რამდენიმე წლის წინ სერბული ფესვების მქონე კატალონიური „ბარსელონას“ ახალგაზრდა თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა და „ბარსას“ ქომაგები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.
სამწუხაროდ ბოინმა მასზე გაცემული ავანსი ვერ გაამართლა და ერთ რიგით ფეხბურთელად გადაიქცა.
2007-2011 წლებში კრკიჩმა „ბარსელონას“ მაისური 104 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო და საკუთარ ანგარიშზე 29 გოლი მიითვალა.
პერსპექტიულ შემტევს კატალონიელთა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდა და 2011 წელს, იჯარის წესით ასპარეზობა იტალიურ „რომაში“ გააგრძელა. ფრანჩესკო ტოტის გუნდის ღირსება 33 ოფიციალურ მატჩში დაიცვა და შვიდი გოლი გაიტანა.
გასულ წელს თავდამსხმელი ბოიანი „მილანში“ ჩაირიცხა. დიდი მონდომების მიუხედავად ამ გუნდში დამკვიდრება ვერ მოახერხა. სილვიო ბერლუსკონის კლუბში მხოლოდ 19 შეხვედრა გამართა და სამი ბურთი მიითვალა.
ერთი თვის წინ კრკიჩი მშობლიურ „ბარსელონას“ დაუბრუნდა. სამწუხაროდ გუნდში მისი ადგილი კვლავ არ აღმოჩნდა.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ბოიან კრკიჩი იჯარის წესით ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა და მომავალ სეზონს ამ კლუბში ჩაატარებს.