უოლტერ ტრაუტი Bluesbreakers ბლუზ როკ სამჭედლოდან

უოლტერ ტრაუტი Bluesbreakers ბლუზ როკ სამჭედლოდან

ჩვენს წინა ნაშრომში „თეთრი ბლუზის მეუფედ“ წოდებულ ჯონ მეიალზე ვსაუბრობდით და აღვნიშნავდით, რომ მის სამჭედლოში არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკოსი გამოიზარდა, გამოიწრთო და სახელი მოიხვეჭა. გამართლებასთან ერთად, თითოეული მათგანის ცხოვრებაში ნიჭმა და შრომისმოყვარეობამ, რა თქმა უნდა ძირითადი როლი შეასრულა.

მეიალის Bluesbreakers-ში გიტარისტები წამდაუწუმ იცვლებოდნენ, თუმც თითოეულ მათგანს ყოველთვის რჩებოდა საკუთარი წარუშლელი კვალის დასატოვებელი დრო ლეგენდარულ ჯგუფში, დიდი მუსიკოსის გვერდზე. 

ერთ-ერთი ასეთი გიტარისტი გახლავთ უოლტერ ტრაუტი, რომელსაც Bluesbreakers-ში დაკვრა ბლუზისთვის და ზოგადად ინტელექტუალური მუსიკისათვის ყველაზე რთულ პერიოდში - გასული საუკუნის 80-იან წლებში მოუწია.

იგი 1951 წელს ნიუ ჯერსიში, დურგლის ოჯახში დაიბადა და „ბლუზური ცხოვრების წესი“ ბავშვობიდანვე გამოიმუშავა, რადგან მშობლები მისი მოზარდი ასაკის პერიოდში გაეყარნენ. შემდგომში ერთ-ერთ ინტერვიუში უოლტერი იტყვის, რომ ოჯახის ნგრევამ მასზე დიდი გავლენა იქონია და რომ არა გიტარითა და ბლუზით გატაცება, შეიძლება ალკოჰოლის მსხვერპლიც კი გამხდარიყო. ვინ იცის სწორედ ბავშვობის ტრავმის მიზეზითაცაა განპირობებული გიტარისტის დაკვრაში აგრერიგად მოზღვავებული სიწრფელე.

უოლტერ ტრაუტის დაკვრაში იგრძნობა ჯიმი ჰენდრიქსის, სტივ რეი ვოგენის, რიჩი ბლეკმორისა თუ ედი ვან ჰალენის უკომპრომისო ბლუზ და როკ გიტარების მუხტი, თუმც ბალანსი გამორჩეული  ესთეტიკითაა შეჯერებული, რაც ყურადღებიდან არ გამოჰპარვია დიდ მაესტრო ჯონ მეიალს, ვისთან ერთად ჩაწერილი ალბომებიც ამის ნათელი მაგალითია.

საინტერესოა, მაგრამ უოლტერ ტრაუტისთვის პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი არა გიტარა, არამედ საყვირი იყო. ბავშვობაში, ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, მშობლებმა იგი თვით დიუკ ელინგტონის საგრიმიოროში შეიყვანეს. აქ მან საოცარი მუსიკოსები გაიცნო, რომლებიც კონცერტის ავკარგიანობას არჩევდნენ...

The Beatles-მა და მაიკ ბლუმფილდმა კი უოლტერი დაარწმუნეს, რომ გიტარაზე დაკვრა მისი ცხოვრების წესი უნდა გამხდარიყო, რასაც მომავალში დიდი იმპულსი მიანიჭა ისეთი სხვადასხვა სტილის შემსრულებლების ჯგუფებში დაკვრამ, როგორიცაა მაგალითად „ბიგ მამა“ ტორნტონი, ჯო ტექსი და ჯონ ლი ჰუკერი.

1980-იანი წლების დასაწყისში უოლტერ ტრაუტი Canned Heat -ის გიტარისტი და ჰარმონიკაზე შემსრულებელი ხდება. სწორედ აქ შენიშნა იგი ჯონ მეიალმა და გადაიბირა რა თავის კოლექტივში, შესანიშნავი გიტარისტების კოკო მონტოია-უოლტერ ტრაუტი ტანდემი ჩამოაყალიბა. აღსანიშნავია, რომ 80-იან წლებში Bluesbreakers-ის შესანიშნავი როგორც საკონცერტო, ასევე სტუდიური ალბომების უკომპრომისო ბლუზ-როკულობა, დიდწილად სწორედ ტრაუტის როკულმა - ერთგვარად მოუხეშავმა ჟღერადობამ განაპირობა, სადაც აღსანიშნავია თითოეული ნოტის სინატიფე და გამომხატველობა.

მიუხედავად 1988 წლის ალბომ Chicago Line-ის ბლუზური თვალსაზრისით ბალანსის გადახრისა და აქედან გამომდინარე ალბათ კოკო მონტოიას მიმართულებით ყურადღების გამახვილებისა, უოლტერ ტრაუტის შთამბეჭდავმა სოლოებმა One Life To live-სა და Life In The Jungle-ში ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ძარღვიანი როკის მსმენელებზედაც კი, შექმნა რა საფუძველი იმისა, რომ უოლტერ ტრაუტი მშობლიურ ამერიკაშიც დაეფასებინათ, რადგან მისი ავტორობით შექმნილი Life In The Jungle-ს მიმართ, ბონ ჯოვის მასობრივი მსმენელიც კი ვერ დარჩებოდა გულგრილი.

1989 წელს, ერთ-ერთი კონცერტის წინ, ჯონ მეიალი შეუძლოდ გახდა და სცენის წარმართვა უოლტერ ტრაუტს მოუწია, რადგან მას მეიალზე მორგებული ვოკალის  პარტიების შესრულებაც შეეძლო. ტრაუტმა შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ ფუნქციას და კონცერტის დასრულებისთანავე შედგა მისი საუბარი

ხმის ჩამწერ ფირმა Provogue -ს წარმომადგენელთან, რომელიც მას სოლო ალბომის ჩაწერას თავაზობდა. 38 წელი კი ის ასაკი იყო, როდესაც ალბათ უკვე შეიძლებოდა სოლო მოღვაწეობის დაწყება.

აქვე უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა ჯგუფებთან მოღვაწეობის მიუხედავად, უოლტერ ტრაუტი არასოდეს ყოფილა სესიური - დაქირავებული გიტარისტის დაკვრის ხელწერის გამომხატველი, როგორც ეს შეიმჩნევა მაგალითად ბობ დილანის, ჯო კოკერისა თუ კიდევ არაერთი სოლო შემსრულებლის მოწვეული გიტარისტების შემთხვევაში. ამიტომაც სოლო მოღვაწეობის დაწყება მუსიკოსისთვის ნამდვილი მისწრება უნდა ყოფილიყო.

ამავე პერიოდში ტრაუტმა დაძლია მისწრაფება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიმართ, რაც მას მთელი 20 წლის განმავლობაში უმწარებდა სიცოცხლეს. ამაში დიდი როლი ლეგენდარულ გიტარისტ კარლოს სანტანას უთამაშნია - „ღმერთმა საოცარი ნიჭით დაგაჯილდოვა, მაგრამ შენი სიმთვრალით შეურაცხყოფას აყენებ შემოქმედს“. „ამ სიტყვებმა შოკში ჩამაგდო და გადავწყვიტე, რომ ახალი ცხოვრება დამეწყო ალკოჰოლის გარეშე“ - მოგვიანებით იხსენებდა უოლტერ ტრაუტი.

90-იან წლებში მუსიკოსი სოლო მოღვაწეობას შეუდგა და 1998 წლის ჩათვლით უოლტერ ტრაუტის დისკოგრაფია 5 ალბომს ითვლიდა, რომელთაც მას საკმაოდ ფართო აღიარება მოუტანეს ევროპაში. 

მას შემდეგ 20-ზე მეტმა წელიწადმა განვლო და უოლტერ ტრაუტმა დიდი  გამოცდილება შეიძინა როგორც ვოკალისტმაც. მიუხედავად ათობით საკონცერტო, თუ სტუდიური ალბომისა, ამერიკაში მას მაინცდამაინც არ სცნობენ, რისთვისაც მუსიკოსი დიდი ხანია იბრძვის.

ამ მიზეზით  ხომ არ იყო, რომ ტრაუტმა სულ რაღაც ორიოდე თვის წინ, უაღრესად ამერიკული სულისკვეთებით გამსჭვალული A Tribute To Luther Allison ალბომი გამოსცა?! ჩიკაგური ბლუზის ერთ-ერთი მამამთავრის მიმართ პატივისცემა ცალკე საკითხია. მეორეს მხრივ კი შავკანიანი ბლუზური მრწამსის სრულიად გადმოთეთრება, ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ კაპრიზული და დელიკატური თემაა. ანუ, უნდა გაკეთდეს უმაღლეს დონეზე, ან მისი ჩავარდნა გარდუვალია.

უკვე გამხსნელი I’m Back დამძიმებული როკ’ნ’როლის მოსმენისას ცხადი იქმნება, რომ ბლუზური სამყარო ჯერ კიდევ მყარად დგას ფეხზე და ამაში უდიდესი დამსახურება სწორედ რომ უოლტერ ტრაუტის ტიპის არც თუ ისე ბევრ მეორე-მესამე თაობის ბლუზ გიტარისტებს მიუძღვით, რომელთაც გემოვნებით და ყოველგვარი გადამლაშების გარეშე შეძლეს ამ წარმმართველი მუსიკალური ბაზისის 21-ე საუკუნის მსმენელის ფსიქოლოგიურ მოთხოვნებზე მორგება.

საოცარი ტექნიკა, ლაზათიანი ბგერა, დაკვრის ზომიერებით გამორჩეული გემოვნება, როკულობა - ყოველივე ეს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს ახალ ნამუშევარს. იგი გულგრილს ვერცერთი თაობის მსმენელს ვერ დატოვებს, რადგან ისმინება ერთი ამოსუნთქვით და როკული დრაივის მიუხედავად, ბლუზურობას წამითაც არ ჰკარგავს, რადგან უოლტერ ტრაუტი უპირველეს ყოვლისა ბლუზ გიტარისტია.

ახალ ალბომს კიდევ საოცარი კომპოზიციური სიმწიფე გამოარჩევს, რაც ამ სიმღერების ავტორ - დიდ ლუთერ ალისონის ნიჭთან ერთად, ბუნებრივია, რომ წარმოგვიდგენს უოლტერ ტრაუტს, როგორც შესანიშნავ ორანჟერს. Just As I Am კი ზოგადსაკაცობრიო ბლუზია, რომელიც აერთიანებს შავს, თეთრს, ბლუზს, როკს, მუსიკის სიყვარულით აღსავსე გემოვნებიანი მსმენელის თვალსაწიერში.