორმა თანამედროვე ფენტეზი სამყაროს უნიკალური სამყაროები და გამორჩეული პერსონაჟები აჩუქა. გეიმანის წიგნები არაერთ ენაზეა თარგმნილი და 45 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა მსოფლიოში გაყიდული. მწერლის გახმაურებული რომანების დიდი ნაწილი თარგმნილია ქართულადაც.