საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში რეგისტრატორების, დამკვირვებლების, ჟურნალისტების თვალწინ საჯარო სკოლების პედაგოგებს „შპარგალკები“ აღმოაჩნდათ. დღის ბოლოს მათგან ჩამორთმეულმა „შპარგალკებმა“ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის ხელში მოიყარა თავი და „შპარგალკების“ სიმრავლემ ცელოფნის ერთი პარკი შეავსო.
მაია მიმინოშვილი არ გამორიცხავს, რომ, სავარაუდოდ, მსგავსი შემთხვევები სხვა საგამოცდო ცენტრებშიც დაფიქსირდებოდა, რაც შეურაცხმყოფელი ფაქტია.
მართალია, ე.წ. შპარგალკების აღმოჩენა გამოცდის დაწყებამდე, რეგისტრაციის პროცესში მოხდა და მათი საგამოცდო აუდიტორიაში შეტანა ვერ მოხერხდა, მაგრამ იმისთვის, რისთვისაც პედაგოგები აქამდე ბავშვებს სჯიდნენ, ახლა თვითონ აღმოჩნდნენ მხილებულნი.
პედაგოგები არა მარტო დაწყებითი საგნების გამოცდისთვის აღიჭურვნენ „შპარგალკებით“, არამედ მომდევნო დღესაც, პროფესიული უნარების ჩაბარების დროსაც, „შპარგალკებით“ მივიდნენ. თუმცა მომდევნო დღეს ასეთი ფაქტები გაცილებით ნაკლები იყო.
ეს არ არის მხოლოდ წლევანდელი გამოცდების პრობლემა. მსგავსი რამ გასულ წლებშიც დაფიქსირდა, თუმცა „შპარგალკების“ გამო რომელიმე მასწავლებელი გამოცდიდან არც წინა წლებში არ მოუხსნიათ. გამოცდების ეროვნულ ცენტრს კი რაიმე მექანიზმი არ აქვს, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.
24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, როცა პედაგოგს ე.წ. შპარგალკა აღმოაჩნდება, ეს არ არის მხოლოდ მისი კომპეტენციის საკითხი, არამედ ეს უპირველესად ზნეობის საკითხია. ამიტომ მისი აზრით, ამას პირდაპირ უნდა დაერქვას სახელი, რომ უზნეობაა, როცა ადამიანი ცდილობს არაკანონიერი გზით სარგებლის მოპოვებას.
ამასთან, გია მურღულიას აზრით, გამოცდაზე „შპარგალკების“ გამოჩენა ადასტურებს, რომ თურმე შესაძლებელია, წინასწარ მოემზადო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის. ეს კი დამაფიქრებელია და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა ტიპის ტესტები მასობრივად უნდა შექმნას, რათა ობიექტურობა შენარჩუნდეს.
ადასტურებს თუ არა მომხდარი ფაქტი, რომ ჩვენი პედაგოგების განათლების დონე მოიკოჭლებს?! ამის შესახებ გია მურღულიას არაერთგზის განუცხადებია. მისი აზრი დღესაც იდენტურია. იგი თვლის, რომ ჩვენ გვყავს შესანიშნავი მასწავლებლები, მაგრამ, ამავდროულად, უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ბევრი პედაგოგი ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
კერძოდ, მას შემდეგ, რაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა გაჩნდა საქართველოში და სწავლების ახალ მეთოდებზე დაიწყო საუბარი, ამან ახალი ამოცანების წინაშე დააყენა ჩვენი მასწავლებლებიც, რომელთა განვითარების ტემპიც აშკარად ჩამორჩება დღევანდელ მოთხოვნებს. ამის მიზეზად გია მურღულია მასწავლებლის დაბალ მოტივაციას ასახელებს, რადგან, ასევე, ძალიან დაბალია მათი შრომითი ანაზღაურება. მეორე მხრივ, ეს დაკავშირებულია მასწავლებელთა კონსერვატიზმთან.
„ბევრს ჰგონია, რადგან უნივერსიტეტში ისწავლა და დიპლომი აიღო, აღარ არის საჭირო მუდმივ პროფესიულ სრულყოფაზე ზრუნვა. ეს კი მკვეთრად ამუხრუჭებს ქართული განათლების სისტემას“, - ასკვნის გია მურღულია.
ჩვენ მაია მიმინოშვილსაც დავუკავშირდით. მან უარყო, თითქოს პედაგოგები პროფესიულმა უნარებმა დააფრთხო და ამიტომაც მოიმარაგეს „შპარგალკები“. სინამდვილეში, მიმინოშვილის თქმით, ეს შპარგალკები დაწყებითი კლასის პედაგოგებს აღმოაჩნდათ, რომლებიც საგნობრივ ტესტებს აბარებდნენ. პროფესიული უნარების ჩაბარება კი მათ მხოლოდ მეორე დღეს მოუხდათ, რაც სავალდებულოა ყველა პედაგოგისთვის და, მაია მიმინოშვილის აზრით, ვერცერთი პედაგოგი ვერ იტყვის, რომ უნარების ტესტში მოთავსებული მასალა აუცილებელი არ არის.
„კომენტარის გაკეთება მიჭირს და უხერხულობაც კი მაქვს, ამ თემაზე ვისაუბრო. საქმე ისაა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ბევრი ადამიანის თვალწინ მოხდა. გამოგიტყდებით, პირველი შემთხვევა არ არის, წინა წლებშიც იყო ასეთი შემთხვევები. რეგისტრაციის პროცესში უამრავი ადამიანია ჩართული, არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები, არამედ რეგისტრატორები, პოლიციის თანამშრომლები, ექიმები, ჟურნალისტები, რომლებსაც გადაღების უფლება აქვთ და, ძალაუნებურად, ამ პროცედურის შემსწრეები არიან. ვერ გეტყვით, რამდენ პედაგოგს აღმოაჩნდა შპარგალკა, მაგრამ ისინი ბევრნი იყვნენ. როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდა, ეს მასალებიც პოლიციის თანამშრომლებმა გადმომცეს და ახლა „შპარგალკების პარკი მიჭირავს ხელში“ - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
მანვე განმარტა, რომ ეს პედაგოგები გამოცდიდან არ დაუთხოვიათ, რადგან მათ „შპარგალკის“ გამოყენება ვერ მოასწრეს. უფრო ზუსტად, მათთვის კონკრეტული ტესტური დავალებები უცნობი იყო. სამაგიეროდ, პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომი იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მოსამზადებელი მასალები. ამიტომ სკოლის პედაგოგებს ზოგადი სახის შპარგალკები ჰქონდათ მომზადებული, სადაც ძირითადი ცნებები, ტერმინები, განმარტებები, თეორემები იყო გადმოცემული.
მაია მიმინოშვილს მიაჩნია, რომ პედაგოგი ასეთ საშუალებებს არ უნდა მიმართავდეს, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი პროფესიაა და მათ ჩვენი მომავალი თაობა აბარიათ. ამასთან, იგი ინტერესდება, მოუნდებათ კი ასეთ პედაგოგებს საკუთარი შვილები მიიყვანონ ექიმთან, რომელიც შპარგალკის მეშვეობით დასვამს დიაგნოზს და დანიშნავს მკურნალობას?!
„სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, როცა 12 წლის განმავლობაში, ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე, ამ ადამიანებს აღსაზრდელად ჩვენს მოზარდებს ვაბარებთ. მსგავსი რამ არც აბიტურიენტების და არც სტუდენტების გამოცდებზე არ ხდება. ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი ამ პედაგოგთა საბოლოო შედეგებზე. თუმცა, ვინც გადალახავს ზღვარს, მას სერტიფიკატი ერგება“.
ამის მიუხედავად, მაია მიმინოშვილს კიდევ ერთი გარემოება აფიქრებს: თუ აბიტურიენტების 2% არ გამოცხადდა გამოცდაზე, მასწავლებლების შემთხვევაში, გამოცდაზე გამოუცხადებლობა 16, 8% -ს შეადგენდა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობისთვის 26 000-მდე პედაგოგი დარეგისტრირდა.