ამერიკის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს მთავარ პროკურატურას აკრიტიკებს

ამერიკის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე საქართველოს მთავარ პროკურატურას აკრიტიკებს

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ პრეტენზიები არაერთხელ გამოთქმულა და პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმაც 3 ივლისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პროკურატურა სუსტია, მაგრამ ახალი ხელისუფლების პრინციპია, რომ მხოლოდ სამართლებრივი გზით მოხდეს საქმეების წარმოება. ძირითადი პრეტენზია პროკურატურის მიმართ არის ის, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესულ საჩივრებზე გამოძიება ჯერ დაიწყო, ხოლო შემდეგ ყველა საქმეზე გამოძიება შეჩერდა. ასეთივე პრეტენზია აქვს ჩვენს რესპოდენტს, გიორგი სარქისიანს, რომელიც ყოფილ პროკურორ ანზორ ხვადაგიანს თაღლითობაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ როგორც სარქისიანის ადვოკატი ამბობს, საქმე თაროზეა შემოდებული და წინ არ მიდის.

გიორგი სარქისიანი წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობდა და ამერიკის საზღვაო ქვეით ჯარში მსახურობდა, ერაყშიც იბრძოდა, ხოლო 2007 წელს საქართველოში დაბრუნდა. 2010 წლის 5 მარტს იგი ნარკოტიკების მოხმარების და უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს. სარქისიანი ყვება, რომ როდესაც დააპატიმრეს, ვინაიდან მისი ოჯახი ამერიკაში ცხოვრობს, აქაურ ნათესავებს, კერძოდ კი ბიძას, ანზორ ხვადაგიანს დაუკავშირდა, რომელიც ყოფილი პროკურორია. სარქისიანის თქმით, მეორე დღესვე მასთან მივიდა ადვოკატი თამაზ რუსაძე, რომელმაც უთხრა, რომ ანზორ ხვადაგიანმა გამოაგზავნა. სარქისიანთან პროკურორიც შევიდა და უთხრა, რომ 50 000 ლარად მისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოხდებოდა, რის შემდეგაც სამ წელს მიუსჯიდნენ.

„ციხიდან ჩემს ოჯახს ვერ ვუკავშიდებოდი და უკვე სასამართლოში იხილებოდა საქმე, როდესაც ჩემმა ადვოკატმა, თამაზ რუსაძემ მითხრა, რომ საპროცესოს თანხა არ არსებობდა. ამიტომ მითხრა, საპროცესოს სააპელაციო სასამართლოში გაგიკეთებთო. როდესაც საქმე აპელაციაში გადავიდა, რამდენიმე პროცესის ჩატარების შემდეგ ადვოკატი მოვიდა და მითხრა, საპროცესოსთვის საკმარისი თანხა ისევ არ გვაქვსო. მისი თქმით, დედაჩემისგან მხოლოდ 30 000 ლარი იყო გადმორიცხული, მაგრამ როგორც მოგვიანებით გავიგე, იმ დროისთვის დედაჩემს უკვე 30 000 დოლარი ჰქონდა გადმორიცხული. ამ ფულს დედაჩემი თანდათანობით (ანუ როცა რამდენს იშოვიდა) ურიცხავდა ანზორ ხვადაგიანს და ამის დამადასტურებელი გადმორიცხვის ქვითრები საქმეში არსებობს“, - აცხადებს გიორგი სარქისიანი.

მისი თქმით, როდესაც პროკურორს ადვოკატმა უთხრა, რომ ბრალდებულის მხარეს მხოლოდ 30 000 ლარი ჰქონდა, ამ თანხაში საპროცესო შეთანხმება ხუთწლიანი სასჯელის დანიშვნით შესთავაზეს. ამაზე განსასჯელი დათანხმდა და მის ადვოკატს ოთხი საათი მისცეს საიმისოდ, რომ ეს თანხა ხვადაგიანებისგან აეღო და შესაბამის ანგარიშზე ჩაერიცხა. გიორგი სარქისიანის თქმით, როდესაც ადვოკატი ანზორ ხვადაგიანთან მივიდა და უკან დაბრუნდა, ხვადაგიანის დანაბარები გადასცა, რომ ეს თანხა მას არ ჰქონდა, მაგრამ თავისი კავშირებით უფრო ადრე გამოაშვებინებდა სარქისიანს. ამასთანავე, ადვოკატმა იგი დაამშვიდა, საპროცესო შეთანხმება უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც კეთდებაო. მოკლედ, საქმის უზენაესში გასაჩივრების შემდეგ გიორგი სარქისიანმა უზენაესი სასამართლოდან საქმის განხილვაზე უარი მიიღო და საბოლოოდ სააპელაციო სასამართოს განაჩენი - ათწლიანი პატიმრობა დარჩა ძალაში.

„უზენაესიდან უარის მიღებისთანავე დავურეკე ანზორ ხვადაგიანის მეუღლეს, მაია ხვადაგიანს და მომხდარის შესახებ ვუთხარი. მან კი მიპასუხა, არ ინერვიულო, ჩვენ ყველაფერი ვიცით და ახლა მარიამობის დღესასწაულზე ციხიდან გამოხვალო, ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულში. მივხვდი, რომ შეწყალებაზე იყო საუბარი და 28 აგვისტოს განთავისუფლებას ველოდი, თუმცა ეს არ მოხდა. შემდეგ დამპირდნენ, რომ გიორგობაზე გამომიშვებდნენ, მაგრამ არც ეს დაპირება შეასრულეს. მოკლედ ყველა დღესასწაულზე იქნებოდა ეს ახალი წელი, აღდგომა თუ სხვა, ველოდი, რომ საკნის კარი გაიღებოდა და გამომიშვებდნენ, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოშვებული ამნისტიის შედეგად გავთავისუფლდი“, - აღნიშნავს გიორგი სარქისიანი.

მისი თქმით, დედამისს ანზორ ხვადაგიანი ამერიკიდან ფულს რომ აგზავნინებდა, ატყუებდა, რომ ეს ფული ბიუჯეტში ირიცხებოდა და მის შვილს მალე გამოუშვებდნენ. ამიტომაც სარქისიანის ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ იგი მალე დატოვებდა საპატიმროს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საპროცესოს გასაფორმებლად საჭირო თანხა დედამისს უკვე დიდი ხნის გადმორიცხული ჰქონდა, გიორგი სარქისიანს სამი წელი ციხეში ჯდომა მოუწია. საბოლოო ჯამში, მისმა დედამ ანზორ ხვადაგიანის ანგარიშზე 50 000 დოლარი გადმორიცხა, რომელიც ამის შემდეგ ვეღარ დაიბრუნეს. ამასთანავე, გიორგი სარქისიანი ამბობს, რომ მისი დაჭერის შემდეგ ანზორ ხვადაგიანმა მისი პირადი ნივთებიც მიისაკუთრა. კერძოდ, ყოფილი პატიმარი აღნიშნავს, რომ როდესაც მისთვის აღმკვეთი ღონისძიების დანიშვნის საკითხი იხილებოდა, სასამართლოში ანზორ ხვადაგიანი მივიდა, რომელსაც მან ჯარისკაცის სამკერდე ნიშანი, ტყავის ქურთუკი, მობილური ტელეფონები, საათი და ძვირადღირებული (3000 დოლარიანი) ძეწკვი გადასცა, უკან კი მხოლოდ საათი და ჯარისკაცის სამკერდე ნიშანი დაუბრუნეს. ხოლო როდესაც ეს ნივთები მოიკითხა, ხვადაგიანმა მას უთხრა, რომ რაღაცაში ფული დასჭირდა, ძეწკვი 500 ლარად დაალომბარდა და შემდეგ ლომბარდიდან ვეღარ დაიხსნა და ის ძეწკვი დაიკარდა. თუმცა გიორგი სარქისიანი მიიჩნევს, რომ ეს ტყუილია და თუკი ეს მართლაც ასე იყო, ხვადაგიანს მისთვის დროზე რომ ეთქვა, ლომბარდიდან საკმაულის დასახსნელ ფულს თავადვე მისცემდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გიორგი სარქისიანმა პროკურატურას საჩივრით მიმართა და ხვადაგიანების ოჯახის ქმედებების გამოძიება და მისი კუთვნილი თანხის დაბრუნება მოითხოვა.

„სხვათაშორის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მაია ხვადაგიანს შევხვდი და ვუთხარი, რომ ჩემი კუთვნილი თანხა დაებრუნებინათ, რის საპასუხოდაც მან დოლიძის ქუჩაზე ავტოფარეხები და ნატახტარში მიწის ნაკვეთი შემომთავაზა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ დედაჩემს მხოლოდ მისი შრომით ნაშოვნი ფულის უკან დაბრუნება უნდოდა და არანაირი მიწის ნაკვეთი ჩვენ არ გვჭირდებოდა. ამასთანავე, საუბარში მაია ხვადაგიანმა ახსენა სიტყვა ვალი, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს ვალი კი არ იყო, არამედ ჩემი საპროცესოს თანხა იყო და ამნისტიას რომ არ მოესწრო, მათი წყალობით დღესაც ციხეში ვიჯდებოდი“, - ამბობს გიორგი სარქისიანი.

მისი თქმით, დედამისი 2012 წლის დეკემბერში სპეციალურად ჩამოვიდა ამერიკიდან, რათა გამოძიებისთვის ჩვენება მიეცა და იგი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო. დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში წერია - „გამოძიებამ დაადგინა, რომ ანზორ, მაია და ანზორ (ანზორ და მაია ხვადაგიანების ვაჟი) ხვადაგიანებმა ჩაიდინეს თაღლითობა, კერძოდ, გიორგი სარქისიანის გათავისუფლების სანაცვლოდ მის დედას, რუზანა გრიგორიანს გამოართვეს საპროცესო შეთანხმების თანხები, დაპირდენენ გიორგი სარქისიანის გათავისუფლებას და დანაპირები არ შეასრულეს.“

გიორგი სარქისიანის ადვოკატი, დიანა გვიშიანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუზანა გრიგორიანი დაზარალებულად სცნეს, დაკითხეს გიორგი სარქისიანი და ანზორ ხვადაგიანის ოჯახის წევრები, გამოძიება წინ აღარ წასულა.

„მე ვთვლი, რომ ამ საქმეში კვალიფიკაციის დადგენა პრობლემა არ არის, მარგამ როდესაც პროკურორ სოფო ბარაბაძეს ვხვდები, მეუბნება, რომ საქმეზე კვალიფიკაციის დადგენა უჭირს და საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია. ამ დროს საქმეში არსებობს რუზანა გრიგორიანის მიერ ანზორ ხვადაგიანის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვის მადასტურებელი დოკუმენტები, ასევე არსებობს ფარული ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს, რომ ხვადაგიანებმა ეს თანხები მართლაც თაღლითური გზით მიითვისეს. კერძოდ, გამოძიებამ თავად აღჭურვა რუზანა გრიგორიანი ფარული ვიდეოკამერით და ხვადაგიანებთან შეხვედრა დაავალა. ამ შეხვედრაზე კი ხვადაგიანები აღარებენ, რომ ეს თანხა მითვისებული აქვთ“, - აცხადებს ადვოკატი.

მისი თქმით, ამის გარდა, რუზანა გრიგორიანს ანზორ ხვადაგიანთან „სკაიპით“ საუბრის ჩანაწერებიც აქვს, სადაც საყვედურობს მას, რომ ამხელა თანხის გადმორიცხვის შემდეგ, რატომ ვერ მოხერხდა მისი შვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

For.ge კომენტარისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად, სიმართლე გაირკვევა.