ზაფხულის ცხელი დღეები წინაა და რა თქმა უნდა, აქტუალურია კითხვა - რა ჯდება დასვენება ამ სეზონზე, საშუალო შემოსავლების მქონე მოქალაქეები, ცხადია, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავებას ვერ შეძლებენ. ქვემოთ წარმოდგენილი ფასების მიხედვით, ღამის გათევა ნორმალურ პირობებში მოგიწევთ, მაგრამ თუ აღნიშნულ ფასებს თქვენი ჯიბე ვერ გასწვდება, გულს ნუ გაიტეხთ, დასასვენებლად წასვლაზე უარს ნუ იტყვით.
კვარიათი
კვარიათის საოჯახო სასტუმროებში ფასები სეზონის მიხედვით იცვლება. ივლისში საოჯახო სასტუმროში სამადგილიან ოთახს, სამჯერადი კვებით, ღამეში 250-270 ლარად იშოვით. შედარებით იაფია ოთახები კერძო სახლებში, სადაც ერთი ოთახის დაქირავებაა შესაძლებელი სველი წერტილებით და საერთო სამზარეულოთი.
ბათუმი
ბათუმში, ზღვის პირველ ზოლში, ფასები განსაკუთრებით მაღალია, ერთ ღამეში ერთოთახიანი ბინის ფასი 100 დოლარიდან იწყება. ამას ემატება კვებაც. "ბათუმში ოროთახიანი ბინა დავიქირავე, ოთხი საწოლი იდგა, ღამეში 300 ლარს ვიხდიდით. სეზონზე კატასტროფული ფასებია, ათდღიანი დასვენება საკმაოდ ძვირი, დაახლოებით 3000 ლარი დამიჯდა", - ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი.
ყველაზე მაღალი ფასები აგვისტოშია, ამ დროს ბათუმში დამსვენებლების ბუმია. შედარებით იაფად, ივნისსა და ივლისში ერთოთახიანის დაქირავებას ღამეში 60-70 ლარად შეძლებთ. აგვისტოში კი ფასები ორმაგდება. თუ გეძვირებათ, კერძო ბინებში ე.წ. კოიკების დაქირავება შეიძლება 10-12 ლარიდან.
საირმე
საირმეშიც ფასები სეზონის მიხედვით იცვლება. ივლის-აგვისტოში სასტუმროებში ორადგილიანი ნომრის საშუალო ფასი, კვებით, დღეში 110-135 ლარია. ზოგიერთ სასტუმროში ნომრების ფასი ხედის მიხედვითაც განსხვავდება: მაგალითად, ტყის ხედით 134 ლარი ღირს, მდინარის ხედით - 159 ლარი.
კიკეთი
კიკეთში ბინები მთელი სეზონით ქირავდება. ორსართულიანი კომფორტული ბინის ქირაობას, სამი საძინებლით, 1000-1500 დოლარის ფარგლებში შეძლებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქ სასმელი წყალი გრაფიკითაა.
გონიო
გონიოში შედარებით სუფთა ზღვაა. ფასები აქ 10 ლარიდან იწყება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ასეთ ფასიან ბინებს საერთო სამზარეულო და აბაზანა აქვს. თუ საერთო აბაზანა-ტუალეტით სარგებლობა დისკომფორტს არ გიქმნით, "კოიკას" იაფად იშოვით". ოროთახიანი ბინა ევრორემონტით, ზღვის პირას, ერთჯერადი კვებით, დღეში 150-170 დოლარი ღირს.
ბაკურიანი
ბაკურიანში ზამთარ-ზაფხულ ქირავდება ბინები, ნორმალური ოთახი, სამი საწოლით, ტელევიზორით და სველი წერტილით, კვების გარეშე 40-50 ლარი ღირს, თუ გსურთ დიასახლისმა მოგიმზადოთ სადილ-ვახშამი, მაშინ ფასი მატულობს. კვებით 80 ლარია. ბაკურიანში ძალიან ბევრი სასტუმროა, შესაბამისად, ფასებიც განსხვავებულია. სასტუმროში ორადგილიანი ნომრის ფასი სამჯერადი კვებით 160-180 ლარიდან იწყება.
ბორჯომი
ბორჯომში ბინის დაქირავება, როგორც მთელი სეზონი, ისე დღიურადაც შესაძლებელია. ბინის ფასი დღეში 20-დან 50 ლარამდე მერყეობს. ცხადია, ამ თანხაში კვება არ შედის.
სურამი
სურამში ერთ ოთახის ფასი, სამი საწოლით კვების გარეშე 25-30 ლარია. თუ დიასახლისობისგან დასვენება გსურთ, მაშინ ფასი თქვენი მადის შესაბამისად მოიმატებს. 15-დღიანი დასვენება 350-400 ლარი დაგიჯდებათ.
გრიგოლეთი
სამსაწოლიან ოთახს ღამეში 15-20 ლარად იშოვით.
აბასთუმანი
აბასთუმანში ოროთახიანი, 5-6 საწოლიანი სუფთა ბინის ფასი ტყესთან ახლოს 30 დან 50 ლარამდე მერყეობს. ინფრასტრუქტურა ამ კურორტზე შედარებით მოუწყობელია, შეაბამისად, ეს ფასებზეც აისახება.